ყველა სპორტული სიახლე

დიდი 10 - "ხარებმა" "ბაგრატი" ბონუსით დაამარცხა

რუსთავის ‘ხარებმა’ ქუთაისის ‘ბაგრატს’ ბონუსით, 19:3 სძლია და ექვსეულში პოზიციები გაიმყარა.

ქუთაისელებს დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ერთი მოგება აქვთ და ის სწორედ რუსთაველებთან, პირველ წრეში მოიპოვეს. ამჯერად ‘ხარებმა’ აღარ გარისკა, თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და 10 წუთში ორი ლელო გაიტანა.

მე-2 წუთზე ‘ბაგრატმა’ მოედნის ცენტრში დაკარგა ბურთი, ვაჟა ხუციშვილმა ის მოშიშვლებულ ზურგში გადაკიდა და მას დათო თაბუკაშვილი მიყვა. მე-9 წუთზე მასპინძლებმა მოლი დააყენეს და ლელო ერეკლე მაჭარაშვილმა მიითვალა. გიორგი ნათელაშვილმა მეორე ლელო გარდასახა - 12:0.

ქუთაისელებმა შეძლეს ინიციატივის დაუფლება და რამდენჯერმე გაჭრეს ხაზი, მაგრამ დასკვნით ფაზებში სცოდავდნენ. 30-ე წუთზე ზვიად ოდიშარიამ გასატანი ჯარიმა კარში გაგზავნა და ტაიმი 12:3 დასრულდა.

მეორე ტაიმი ‘ხარების’ შეტევებით დაიწყო. მასპინძლები შერკინებაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ‘ბაგრატს’ ბურჯები დაუშავდა და 48-ე წუთზე ცრუ-შერკინება დაინიშნა. არეულ თამაშში ორივე გუნდი ხშირად ცდებოდა და ანგარიში ერთადერთხელ, 72-ე წუთზე შეიცვალა. მანამდე ოდიშარიას ჩამორჩენის 6 ქულამდე შემცირების შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი ჯარიმა ძელმა აისხლიტა, ხოლო 5 წუთში ‘ხარებმა’ თერნოვერი გაახერხა, თორნიკე აქუბარდიამ ხაზი გაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. ნათელაშვილმა გარდასახა და რუსთაველებმა 19:3 იმარჯვეს.

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე
rugby.ge

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ