ყველა სპორტული სიახლე

დიდი 10 - აიამ ლიდერობა დაიბრუნა

ქუთაისის ‘აიამ’ თბილისის ‘აკადემიას’ მეორე ტაიმში სამი უპასუხო ლელო გაუტანა, მეტოქე ბონუსით, 22:9 დაამარცხა და წინა დღით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა.

თბილისელებმა პირველი ტაიმი, განსაკუთრებით მისი სადებიუტო ნაწილი კარგად ჩაატარეს, სწრაფი კონტრშეტევების შემდეგ სამი დასარტყმელი ჯარიმა გამოიმუშავეს და დავით მოძღვრიშვილმა სტუმრები 9:0 დააწინაურა. ეს საწყის 13 წუთში მოხდა, რის შემდეგაც ‘აკადემიამ’ ქულის აღება ვეღარ მოახერხა.

ქუთაისელებმა პირველი ქულები ტაიმის გაწითლებულ დროზე აიღეს, გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმა გაიტანა. მეორე ტაიმში მათ ცვლილებებს მიმართეს, ‘აკადემიას’ დაღლა დაეტყო და 58-ე წუთზე ‘აია’ პირველად დაწინაურდა. გიორგი როხვაძემ თამაში ააჩქარა, სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ გიორგი აბრამიძე მცველებმა წითელ ზოლში შეაჩერეს, მაგრამ როხვაძემ რაქიდან ბურთი აიტაცა, მცველები გაიტყუა და შებრუნებული პასით ლელო ზურაბ ძნელაძეს გაატანინა. ბაბუნაშვილმა გარდასახვით მასპინძლები დააწინაურა.

‘აიამ’ წნეხი გაზარდა, მეტოქის 22-ში დამკვიდრდა და ირაკლი ლუარსაბიშვილი სინბინით დაისაჯა, ერთ წუთში კი მოლი ლელოთი საბა ერემეიშვილმა დაასრულა. ერემეიშვილმა მატჩის მიწურულს მეორე ლელოც მიითვალა, რითაც ქუთაისელებს ბონუსი მოუპოვა, ბაბუნაშვილმა ორიდან ერთი გარდასახა და მატჩი 22:9 დასრულდა.

ამ მოგების შემდეგ ‘აიას’ 43 ქულა გაუხდა და ‘ლოკომოტივს’ ერთი ქულით გადაასწრო.

rugby.ge

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ