ყველა სპორტული სიახლე

12 თვის 12 გამორჩეული მოვლენა

2017 წელი ქართული სპორტისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ქართველმა სპორტსმენებმა ისტორიული შედეგი აჩვენეს და სპორტის სხვადასხვა სახეობაში 885 მედალი მოიპოვეს. მსოფლიო სპორტის ეპიცენტრში იმყოფებოდა საქართველო. ჩვენმა ქვეყანამ გასულ წელს ცამეტ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა.

იანვარი

ტრავმით გამოწვეული 6-თვიანი პაუზის შემდეგ დიდ ჩოგბურთში 35 წლის როჯერ ფედერერი ტრიუმფით დაუბრუნდა. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ფედერერმა პრინციპულ მეტოქეს, რაფაელ ნადალს 5 სეტში 6:4, 3:6, 6:1, 3:6, 6:3 სძლია. შეხვედრ თითქმის 4 საათს გაგრელდა. ეს იყო ფედერერის მე-18 გამარჯვება დიდი სლემის ტურნირებზე.

თებერვალი

თებერვლის თვე წარმატებული გამოდგა ქართველი ჩოგბურთელისთვის. ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და სოფიაში მსოფლიო რეიტინგის მე-8 ჩოგანი, დომენიკ თიმი დაამარცხა. მოგვიანებით, ბასილაშილი მემფისის ღია პირველობის ფინალშიც გავიდა.

მარტი

გასული წლის მარტის მთავარი სპორტული მოვლენა „ბარსელონას“ საოცარი გამარჯვება იყო ჩემპიონთა ლიგაზე. პარიზში, ადგილობრივ პსჟ-სთან 0:4 წაგების შემდეგ კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე 6:1 მოიგეს. მომდევნო ეტაპზე გასვლასთან ერთად „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის ისტორაიში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც მსგავსი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო.

აპრილი

2017 წლის 30 აპრილს გურამ კაშიამ არნემის „ვიტესთან“ ერთად კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად ჰოლანდიის თასის მოგება შეძლო. არნემელებმა ფინალურ შეხვედრაში „ალკმაარს“ 2:0 სძლიეს, კლუბის ქართველმა კაპიტანმა, გურამ კაშიამ კი როტერდამში თასი აღმართა.

მაისი

31 მაისს საქართველოში 20-წლამდელთა შორის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. პრესტიჟული ტურნირი ახალი ზელანდიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ მატჩში ზელანდიელებმა ინგლისს 64:17 მოუგეს.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი დათმო, თუმცა არგენტინასთან გამარჯვების (26:25) წყალობით მე-10 ადგილზე გავიდა და ავტომატურად მომდევნო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ივნისი

ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი გახდა, კალიფორნიელთა ცენტრი კი პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელიც აღნიშნულ ტიტულს დაეუფლა.

მსოფლიოს მთავარი საკალთბურთო ლიგის ფინალურ სერიაში „გოლდენ სტეიტმა“ „კლივლენდი“  4:1 დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში ფაჩულიამ 9 წუთი ითამაშა.

ივლისი

2-15 ივლისს თბილისმა და გორმა ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატს უმასპინძლა. უეფას მორიგი ღონისძიება საქართველოში საკმაოდ წარმატებით ჩატარდა. გიორგი ყიფიანის გუნდმა კი ჯგუფში ერთი შეცვედრა მოიგო, მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა ნახევარფინალის საგზური ვერ მოიპოვა. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ ფინალში კი ინგლისმა პორტუგალიას 2:1 სძლია.

აგვისტო

წარმატებული აღმოჩნდა აგვისტო ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთათვის. საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. ზურაბ იაკობიშვილმა საკუთარი დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლით აღნიშნა, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში კი გენო პეტრიაშვილმა იმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. წლის ბოლოს გენო პეტრიაშვილსა და თურქ ტახა აკგულის ფინალური შეხვედრა მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ საუკეთესოდ აღიარა.

სექტემბერი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისთვის დრამატული გამოდგა ევრობასკეტ 2017. ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფში ორი შევედრა ლიტვისა და ისრაელის ნაკრებებთან მოიგეს, თუმცა ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ევრობასკეტის დასრულების შემდეგ კი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ევრობასკეტ 2017-ის გამარჯვებული საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის გუნდი სლოვენია გახდა.

ოქტომბერი

ერედივიზიონის თვრამეტმა გუნდმა მონაწილეობა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში მიიღო, სადაც კაპიტნებს ლგბტ თემის ფერებში სამკლაური ეკეთათ. მათ შორის იყო „ვიტესის“ ქართველი კაპიტანი გურამ კაშიაც. ჰოლანდიაში გამართულ აქციას ქართველ გულშემატკივართა ნაწილში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. გულშემატკივრების მცირე ნაწილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტნის გუნდიდან გარიცხვასაც მოითხოვდა, თუმცა როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ასევე მოქმედმა თუ ვეტერანმა ფეხბურთელებმა კაშიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ნოემბერი

ნოემბერი ქართული რაგბისთვის კვლავ გამორჩეული იყო. საქართველოს ნაკრები ტესტმატჩში პირველად ისტორიაში უელსის ნაკრებს ესტუმრა და ისტორიულ შედეგამდე ძალიან ცოტა დააკლდა. აღნიშნულ შეხვედრაში ბორჯღალოსნები დამარცხდნენ, თუმცა კვლავ შეძლეს მსოფლიოს ალაპარაკება. მსოფლიო პრესამ ქართველ მორაგბეებს არაერთი სტატია მიუძღვნა და ექვსი ერის გაფართოების საკითხი კიდევ ერთხელ წამოიჭრა. მანამდე კი კანადასთან დიდი ანგარიშით მოგებულ მატჩში სოსო მათიაშვილმა თავგანწირული თამაშით და შესანიშნავი ლელოთი მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

დეკემბერი

28 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მონაწილეობა ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო. ქართველმა ძალსნებმა თორმეტი სესაძლ მედლიდან შვიდი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს. ლაშა ტალახაძემ მორიგი ფენომენალური შედეგი აჩვენა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 220 კილოგრამი დააფიქსირა და მორიგი მსოფლიო რეკორდი მოხსნა. მსოფლიო რეკორდთან ერთად ტალახაძემ სამივე ოქროს სინჯის მედალი მოიპოვა და საქართველოს ჰიმნი აშშ-ში მეორედ აამღერა. ანასტასია გოტფრიდი იყო პირველი ძალოსანი, რომელმაც საქართველოს ქალებს შორის მედალი მოიტანა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.



დეკემბერი გამორჩეული იყო ასევე ძიუდოისტებისთვისაც, რომლებმას სანქტ-პეტერბურგის მასტერსზე შესაძლო ექვსიდან ხუთი მედალი მოიპოვეს. განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა ტურნირის მეორე დღე, სადაც ბექა ღვინიაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა ოქროს მედალები მოიპოვეს და რუსეთში სამჯერ საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს.

ფეხბურთი, საქართველო, სხვადასხვა, კალათბურთი, რაგბი, ჩოგბურთი, ჭიდაობა / ძიუდო, ძალოსნობა, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ