ყველა სპორტული სიახლე

მერაბ შარიქაძე: არაფერს დავიშურებთ, რათა გულშემატკივრები გავახაროთ

ბორჯღალოსნები 2018 წლის სანაკრებო სეზონის დაწყებისთვის, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის ემზადებიან, რომელსაც 10 თებერვალს ქუთაისის ‘აია არენა’ უმასპინძლებს. ნაკრების შევარდენზე 4 თებერვალს შეიკრიბება, მანამდე ნაკრების დიდი 10-ის კლუბებში მოთამაშე წევრები, კვირაში რამდენჯერმე იკრიბებიან და მომავალი მატჩებისთვის ემზადებიან.

თბილისშია ბორჯღალოსნების კაპიტანი, ‘ორიაკის’ შუამარბი მერაბ შარიქაძეც, რომელიც ფიქრობს, რომ 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების გზაზე ყოველ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ქუთაისმა კი, ნაკრების მასპინძლობა დაიმსახურა და იქ სანაკრებო თამაშები უფრო ხშირად უნდა იმართებოდეს!

მერაბ შარიქაძე: რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ჯერ ოფიციალური შეკრება არ დაგვიწყია. მორაგბეთა ის ჯგუფი, რომელიც თბილისში იმყოფება, კვირაში რამდენჯერმე შევარდენზე ვარჯიშობს, ხოლო ლეგიონერებს კლუბებში ჯერ კიდევ უწევთ თამაში და ჯერჯერობით ნაკრებზე სრულად არ ვართ გადმორთული.

-ბოლო წლებში საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატის უცვლელი გამარჯვებულები იყო და თასის შესანარჩუნებლად იბრძოდა, წელს კი მიზანი განსხვავებულია - თასის დაბრუნება...

-შარშან ჩვენთვის უჩვეულო რამ მოხდა, ტრადიცია „დავარღვიეთ“ და თასი დავთმეთ. პირადად ჩემს პოზიციას გეტყვით და დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭებიც ასე ფიქრობენ - არავითარ შემთხვევაში აღარ ვაპირებთ იგივე შეცდომების გამეორებას! კბილებ ალესილი ველოდები რუმინეთთან თამაშს, რათა თასები დავიბრუნოთ. მანამდე გრძელი გზაა, თუმცა მთავარი მიზანია ტიტული კუთვნილ ადგილას დავაბრუნოთ.

-რას მოგვცემს რაგბი ევროპაზე თამაში, სადაც მეტოქეებს დონით ბევრად აღვემატებით?

-ჩვენ დაგვემართა ის, რაც უმაღლესი დონის გუნდებს, როგორებიც ინგლისი და ახალი ზელანდიაა, არ ემართებათ. როდესაც მოწინააღმდეგე შენზე სუსტია, მის თამაშს არ უნდა აყვე და სტანდარტი უნდა შეინარჩუნო. ყველამ იცის, რომ ბელგია საქართველოზე სუსტი გუნდია და ეს მოედანზე ყოველთვის ნათლად უნდა ჩანდეს. თამაშში მთავარია ის ხარისხი ვაჩვენოთ, რაც გულშემატკივარს და ჩვენ, მოთამაშეებს გვსურს.

-ბელგიას ქუთაისში ვეთამაშებით, სადაც ნაკრებს 13 წელია არ უთამაშია.

-ქუთაისი ნამდვილად იმსახურებს წელიწადში რამდენიმე სანაკრებო თამაშს. ამ ქალაქს დიდი სარაგბო ისტორია და ტრადიციები აქვს და ქუთაისელი გულშემატკივარი ნაკრების ყოველ წელს ხილვას იმსახურებს. მესმის, რომ იქ იმ მასშტაბის სტადიონი არაა, როგორიც თბილისში, მაგრამ ბელგიასთან, გერმანიასთან და ესპანეთთან, ჩემი აზრით სწორედ ქუთაისში უნდა ვთამაშობდეთ. დარწმუნებული ვარ, 10 თებერვალს სტადიონი გადაჭედილი იქნება და ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება!

-რას ეტყვით ქუთაისელ გულშემატკივარს?

-ძალიან დიდი მადლობა ქუთაისელ გულშემატკივარს რაგბის სიყვარულისა და ერთგულებისთვის, რასაც ამდენი წელია ამტკიცებენ. ვპირდები, რომ არცერთი მოთამაშე, რომელიც მოედანზე იქნება, არცერთი წამით არაფერს დაიშურებს, რათა ისინი გაახაროს!

-მილტონ ჰეიგმა განაცხადა, რომ 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადება სწორედ ახლა იწყება.

-დიახ, უმნიშვნელოვანესი პერიოდი იწყება. ნებისმიერ მეტოქესთან საჭიროა, რომ შენი თამაშის ხარისხი მაღალი იყოს. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რომ არ ვისაუბროთ, ივნისში სერიოზული თამაშები გველის იაპონიასთან და ფიჯისთან, რომელიც ჯგუფში ჩვენი მეტოქეა. აქ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, თუ გვინდა რომ მსოფლიო თასზე წარმატებას მივაღწიოთ. ამ თამაშებმა უნდა მოგვცეს მინიშნებები, რა არის ჩვენი სისუსტეები, სად ვართ ძლიერები და მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან წელიწადი და წელიწადნახევარი, ასეთი დონის ტურნირისთვის სათანადოდ მოსამზადებლად დიდი დრო ნამდვილად არ არის.

rugby.ge

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ