ყველა სპორტული სიახლე

დიდი 10 - "არმაზმა" "არმია" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

მარნეულის ‘არმაზმა’ თბილისის ‘არმია’ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და საფლეიოფო ექვსეულში შესვლის შანსს ინარჩუნებს.

‘ავჭალაზე’ გამართული მატჩი კარგი საყურებელი გამოდგა და ქომაგმა 7 ლელო იხილა. ორივე გუნდი ხელდახელ, სწრაფი შეტევებით ცდილობდა მიზნის მიღწევას. არმიელებმა პირველი ტაიმი აქტიურად ჩაატარეს და შავლეგ მახარაშვილს ჯარიმით შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ბურთი ძელებსშუა ვერ გააძვრინა. მერე სტუმრებმა სინბინით დიმიტრი კალანდაძე დაკარგეს, თუმცა 30-ე წუთზე ლელო სწორედ მათ გაიტანეს.

ეს ილია სპანდერაშვილის შეცდომას მოყვა, რომელსაც საკუთარ 22-ში ფეხით გადაკიდებული ბურთი დაუვარდა, ის გოდერძი ჭინჭარაულმა აიტაცა, ორ მბოჭავს სისწრაფეში გასცდა და ძელებსშუა შევიდა. მახარაშვილმა გარდასახა. ‘არმაზმა’ მალევე უპასუხა. 22-ის ხაზთან დერეფნის მოგების შემდეგ გიორგი კვესელაძემ ხაზი გაჭრა და ბოლო მბოჭავი ხელის კვრით მოიშორა, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახა. ტაიმის ბოლოს თბილისელებმა გასატანი პოზიციიდან 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩიეს და არც შემცდარან. ‘არმაზი’ 5-მეტრა შერკინებაში სამჯერ დაჯარიმდა და საჯარიმო ლელოთი დაისაჯა - 14:7 ‘არმიას’ სასარგებლოდ.

დაიწყო მეორე ტაიმი და დერეფნის შემდეგ კვესელაძემ მეორე ლელო გაიტანა. ამჯერად ხაზი ბადრი ლიპარტელიანმა გაჭრა შებოჭილმა კვესელაძეს ოფლოუდი ზედ ლელოს ხაზთან გაუხერხა. მომდევნო 15 წუთში სანდრო სვანიძის ჯერი დადგა და ახლა მან შეასრულა დუბლი. 53-ე წუთზე არმაზელთა ფულბეკი ორ მცველს ფინტებით დაუსხლტა, ხოლო მე-60 წუთზე ის თავისი ნახევრიდან დაიძრა, გზად ოთხ მცველს გაექცა და 60-მეტრიანი ინდივიდუალური გარღვევა ლელოთი დაასრულა. ჯინშველაშვილმა მეორე ლელო გარდასახა - 26:14.

‘არმიამ’ ბოლომდე იბრძოლა, უკვე გაწითლებულ დროზე მახარაშვილმა ლელო გაიტანა, თავადვე გარდასახა და სტუმრებს მცირედი მარცხისთვის ბონუსი მოუტანა, რამაც არმიელებს ‘ბაგრატის’ 6 ქულით გადასწრების საშუალება მისცა.  

ფოტო: ანი რეხვიაშვილი
rugby.ge

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ