ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს დასანანი მარცხი ლატვიასთან

საქართველოს ნაკრებმა დიდი ბრძოლის შემდეგ 21-24 წააგო ლატვიასთან ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი, რომელშიც უმეტესი დრო ლიდერობდა. შოთა თევზაძემ 15 ბურთი მოიგერია, ექვსიდან მხოლოდ 1 შვიდმეტრიანი გაუშვა, 16 წლის გიორგი ცხოვრებაძემ, რომელიც ამ დონეზე პირველად თამაშობდა, 7 გოლი გაიტანა, ირაკლი ჩიქოვანმა - 6. დასრულებამდე 7 წუთით ადრე 21-20 ვიგებდით, მაგრამ მეტოქემ ბოლო 5 წუთში გარდატეხა თამაში. 

დღესვე თამაშობენ მასპინძელი, ლიტვა და ისრაელი, ხოლო ხვალ ლიტვას ვეთამაშებით კლაიპედის შვიტურიო არენაზე. ჩვენი ორი დარჩენილი მეტოქე ლატვიაზე ძლიერი არაფრით არაა და შანსები დაგვრჩა. მეორე ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის. 

ეს იყო ნაკრების ახალი მწვრთნელის, მაკედონიელი დონ ბოშკოვსკის დებიუტი. გუნდმა დაცვაშიც და შეტევაშიც მწყობრად ითამაშა, მწვრთნელმა კი უნარიანად გამოიყენა თითქმის მთელი რესურსი, ათამაშა 13 ხელბურთელი. ყველამ ბოლო წამამდე იბრძოლა. 

საქართველომ თამაში ასეთი შვიდეულით დაიწყო: თევზაძე, რუსტამოვი, წითელიშვილი, ჩიქოვანი, ცხოვრებაძე, ჭანტურია, მსხვილიძე. მსხვილიძემ უჩვეულო, პივოტის პოზიცია დაიკავა, ხოლო დაცვაში ცხოვრებაძეს ვეტერანი დათუკაშვილი ცვლიდა. ის და მხვილიძე კარგად იდგნენ დაცვის ცენტრში, გუნდი კი მთელი თამაში 6-0 განლაგებას იყენებდა. 

დასაწყისში ლატვიელები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ ჭანტურიამ და ცხოვრებაძემ ორჯერ გაათანაბრეს, 2-2, მეექვსე წუთზე კი ჩიქოვანმა ანგარიში 3-2 გახადა. შემდგომ შოთა თევზაძემ მოიგერია ზედიზედ ორი შვიდმეტრიანი, თუმცა, ანგარიშის გაზრდა ვერ მოვახერხეთ და მეათე წუთზე ისევ ფრე იყო, 3-3, ამის შემდეგ კი კიდევ ორჯერ გავედით წინ ჩიქოვანის შვიდმეტრიანისა და ცხოვრებაძის შორეული დარტყმის შემდეგ, 5-4. ქართველთა ორი და ლატვიელთა ერთი გაძევების შემდეგ წონაწორობა იყო (7-7, 20 წუთი), თუმცა, შემდეგ ლატვიამ ზედიზედ სამჯერ გაიტანა - 10-7. ბოშკვსკიმ აიღო ტაიმაუტი, რის შემდეგაც ჭანტურიამ, ორჯონიკიძემ და ჩიქოვანმა გაათანაბრეს - 10-10. 

ტაიმის დასარული ასეთი იყო: ცხოვრებაძემ კიდევ ერთხელ გაათანაბრა, შემდეგ მხვილიძეს გაატანინა, ზედ ბოლო წამზე კი შოთა თევზაძემ მესამე შვიდმეტრიანიც აიღო - 12-11, ტაიმი საქართველომ მოიგო. ჩიქოვანსა და ცხოვრებაძეს 4-4 გოლი ჰქონდათ, თევზაძეს - 7 მოგერიება. ლატვიელთა 2012 სანტიმეტრიანმა ლიდერმა, სკოპიეს ვარდარის მარჯვენა ინსაიდმა კრიშტოპანსმა მხოლოდ ერთხელ გაიტანა. მის წინააღმდეგ დაცვაში წარმატებით თამაშობდა უახლოესი მცველი, მეტწილად - წითელიშვილი. 

კრიშტოპანსმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაგვითანაბრა, მაგრამ ცხოვრებაძე 9 მეტრიდან შეაგდო, თავიანთი მეოთხე შვიდმეტრიანი კი ლატვიელებმა უკვე ძელს გაარტყეს და წითელიშვილმა 2 ბურთით დაგვაწინაურა, 14-12, თუმცა, ლატვიამ წონაწორობა ისევ აღადგინა: 14-14, 35 წუთი. 

ჩიქოვანს ჯერ თავად გააქვს და შემდეგ საგოლე პასს აწვდის ჭანტურიას - 16-14, აქ კი უკვე კრიშტოპანსს გააქვს ორი გოლი - 16-16, 38-ე წუთი. კიდევ ორჯერ გვაწინაურებენ ცხოვრებაძე და დიხამინჯია, მეტოქის კიდევ 4 დარტყმა იგერიებს თევზაძე და დასრულებამდე 15 წუთით ადრე ჩიქოვანი ისევ აღადგენს ორბურთიან სხვაობას (19-17), თუმცა იქვე ორწუთიანში მიდის, ლატვია კი როგორც იქნა გააქვს მეხუთე შვიდმეტრიანი და 48-ე წუთზე ათანაბრებს - 19-19. 

თევზაძე იგერიებს კიდევ ერთ, მეხუთე შვიდმეტრიანს, თუმცა ბურთი მეტოქეს რჩება და წინ გადის, 19-20. ცხოვრებაძეს გააქვს თავისი მეშვიდე გოლი, საქართველო კიდევ ერთხელ რჩება რიცხვობრივ ნაკლებობაში, მაგრამ ჩვენი მეკარე იგერიებს პირისპირ გასვლას და სწრაფ გარღვევაში უშვებს რუსტამოვს - 21-20, საქართველო იგებს და რჩება 7 წუთი. 

ამის შემდეგ ჩვენს ნაკრებს ჰქონდა შანსი სხვაობა ორამდე გაეზარდა, მაგრამ ცხოვრებაძე, რომელმაც შეუცვლელაად ითამაშა შეტევაში, დაიღალა, რამდენიმე ბურთი დაიკარგა, რუსტამოვის გოლი უკანასკნელი აღმოჩნდა, ხოლო ლატვია საბოლოოდ სირენამდე 4 წუთით ადრე, წითელიშვილის გაძევების შემდეგ დაწინაურდა - 22-21, ბოლო 4 წუთში კი კიდევ ორი გოლი გაგვიტანა - 21-24. 

ხვალ, 20 საათზე ლიტვას ვეთამაშებით. მეტოქეს ტრავმების გამო აკლია რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, მათ შორის, საფრანგეთის მონპელიეს უკანახაზელი, ტრუხანავიჩუსი. 
--
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები (9-27 იანვარი, გერმანიასა და დანიაში) 
ევროპა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
ჯგუფების თითო გამარჯვებული გადის პლეიოფში 
2 ჯგუფი: ლიტვა, ლატვია, ისრაელი, საქართველო
კლაიპედა, შვიტურიო არენა (5500 ადგილი) 
12 იანვარი. ლატვია-საქართველო 24-21 
საქ: თევზაძე - ცხოვრებაძე 7, ჩიქოვანი 6, ჭანტურია 3, ორჯონიკიძე 1, მსხვილიძე 1, წითელიშვილი 1, დიხამინჯია 1, რუსტამოვი 1, დათუკაშვილი, სტურუა, ლაპიაშვილი, აბრამიშვილი (ხანდოლიშვილი, გრიშიკაშვილი) - მწვ. ბოშკოვსკი, კალანდაძე 
მსაჯები: ბოგდან კალუჯეროვიჩი - ივან ვუიაჩიჩი (მნტ)
დელეგატები: კალევ ვენცლი (ესტ), იან რუდინსკი (სლკ)
21:00 ლიტვა-ისრაელი
13 იანვარი. 17:30 ისრაელი-ლატვია, 20:00 საქართველო-ლიტვა
14 იანვარი. 16:30 ისრაელი-საქართველო, 19:00 ლიტვა-ლატვია

სხვადასხვა, ხელბურთი‎

არქივის კალენდარი

2023 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ