ყველა სპორტული სიახლე

დიდი 10 - ბათუმის დამაჯერებელი გამარჯვება ლოკომოტივთან

‘ბათუმმა’ ‘რაგბი არენაზე’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ 5 უპასუხო ლელო გაუტანა და 32:0 დაამარცხა.

მასპინძელთა კვაჭმა ბექა მამრიკიშვილმა სტუმრებს პირველ ტაიმში სამი ლელო გაუტანა, ნიკა ნინიძემ და ვანო ფუტკარაძემ თითო-თითოჯერ გამოიჩინეს თავი, ხოლო ბორჯღალოსანთა მგეზავმა ლაშა ხმალაძემ კარში დარტყმებით ‘ბათუმს’ 7 ქულა შესძინა.

ამ წაგებით ‘ლოკომოტივმა’ 11-მატჩიანი გამარჯვებების სერია შეწყვიტა და პირველად დარჩა ბონუს-ქულის გარეშე. რკინიგზელებმა მარცხი საწყის ორ ტურში განიცადეს - ქუთაისში ‘აიასთან’ (17:20) და რუსთავში ‘ხარებთან’ (15:22), თუმცა მცირედი მარცხისთვის ორივეჯერ აიღეს ბონუსი, 2017 წლის 9 სექტემბრის შემდეგ კი, ზედიზედ 11 თამაში მოიგეს.

მაგრამ ‘ბათუმი’, რომელსაც ბექა ურჯუკაშვილი და ბახვა კობახიძე აკლდა მეტოქეს მომზადებული დაუხვდა და პირველ ტაიმში მარცხენა ფლანგზე ოთხი ლელო გაუტანა. თბილისელებმა მეტოქის მასირებულ შეტევებს 12 წუთი გაუძლეს, მერე ვანო ფუტკარაძემ ხაზი კარის წინ გაჭრა და 22-ის სიღრმეში შეაჩერეს, ზურა თუთბერიძემ გრძელი პასით მამრიკიშვილი მოძებნა და ანგარიში გაიხსნა.

მეორე ლელო 25-ე წუთზე გავიდა: ლელოდან 15 მეტრში დერეფნის მოგების შემდეგ მოკლე ფრთაზე დავით ტრაპაიძემ შეუტია, მცველების ყურადღება ცენტრისკენ გადაიტანა და ალამთან მამრიკიშვილი შეუშვა.

37-ე წუთზე ‘ბათუმმა’ თავისი ნახევრიდან დაიწყო შეტევა, გიორგი გოგიტიძის კარგი თამაშის შემდეგ ხაზი ალექსი ტუჩაშვილმა გაჭრა, ბოლო მცველი აიყვანა და ბურთი ნიკა ნინიძეს გაატანა. უკვე გაწითლებულ დროზე მეოთხე ლელო გავიდა. ცენტრში დანიშნული შერკინებიდან ხვიჩა ბუჯიაშვილმა შეუტია და 10 მეტრი გაიარა, კოკი თხილაიშვილმა ხაზი გაჭრა და 22-ში შევიდა, იერიში მარცხენა ფრთაზე გაიშალა და ტრაპაიძეს მიზნამდე სანტიმეტრები დააკლდა, ლელო კი რაქიდან მამრიკიშვილმა დააფიქსირა. ხმალაძემ ბოლო გარდასახვა გამოიყენა და ტაიმი 22:0 დასრულდა.

მეორე ტაიმიც ‘ბათუმის’ შეტევებით დაიწყო, მაგრამ ანგარიში მხოლოდ 61-ე წუთზე შეიცვალა - ხმალაძემ ჯარიმა გაიტანა. მატჩის მიწურულს მასპინძლებმა კიდევ ერთი შედეგიანი შეტევა განახორციელეს, ამჯერად ის ფუტკარაძის ლელოთი დასრულდა და ხმალაძემ გარდასახვით წერტილი დასვა - 32:0.

rugby.ge

ფოტო:© ედნარ კოჩალიძე 

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ