ყველა სპორტული სიახლე

ჭაბუკთა ლიგებში ფორმატის ცვლილებაა

ჭაბუკთა ლიგებმა  ფორმატი იცვალა. ქართულმა სარაგბო თემმა ჭაბუკი მორაგბეების სწავლა-განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით ‘ა’ და ‘ბ’ ლიგების პირველობა შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე გადაიყვანა, რომელიც სექტემბერში დაიწყება. მიმდინარე გაზაფხულზე კი ჭაბუკები დაოსტატებას გარდამავალ ტურნირზე  განაგრძობენ.  

‘ა’ ლიგაში მონაწილეობას 2000/01 წლებში დაბადებული მორაგბეები ღებულობენ. ლიგის 18 ბინადარი გუნდი გეოგრაფიული პრინციპით ‘აღმოსავლეთ’/10 გუნდი/  და  ‘დასავლეთ’/8 გუნდი/ ჯგუფებად დაიყო. გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ და მხოლოდ საცხრილო ქულებს  დააგროვებენ.  გარდამავალ  ტურნირზე  ჩემპიონ-პრიზიორიები არ ვლინდება და შესაბამისად პირველობაზე ნაჩვენები  შედეგი შემოდგომაზე დასაწყებ ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის’ საქართველოს ჩემპიონატის რეიტინგზე გავლენას არ იქონიებს. გარდამავალი ტურნირის დასრულების შემდეგ ჭაბუკი მორაგბეები ძალას საქართველოს ღია ჩემპიონატზე 7-კაცა რაგბში მოსინჯავენ.

გარდამავალი  ტურნირის დებულებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა. სამედიცინო შემოწმება  გუნდებისთვის სავალდებულო გახდა. მოთამაშის ლიცენზიას, პირადობის მოწმობის ასლიც უნდა ერთვოდეს. ‘ა’ ლიგის ბინადარ გუნდებს მხოლოდ ლიგის შესაბამისი სამწვრთნელო ლიცენზიის მქონე სპეციალისტები უთავკაცებენ. თითოეულ გუნდს განაცხადში სულ მცირე 32 მოთამაშე უნდა ჰყავდეს. მატჩის განაცხადში კლუბს 26 მორაგბის შეყვანის უფლება მიეცა, თუმცა მხოლოდ 8 შეცვლის უფლებით. ყვითელი ბარათით დასჯილი მოთამაშე, ტრადიციული 10-ის ნაცვლად, იძულებით 7 წუთს დაისვენებს.

გარდამავალი ტურნირი ‘აღმოსავლეთ’ ჯგუფის გუნდებმა გახსნეს. პირველ შეხვედრაში ‘ლოკომოტივი  ხულიგანას’ გაერთიანებული გუნდი ‘არმაზს’ ავჭალაში დაუპირისპირდა და ბონუსით, 32-14 იმარჯვა. რკინიგზელებმა უპირატესად მეტოქეს შერკინებაში აჯობეს და 5 ლელოს გატანაც მოახერხეს. ‘დუბლით’-ლოკომოტივი ხულიგანას’ ფულბეკი თემურ რუხაძე გამოირჩა. ‘არმაზს’-  დათო კიკნაძე და რატი გეგეშიძე დამრიგებლობენ. ‘ლოკომოტივ ხულიგანას’ კი-  გია  კურატიშვილის, გოშა  შკინინის, ფირუზ  ბერიაშვილისა  და  მამუკა  ტყეშელაშვილის  კვარტეტი  ხელნმძღვანელობს.

 პირველი  ტურის  გამორეული შეხვედრა  მესამე  მასივში  გაიმართა. ‘ა’ ლიგის ჩემპიონმა  ‘ლელომ’  დებიუტანტ  ‘ხვამლს’  უმასპინძლა. ‘ხვამლის’  პრეზიდენტმა   და  მფლობელმა  დავით  ცხვედიანმა   გუნდის გაძღოლა გამოჩენილ  ბორჯღალოსან  რატი  ურუშაძეს და ირაკლი ფერაძის  ანდო,  თავად  კი  სამწვრთნელო  მოღვაწეობას  კვლავ ‘ბ’ ლიგის  ბინადარ  ‘ხვამლის’  სათავეში  განაგრძობს.   ‘ლელოს’ კი ბორჯღალოსანი  ოთარ  ბარკალაია თავკაცობს. ასაკობრივ ნაკრებში მოღვაწე, ‘ლელოს’ მთავარი  მწვრთნელი  მიხეილ  სუჯაშვილი  გუნდს  მხოლოდ  მოცალეობის  ჟამს  შეურთდება.  შეხვედრა,  რომელიც  18  წლამდელთა  ნაკრების  წევრების  გარეშე,  დაძაბულ  ბრძოლაში  ჩატარდა,  ჩემპიონის  გამარჯვებით  17-15  დასრულდა.  მეტოქეებმა  2-2  ლელოს გატანა  მოახერხეს. ‘ლელო’  დაცვაში  უკეთ  ირჯებოდა  და  გადაწყობასაც  დროულად  ახდენდა.  განსაკუთრებული  აღნიშვნის  ღირსია  დიდ  დიღმელთა  ფულბეკ  გიორგი  ჭინჭარაულის  კარგი  თამაში.  მხარეთა  ‘აქილევსის   ქუსლს’  სადებიუტო   მღელვარებითა  და  ტექნიკური  წუნით  გამოწვეული  ბურთის  წინ  ხშირი ვარდნა  და  არაერთი  თერნოვერი   წარმოადგენდა.

‘სამთამ’/იუნკ-ჩოხ-ყოჩები/’ შევარდენზე’  პატარძეულს’  უმასპინძლა და  14 გატანილი  ლელოს  მეოხებით  მეტოქე  78-8  იოლად  დაამარცხა. ‘სამთას’  მარბიელმა  გიორგი  ნოდიამ ‘ჰეთ-თრიკი’  შეასრულა. პატარძეულს  ტურნირის  წინ თელავი შეუამხანაგდა,  თუმცა  სატახტო  ქალაქის  მოთამაშეები  გარე  კახელებს მომავალი  ტურიდან  შეუერთდებიან,  რაც  ლიგის  დებიუტანტის  დამრიგებელ  ზაურ  შაქარაშვილს ოპტიმიზმის  საფუძველს  აძლევს.  ‘სამთას’  თავკაცებს  გიორგი ენუქიძესა  და ტოლიკა/სპირიდონ/ ლიპარტელიანს  პრაქტიკულად  ახალი  გუნდის შექმნა  უხდებათ.  ასაკობრივი  ფაქტორის  გამო, იუნკერი  ჩოხოსნების ‘ვარსკვლავ  ბიჭუნათაგან’ / მიშიკო ალანია; კოტე მარჯანიშვილი; თემიკო ჭიჭინაძე; იოანე იაშაღაშვილი; ნიკუშა ასათიანი; ლუკა კალანდაძე/ გუნდს  მხოლოდ  კაპიტანი, მესამეხაზელი  ირაკლი  მოგელაძე  შემორჩა.

 რუსთავში, ‘ხარებმა’  პირველ  ტაიმში  ‘არმიასთან’  20-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.  დავით  კაკაბაძის  შეგირდები  მეტოქეს  უპირატესად   დერეფანსა  და შერკინებაში  ჯაბნიდნენ. მეორე  ტაიმში  ‘შორომ’  8-ვე  ცვლილება გამოიყენა,  რასაც ჯარის  ‘აფეთქება’  მოჰყვა.  დიმიტრი  კალანდაძისა  და  დავით  დაოშვილის შეგირდებმა  2  გარდასახული  ლელოთი  ანგარიშში  ჩამორჩენა  6  ქულამდე,  26-20 შეამცირეს,  მასპინძლებს  ბონუსი  არ  დაანებეს,  საკუთრივ  კი  ნუგეშიც  გაახერხეს.

ჩამოყალიბების პროცესში მყოფმა ‘ჯიქი  წიქარამ’  გორში  ‘აკადემიას’  უმასპინძლა და  10-35  დამარცხდა.  შიდა  ქართლელთა დამრიგებლები  ზაზა  ბაკურაძე  და გიორგი  წიქორიძე  ძალას  არ იშურებენ, რათა  ქვეყნის  ჩემპიონის  საბაზო  კლუბი  კონკურენტუნარიან   გუნდად  დროულად  აქციონ.  განვლილ  შეხვედრაში  გიორგი მებულიშვილის  შეგირდებმა  4  ლელო  გაიტანეს  და  ტურნირი  5  საცხრილო ქულით  დაიწყეს.  უკეთშეთამაშებული  ‘მხატვრების’  განსაკუთრებით პირველხაზელთა კარგი  თამაშია  აღსანიშნავი.

rugby.ge

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ