ყველა სპორტული სიახლე

დიდი 10 - ლელომ არმიას სძლია

‘ლელო-სარასენსმა’ თბილისურ დერბიში ‘არმიას’ პირველ ტაიმში 5 ლელო გაუტანა და 36:0 დაწინაურდა, მაგრამ 38 წუთის შემდეგ მონაგარს ვეღარაფერი შემატა, თავად სამი ლელო გაუშვა და ბონუს-ქულა დაკარგა.

ლელოელებმა მეტოქის შეცდომებით კარგად ისარგებლეს. ირაკლი ყიასაშვილმა ანგარიში ჯარიმით გახსნა, მალევე ბურთი მეტოქის შერკინებაში მოიპოვა და მერაბ კვირიკაშვილის პასის შემდეგ მიზანს ალექსანდრე თოდუამ უწია. მე-8 წუთზე აკა ტაბუცაძემ გადაცემა ჩაჭრა და 70-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა, ხოლო ტაიმის შუაში მცველები კვირიკაშვილის ცრუმოძრაობას აყვნენ და გამოცდილმა ბორჯღალოსანმა ხაზი მარტივად გაჭრა - 22:0.

23-ე წუთზე ტაბუცაძემ კიდევ ერთხელ ჩაჭრა მეტოქის გადაცემა და დუბლი გაიფორმა, ხოლო 37-ე წუთზე ბექა საღინაძემ რაქიდან შეუტია და თანაგუნდელის დახმარებით ლელოს ხაზი გადალახა. ყიასაშვილის დარტყმები ზუსტი იყო და ‘ლელო-სარასენსი’ 36:0 დაწინაურდა.

თამაში რომ განახლდა ნიკო აფციაურმა ხაზი გაჭრა და ბურთი 5-მეტრიან წყვეტილამდე მიიტანა, შეტევაში მიხეილ მასხარაშვილი ჩაერთო და მისი ლელო შავლეგ მახარაშვილმა გარდასახა.

მეორე ტაიმში ‘არმიამ’ ბურთზე კონტროლი დაამყარა და კიდევ ორი ლელო გაიტანა, რითაც მეტოქეს თითქოსდა განაღდებული ბონუსი ჩამოართვა. 52-ე წუთზე, ახლოში რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ბურთი ფრთაზე ბოლომდე ჩათამაშდა და ნიკა ცირეკიძეს შემჩერებელი აღარავინ იყო. 67-ე და 70-ე წუთებზე ‘ლელო-სარასენსმა’ სინბინით ორი მოთამაშე - ცისკარა ბერიაშვილი და რევაზ დუგლაძე დაკარგა. ‘არმიამ’ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა, ბურთი მეტოქის შერკინებაში, ლელოდან 5 მეტრში მოიპოვა და ის გოდერძი ჭინჭარაულმა დაამიწა. მახარაშვილმა ორივე გარდასახვა გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა, თუმცა მისი გუნდი მაინც სატურნირო ქულის გარეშე დარჩა - 21:36.

rugby.ge

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ