ყველა სპორტული სიახლე

დიდი 10 - ბათუმმა ლიდერების გარეშე მოიგო

‘ბათუმი’ დიდი 10-ის აუტსაიდერ ‘ბაგრატს’ ქუთაისში რამდენიმე ლიდერის გარეშე ეწვია, თუმცა კლასსა და შერკინებაში უპირატესობა სათანადოდ გამოიყენა და 26:10 იმარჯვა. ზღვისპირელებმა 4 ლელო გაიტანეს, მხოლოდ ერთი გაუშვეს და ბონუს-ქულაც მიითვალეს.

მიუხედავად სათამაშო უპირატესობისა, ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, ზვიად ოდიშარიამ ჯარიმა გაიტანა. სტუმრებმა 23-ე წუთზე უპასუხეს, მეტოქეს ბურთი მისსავე შერკინებაში აართვეს და ვანო ფუტკარაძე მცველებმა ვერ შეაჩერეს, ხოლო დურმიშხან ჯაბნიძემ გარდასახვა გაიტანა.

შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, 46-ე წუთზე კი ლაშა ხმალაძემ გაიბრწყინა, მოედნის ცენტრში ხაზი გაჭრა და 22-ში შევიდა, მას გიორგი თხილაიშვილი დაეხმარა, რომელმაც გადაცემა დროულად დააბრუნა და ბორჯღალოსანთა მგეზავმა ლელო გაიტანა. ტაიმის შუაში ‘ბაგრატის’ ბურჯი ნუგზარ ბალანჩივაძე სინბინით დაისაჯა და ცრუ შერკინება დაინიშნა, რის გამოც ‘ბათუმმა’ დერეფნიდან მოლი დააყენა, ის ლელოთი ბექა მამრიკიშვილმა დაასრულა. ვიტალი კირინის გარდასახვა ზუსტი იყო - 19:3.

70-ე წუთზე სტუმრებმა კონტრშეტევისას სწრაფად გაშალეს ბურთი და დავით ტრაპაიძემ მეოთხე ლელო გაიტანა, რომელიც კირინმა გარდასახა. თამაში რომ განახლდა ბათუმელები ბურთის მიღებისას ორჯერ შეცდნენ, ‘ბაგრატმა’ 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია და ოდიშარიამ კარის წინ ხაზი გაჭრა. მანვე გარდასახვა სწრაფად შეასრულა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და სტუმრებმა ბონუსი შეინარჩუნეს.

rugby.ge

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ