ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მარცხი საფრანგეთთან

მატჩის უკანასკნელ წუთზე, როდესაც ანგარიში 19:19 იყო და უმცროსი ბორჯღალოსნები უტევდნენ, ფრანგებმა ბურთს ფეხი წაკრეს, კონტრშეტევა ლელოთი დაასრულეს და საფინალო სასტვენიც გაისმა - 24:19.

ეს იყო ჩენი გუნდის პირველი მატჩი საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების უახლოეს რეზერვთან, რომელიც დიდთოვლობის გამო ერთი დღით გვიან გაიმართა.

რაგბის სამოთხეში

უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ბაზაზე, ‘მარკუსიზე’ 10-დღიანი შეკრებით 6 თებერვალს ჩავიდნენ. გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი ზურა ამონაშვილი პარიზიდან 30 კილომეტრით დაშორებულ ბაზას „რაგბის სამოთხედ“ მოიხსენიებს, თუმცა საფრანგეთი ქართველ მორაგბეებს დიდთოვლობით დახვდა და ამან გეგმებში კორექტივები შეიტანა:

„საფრანგეთში რომ ჩამოვედით დიდთოვლობა დაგვხვდა და მეორე დღეს მოედანზე ვერ გავედით, მხოლოდ დარბაზში ვივარჯიშეთ. მიუხედავად ამისა, ‘მარკუსის’ ბაზა ნამდვილი „რაგბის სამოთხეა“ და მოსამზადებლად ყველანაირი პირობაა შექმნილი. მომდევნო დღეებში გადახურულ, ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვვარჯიშობდით. ის სიგანეში სტანდარტულ მოედანზე ოდნავ მოკლეა, რის გამოც პირველი თამაშის საწყის წუთებში სივრცეების აღება გაგვიჭირდა, თუმცა გადაწყობა მალევე მოვახერხეთ. ახლა თოვლი აღარაა და ვიმედოვნებთ, შემდეგ ვარჯიშებს ბუნებრივ საფარიანზე მოედანზე ჩავატარებთ“.

უამინდობამ სხვა პრობლემებიც შექმნა. გაცივდა და პირველ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო კოტე მარჯანიშვილმა. გაციების შემდეგ თავს სუსტად გრძნობდა კიდევ რამდენიმე მოთამაშე. ფრანგების წინააღმდეგ პირველ მატჩში არ უთამაშიათ 9 ნომერს თენგიზ პერანიძეს, კვაჭ ლევან პაპიძეს და ლუკა ჯაფარიძეს. ფეხის ტრავმის გამო იძულებით მოუწია დასვენება მგეზავ თედო აბჟანდაძეს.

„თედო ირლანდიიდან ტრავმირებული ჩამოვიდა და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. ექიმების თქმით, ის მეორე მატჩისთვის მზად იქნება. აბჟანდაძე ირლანდიაში თამაშობს, ჩვენთან ერთად ვერ ემზადება და მნიშვნელოვანია, რომ თამაში შეძლოს. მეორე შეხვედრაში ყველა ის მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას, რომელმაც პირველი მატჩი გამოტოვა“ - ამბობს ამონაშვილი.

გამოცდილების მისაღებად

ფრანგებთან გამართულ პირველ შეხვედრაში მწვრთნელებმა თავის გამოჩენის შანსი იმ მორაგბეებს მისცეს, რომლებიც 20-წლამდელთა ნაკრებში შემოდგომიდან დაწინაურდნენ და შარშან 20-წლამდელთა ჩემპიონატში არ უთამაშიათ. ეს იყო მოსამზადებელი მატჩი მეორე თამაშისთვის, რომელიც 16 თებერვალს გაიმართება.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მოვემზადოთ და ახლა ექსპერიმენტებისა და ბიჭების გამოცდის შესაძლებლობა გვაქვს. ფრანგებთან მატჩის პირველ ტაიმში თავის გამოჩენის შანსი იმ მოთამაშეებს მივეცით, რომლებიც ამ ფორმაციის ნაკრებში წელს ამოვიდნენ. სწორედ გამოუცდელობის ფონზე, მატჩის დებიუტში იყო შეცდომები და ლელოები მივიღეთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, მეორე თამაშს ეს ბიჭები ბევრად უფრო კარგად ჩაატარებენ“ - გვიყვება ამონაშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, შესვენებამდე მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს და ორივე გარდასახეს, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში მესამე ლელო მიითვალეს და 19:0 დაწინაურდნენ. მას შემდეგ, რაც სათადარიგოთა სკამიდან თამაშში გუნდის გამოცდილი ლიდერები ჩაერთვნენ, ინიციატივას ქართველი მორაგბეები დაეუფლნენ, გურამ გოგიჩაშვილმა, ლუკა გელაშვილმა და სანდრო სვანიძემ ლელოები გაიტანეს და ანგარიში 19:19 გახდა.

დასკვნითი წუთები უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შეტევებში გაატარეს, მაგრამ გამარჯვების ლელოს ნაცვლად კონტრშეტევა მიიღეს და უკვე გაწითლებულ დროზე მასპინძლებმა გამარჯვება იზეიმეს. ამონაშვილი გუნდის ბრძოლისუნარიანობით კმაყოფილი დარჩა:

„კარგია, რომ ასეთი ჩამორჩენის შემდეგ თამაშის შემობრუნება შევძელით. ეს იმის დასტურია, რომ გუნდს ბრძოლის დიდი უნარი გააჩნია და მენტალურად კარგად ვართ მომზადებული. მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო თავდადებისა და მონდომებისთვის. ამ ფორმაციის ნაკრებით ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ პირველად ვითამაშეთ და დარწმუნებული ვარ, მეორე თამაში ბევრად უკეთესი იქნება.

ფრანგებს ფიზიკურად დიდი, მძიმე ბიჭები ყავდათ და გარკვეულ მომენტებში ორთაბრძოლებიც დავთმეთ. პირველი ტაიმი უმეტესად დაცვაში გავატარეთ, თუმცა შესვენების შემდეგ ინიციატივას დავეუფლეთ და ტაიმი 19:5 მოვიგეთ. ის ლელოც ბოლო წუთზე, მასპინძელთა 22-იდან დაწყებული კონტრშეტევის შედეგად გავიდა, თორემ თავისუფლად შეიძლებოდა გამარჯვება ჩვენ დაგვრჩენოდა“.

მზადება მეორე მატჩისთვის

დღეს ბიჭებს განტვირთვის დღე აქვთ. საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ, ისინი პირველად დატოვებენ ‘მარკუსის’ ბაზას და პარიზს დაათვალიერებენ, მერე კი 16 თებერვლის მატჩისთვის მზადებას შეუდგებიან.

„ხვალ გვექნება განტვირთვის დღე, ასევე ვიდეო-ანალიზი, რომლის საფუძველზე შემდგომ ვარჯიშებს დავგეგმავთ. ვიმედოვნებთ, რომ ყველა მორაგბე მწყობრში იქნება და თამაშს უძლიერესი შემადგენლობით დავიწყებთ. მანამდე ვეცდებით სუსტი წერტილების აღმოფხვრას და მეტოქის უფრო კარგად შესწავლას. რა თქმა უნდა, ჩვენი უმთავრესი მიზანი გამოცდილების მიღება და მსოფლიოსთვის უკეთ მომზადებაა, თუმცა მოედანზე გასულები გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ!“ - ამბობს ზურა ამონაშვილი.

ფრანგულ შეკრებაზე არიან

შერკინება (ფორვარდები)

გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), ლევან პაპიძე (ლელო), თენგიზ ზამთარაძე (ლელო), გიორგი მენაბდე (ბათუმი), გიორგი ხარაიშვილი (ხაშური), ლაშა მაჭარაშვილი (მონ-დე-მარსანი, საფრანგეთი), ლუკა ჯაფარიძე (ლელო), ლუკა გელაშვილი (ჯიქი), თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი), ბექა საღინაძე (ლელო), სანდრო კალმახელიძე (არმია), თენგიზ გიგოლაშვილი (არმაზი), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო), არჩილ აბესაძე (ლელო), რატი ჟორჟოლიანი (ლელო), არსენ მაჩალაძე (აია);

ხაზი (ბექები)

ლუკა დვალიშვილი (არმაზი), ელგუჯა კიკვაძე (ბაგრატი), თენგიზ პერანიძე (ლელო), თედო აბჟანდაძე (ტერენორ კოლეჯი, ირლანდია), რევაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი წიკლაური (ჯიქი), სანდრო სვანიძე (არმაზი), ლევან ნარიმანიძე (ხარები), ოთარ ძაგნიძე (აია), ბექა აბულაშვილი (ლელო), კოტე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), ბექა მამუკაშვილი (ლელო), დურმიშხან ჯაბნიძე (ბათუმი), გიორგი ასათიანი (ლელო). მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი

ფიზ.მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი

მენეჯერი: ოთო იაშვილი

rugby.ge

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ