ყველა სპორტული სიახლე

საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ერთპიროვნულად გალიდერდა

ბორჯღალოსნების ერთ-ერთმა მომავალმა მეტოქემ ესპანეთმა 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ბორჯღალოსნების მეორე მომავალი მეტოქე, რუმინეთი 22:10 დაამარცხა.

ეს იყო 2019 წლის მსოფლიო თასის ევროპის შესარჩევი ზონის „ნაადრევი“ ფინალი. ესპანეთს პირველ წრეში ბუქარესტში 3:13 ჰქონდა წაგებული და თუ ახლა რუმინელების 10-ქულაზე მეტი სხვაობით ძლევას შეძლებდა, იაპონიის საგზურს მიუახლოვდებოდა. თავის მხრივ, რუმინელები მოგებით მდევრებს საგრძნობლად შორდებოდნენ და მსოფლიო თასის „ა“ ჯგუფს ერთ ნაბიჯამდე უახლოვდებოდნენ.

მსოფლიო თასი - ევროპის შესარჩევი ზონა

2015 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებმა ორი თამაში მოიგეს, ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულეს, 12 მოწინავე გუნდს შორის მოხვდნენ და 4 წლით ადრე დაიბევეს 2019 წლის, იაპონიის მსოფლიო თასის საგზური. შედეგად, მსოფლიო თასის ევროპის ზონის არსებულმა შესარჩევმა სისტემამ ცვლილებები განიცადა. ეს ფუნქცია კვლავ დაეკისრა 2017-2018 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატს, ოღონდ ბორჯღალოსნების მატჩების შედეგების გათვალისწინების გარეშე და ორი წლის ჯამში ცალკე დგება 5-გუნდა ცხრილი.

ბორჯღალოსნების წარმატებით ევროპამ ვერ მიიღო ერთი დამატებითი ადგილი და მომავალი მსოფლიო თასის პირდაპირ საგზურს ორი მოწინავეს ნაცვლად მხოლოდ ერთი გუნდი მიიღებს, ხოლო მეორე ფლეი ოფში ჩაერთვება (ძველი სისტემით ორი გუნდი პირდაპირ გადიოდა მსოფლიო თასზე, ხოლო მესამე რეპეშაჟში ერთვებოდა). 

ფლეი ოფში ევროპის მეორე ნაკრები ოკეანეთის ზონის მესამე გუნდთან, სამოასთან, ორმატჩიან დუელს გამართავს და უკეთესი იაპონიის საგზურს მიიღებს, ხოლო დამარცხებული რეპეშაჟში გადაერთვება.

ესპანეთი 22:10 რუმინეთი

2017 და 2018 წლებში გამართული შეხვედრების შედეგად, პირველ-მეორე ადგილებს ესპანეთი და რუმინეთი იკავებდნენ და პირდაპირი საგზუსრისთვისაც ისინი იბრძოდნენ. ურთიერთშეხვედრა დიდი დატვირთვის მატარებელი იყო მადრიდში საკუთარი გუნდის საქომაგოდ 15 ათასი მაყურებელი შეიკრიბა.

ესპანეთმა, რომელმაც ბოლო წლებში სერიოზული პროგრესი განიცადა, ლამაზი, სანახაობრივი თამაში აჩვენა. განსაკუთრებით კარგად გამოიყურებოდნენ ბექები, რომლებიც ხშირად ახერხებდნენ რუმინელთა დაცვის ხაზის გაჭრას და უპირატესობის შექმნას. მაღალ ტემპში დაწყებული მატჩის საწყის 10 წუთში, ორმა ასეთმა გარღვევამ შედეგი გამოიღო და მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს, მაგრამ გარდასახვები ვერ გამოიყენეს. მე-20 წუთამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და ტაიმი 13:3 დასრულდა.

მეორე ტაიმში ესპანელებმა კიდევ 3 ჯარიმა გაიტანეს და 22:3 დაწინაურდნენ. რუმინელებმა 77-ე წუთზე ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა 12 ქულამდე დაიყვანეს და კიდევ ერთი ლელოს გატანის შემთხვევაში ბონუსს მიიღებდნენ, რაც მათ მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის სატურნირო ცხრილში პირველი ადგილის შენარჩუნების შანსს აძლევდა, მაგრამ მასპინძლები არ გატყდნენ და 22:10 იმარჯვეს.

შედეგად, ესპანეთი 6 თამაშიდან 21 ქულით პირველ ადგილზეა, დარჩენილ ორ მატჩში აუტსაიდერებს - გერმანიას (11 მარტს შინ) და ბელგიას (18 მარტს სტუმრად) ეთამაშება და ორივეს მოგების შემთხვევაში, ერთის აუცილებლად ბონუსით, შესარჩევს პირველ ადგილზე დაასრულებს.

რუმინეთს ასევე 6 თამაშიდან 20 ქულა აქვს და თუ ესპანეთმა დარჩენილ ორ თამაშში 9 ქულა აიღო, მას ვერცერთ შემთხვევაში ვეღარ გადაასწრებს, მაგრამ საბრძოლო აქვს მეორე ადგილის შესანარჩუნებლადაც. რუსეთი 15 ქულით მესამეა და 3 მარტს რუმინეთს ბუქარესტში ეთამაშება.

ევროპის პირველი გუნდი იაპონიაში „ა“ ჯგუფში, ირლანდიის, შოტლანდიისა და იაპონიის ნაკრებებთან მოხვდება, ხოლო მეხუთე გუნდი ზაფხულში, სამოასა და ევროპა2-ს შორის გაირკვევა.

ესპანეთი - ბორჯღალოსნების უმთავრესი კონკურენტი

მსოფლიო თასთან მიახლოვების პარალელურად, რუსეთისა (10 თებერვალს კრასნოდარში 20:13) და რუმინელთა ძლევით „ლომები“ 2018 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების მთავარ კონკურენტებადაც იქცნენ.

შედეგებთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ესპანელები ტრადიციულად სწრაფ, ხელდახელ რაგბს თამაშობენ. ერთ დროს ისინი ჩვენთვის უხერხულ მეტოქეებად ითვლებოდნენ და არაერეთხელ ჩაგვაყენეს რთულ სიტუაციაში. ბოლო წლებში ესპანელებმა საფრანგეთის სხვადასხვა დივიზიონებში მოთამაშე ნათესავებთან კავშირი დაამყარეს, მათ ნაკრებში უხმეს და ბოლო დროის წინსვლაც დიდწილად ამის შედეგია.

ორი კონკურენტის დამარცხების შემდეგ, ესპანეთს პირველად ეძლევა შანსი, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგოს და რადგან მსოფლიო თასის შესარჩევში საქმე თითქმის მომთავრებული აქვს, 3 მარტს თბილისს ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაუფლებად ეწვევა. თამაში ‘მიხეილ მესხზე’ 18 საათზე დაიწყება და ბორჯღალოსნებს სხარტი ესპანელების წინააღმდეგ ქომაგის გვერდში დგომა დაჭირდება!

თუმცა ჩენთვის ესპანეთით და რუსეთით (10 მარტი, კრასნოდარი), საქმე არ მთავრდება. 2018 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის, ბოლო, მე-5 ტურში ბორჯღალოსნები დინამო არენაზე რუმინეთს ერკინებიან. გუნდს, რომელთანაც შარშან ფინალი 1 ქულის სხვაობით დავთმეთ და რომელსაც საზიარო ‘ანთიმოზ ივერიელის’ თასი შარშან დავუტოვეთ. ანთიმოზ ივერიელის თასისთვის მატჩი ბორჯღალოსნებსა და რუმინელ მუხებს შორის 18 მარტს 16 საათზე დაიწყება

საქართველო - ესპანეთის (3 მარტი, 18 საათი, მესხის სტადიონი) და საქართველო - რუმინეთის (18 მარტი, 16 საათი, დინამო არენა) მატჩების ბილეთები შეიძინეთ აქ TKT.GE/Rugby 


rugby.ge

რაგბი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ