ყველა სპორტული სიახლე

სუპერლიგა - ოვერტაიმი "დინამოს" და "ბათუმის" მატჩში

2018 წელს პირველი გამარჯვება მოიპოვა “დინამო თბილისმა”. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე თვეში სუპერლიგის 4 შეხვედრა წააგო და ნავსი დღეს, მეორე წრის ბოლო მატჩში, “ბათუმთან” გატეხა. დინამოელებმა გამარჯვება რთულ ბრძოლაში მოიპოვეს. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებით 5-წუთეულში ახალწვეული ალექსანდრ მიტროვიჩისა და ამერიკელი ლაველ ბოიდის შედეგიანობის წყალობით, თბილისურმა კლუბმა 94:87 გაიმარჯვა.

ამ გუნდებმა 12 იანვარს ბათუმში ითამაშეს და ის მატჩი მასპინლებმა 77:71 მოიგეს. დღევანდელ შეხვედრაში “დინამო” უკეთესად გამოიყურებოდა და პირველი მეოთხედი დამაჯერებლად – 24:7 მოიგო, თუმცა შემდეგ აჭარულმა კლუბმა ლეგიონერების დახმარებით მოახერხა ჩამორჩენების გაბათილება და ბოლო პერიოდში თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნდა. 

ძირითადი დროის ბოლო წუთებზე ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა. დინამოელთა ახალწვეულმა, ალექსანდრ მიტროვიჩმა ბოლო წამზე გამარჯვების სამქულიანი ააცილა და ძირითადი დრო 82:82 დასრულდა. მიტროვიჩმა ოვერტაიმში გამოიჩინა თავი, როცა ჯერ სამი საჯარიმო ჩააგდო, რასაც მომდევნო შეტევაში კიდევ ერთი ზუსტი სროლა მოაყოლა და როცა ლაველ ბოიდმა სამქულიანი ჩააგდო, “დინამომ” გამარჯვება გაინაღდა. 

დინამოელებს 18 ქულით მიტროვიჩმა ულიდერა. 15 ქულა ჰქონდა ლაველ ბოიდს, ხოლო გიორგი არაბიძის ანგარიშზე 14 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. “ბათუმში” 27 ქულით ილია შემოსიუკი გამოირჩა, ხოლო სპენსერ კოლისნმა შეხვედრა 20 ქულით დაასრულა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ირაკლი ხოშტარია – „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:

„სამწუხაროდ, ბევრი რამ ვერ გამოვასწორეთ, თუმცა ეს სპორტია და გამარჯვებების დროს ხშირად ვეუბნებოდი ბიჭებს, რომ შეიძლება დამდგარიყო მომენტი, როცა ძალიან გაგვიჭირდებოდა. ზუსტად ახლა გვჭირდება მობილიზება, სწორი განსჯა, დისციპლინა. რაღაც ნაწილი, მაგალითად, დაცვაში თამაში გამოვასწორეთ, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა გვჭირდება.“

ვლადიმერ ბოსნიაკი – „ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი:

„ყოველთვის ცუდად ვგრძნობ თავს, როცა ვაგებთ, მაგრამ განსაკუთრებით ახლა. დღეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის – ანდრეიევიჩის გარეშე ვითამაშეთ, მას ტრავმა აქვს. ამის გარდა, გვქონდა სამი ტექნიკური ჯარიმა. ამ ყველაფერმა გადაწყვიტა თამაშის ბედი. თუმცა, ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ მომდევნო თამაშებზე.“

დინამო – ბათუმი
სტატისტიკა: 94:87 დ.დ

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ