
მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის დაჯილდოება თბილისში გაიმართება
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) გადაწყვეტილებით, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის - ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია 2018 წლის 8 მაისს თბილისში გაიმართება. ასევე თბილისში დაჯილდოვდება 2017 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი, მსოფლიოს ჩემპიონი, ესპანელი ლიდია ვალენტინი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში პირველად გაიმართება, აქამდე სპორტის არცერთ სახეობაში საერთაშორისო ფედერაციას, წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში არ ჩაუტარებია.
ასევე პირველად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც 1982 წლიდან ტარდება, გამარჯვება ქართველმა ძალოსანმა მოიპოვა. ლაშა ტალახაძემ გულშემატკივართა გამოკითხვაში, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული 9 804 ხმით დაისაკუთრა.
დაჯილდოების ცერემონიის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილს, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ნოდარ სირბილაშვილს და გენერალურ მდივან რამაზ გურგენიძეს შეხვდა.
მინისტრთან შეხვედრას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაჯილდოების ცერემონიის ტრანსლაციის ორგანიზებას გეგმავს. ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც გააშუქებენ.
მიხეილ გიორგაძე (კულტურისა და სპორტის მინისტრი) : „ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე ჩვენთვის ყველასთვის საამაყო სპორტსმენია. ლაშას სპორტული მიღწევები ნამდვილად უნიკალურია, მას მთელს მსოფლიოში აღიარებენ და დიდი პატივს სცემენ როგორც განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ძალოსანს, რომელსაც წინ კიდევ დიდი გამარჯვებები ელის.
ჩვენთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად სასიხარულოა, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად სწორედ ლაშა ტალახაძე დაასახელა. ახლა კი უკვე მიღებულია გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო ფედერაციის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია, 8 მაისს თბილისში გაიმართება, საქართველოსა და ლაშა ტალახაძის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა.
დღეს, სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ძალოსნობის ფედერაციასთან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად მოსამზადებელ სამუშაოებზე ვისაუბრეთ. მნიშვნელოვანია, რომ 8 მაისს თბილისში გვეწვევიან ძალოსნობის საერთშორისო ფედერაციის ხელმძღვანელები, ასე რომ, ძალოსნობის მოყვარულებს წინ წინ კიდევ ერთი საამაყო და სასიმაოვნო დღე ელით“
კახი კახიაშვილი (საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი) : „ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის წლის საუკეთესო ძალოსნის დაჯილდოების ცერემონიის თბილისში ორგანიზება ქართული ძალოსნობის კიდევ ერთი აღიარებაა. ესაა ერთგვარი პატივისცემა როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის და ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის. საერთაშორისო ფედერაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზება გვანდო, ევროპის ჩემპიონატისა და ასევე და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების ჩატარების შემდეგ. კიდევ ერთხელ მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ხმა მისცა ლაშა ტალახაძეს, რომელიც 2017 წლის მსოფლიოს საუკთესო ძალოსნად დასახელდა. სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩართულობით, შევეცდებით დაჯილდოების ცერემონია მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩავატაროთ. სხვადასხვა საორგანოზაციო დეტალები და ცერემონიის გამრთვის ადგილმდებარობა უახლოეს პერიოდში დაზუსტდება.“
თიკო ბერძენიშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე) : „პირველ რიგში მსურს ხაზი გავუსვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სპორტის და ზოგადად ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის აქტიური მხარდამჭერია. მსგავსი მასშტაბის ღონისძიებების პირდაპირი ეთერით დაგაცემა ჩვენთის ძალზე მნიშვნელოვანია, თითქმის ყველა დიდ სპორტულ ღონისძიბას საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად სთავაზობს მის მაყურებელს და ჩვენი მაყურებელიც შეჩვეულია ასეთ სიურპრიზებს, რომელიც მაისში გველოდება. ლაშა ტალახაძე ჩვენი ქვეყნის ნამდვილი გმირია და დარწმუნებული ვარ, მაისში ყველას ერთად კიდევ ერთი დიდი საზეიმო დღე გველოდება.“
სამინისტროს პრესსამსახური