ყველა სპორტული სიახლე

თამაზ მჭედლიძე: "ჰიმნზე დადგომა მომენატრა"

24 წლის ბორჯღალოსანი თამაზ მჭედლიძე ოპტიმალურ ფორმაში შედის და ‘აჟენის’ სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება. ის იმედოვნებს, რომ სულ მალე ნაკრებშიც დაბრუნდება და ჰიმნზე დადგება!

სეზონის სტარტი ჩაუვარდა

@ Agen Rugby

მჭედლიძემ გასული ორი სეზონი კლუბსა და ნაკრებში მაღალ დონეზე ჩაატარა. 2015/16 წლების ტოპ 14-ში მან 16 მატჩში 6, ხოლო 2016/17 წლების პრო დე2-ის 21 შეხვედრაში 7 ლელო გაიტანა და გუნდს ელიტაში დაბრუნებაში დაეხმარა.

მაგრამ მიმდინარე სეზონის დებიუტში პრობლემებმა იჩინა თავი და თაზომ კლუბის სასტარტოში ადგილი დაკარგა:

„სეზონის დასაწყისში ზედიზედ ორი თამაში ჩავაგდე, რის გამოც ძირითადში ადგილი დავკარგე. ამას ფეხის კუნთის ტრავმაც დაერთო და რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მომიწია. ახლა ყველაფერი რიგზეა, ყოველდღიურად ვვარჯიშობ და კუთვნილ ადგილს ვიბრუნებ. ორი თამაში შეცვლაზე ვითამაშე, ერთი კვირის წინ სასტარტოში ვიყავი და ‘ტულონთანაც’“.

საყვარელი პოზიცია

@ Agen Rugby

მჭედლიძემ კლუბსა და ნაკრებში თამაში გარემარბად დაიწყო, თუმცა მერე შუამარბად მოგვევლინა და გასული სეზონი თითქმის სრულად ამ პოზიციაზე ჩაატარა. მიმდინარე სეზონში, კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, თაზომ პოზიცია ერთხელაც შეიცვალა და შერკინების მესამე ხაზში ითამაშა.

„ორჯერ მომიწია შერკინების მესამე ხაზში თამაში. ამ პოზიციის მოთამაშეები ტრავმირებული გვყავდა, მწვრთნელმა დამიძახა და მითხრა - დიდი ბიჭი ხარ, ფიზიკურად ძლიერი და თუ შეგიძლია მესამე ხაზში დადგომაო. დიდი ხნის უთამაშებელი ვიყავი და დავთანხმდი, მით უმეტეს მაშინვე შევთანხმდით, რომ ღია თამაშში ჩემ თამაშს ვითამაშებდი. შერკინებაში ნორმალურად ვაწვებოდი, აუტში მე კომბინაციას არავინ მიცხადებდა და სიმართლე გითხრათ, პოზიციის შეცვლა არ გამჭირვებია“ - ამბობს მჭედლიძე, რომელმაც ‘მონპელიესლთან’ გარემარბად ითამაშა, ხოლო ამ შაბათს ‘ტულონთან’ ცენტრში იდგა:

„მონპელიესთან მწვრთნელმა ფრთაზე დამაყენა, რასაც ორი მიზეზი ქონდა. წინა ორ შეხვედრაში ფიზიკური კონტაქტი მრავლად მომიწია და მეორე, ვფიქრობდით, რომ მონპელიე ფრთაზე ნადოლოს დააყენებდა და მე ის უნდა შემეჩერებინა. საბოლოოდ ნადოლოს არ უთამაშია, თუმცა არანაკლებ ძლიერი ნაგუსას წინააღმდეგ მომიწია თამაში. ახლა, როდესაც ოპტიმალურ ფორმას ვუბრუნდები, მწვრთნელმა ჩემს საყვარელ პოზიციაზე, ცენტრში გადამიყვანა“.  

ხელით მეტს ვთამაშობთ 

@ Agen Rugby

მჭედლიძის ანგარიშზე 46 სანაკრებო კეპი და 6 ლელოა, თუმცა მიმდინარე სეზონის სტარტზე საუკეთესო ფორმაში რომ არ იყო, შემოდგომის ტესტების და წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის თამაშების გამოტოვება მოუწია.

„ჩემთვის, და ალბათ ჩემს მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი მოთამაშისთვის, ძალიან ძნელია ნაკრების თამაშებს მაყურებლის თვალით უყურო. სასიხარულოა, რომ შემოდგომაზე უელსთან ასეთი კარგი შედეგი ვაჩვენეთ. ამ დღეს მეც თამაში მქონდა, გასახდელში ვიყავი და ცალი თვალით ტელეფონში ვიყურებოდი და ჟგუტით მხრებს ვახურებდი.

რაც შეეხება რაგბი ევროპის ჩემპიონატს, პირველი ორი თამაში ისეთი სხვაობებით მოვიგეთ, არა მგონია ვინმე უკმაყოფილო დარჩეს. განვლილ თამაშებში იყო პატარა ხარვეზები, მაგრამ ეს გამოსწორებადია და დარწმუნებული ვარ გამოსწორდება. კარგია და მომეწონა, რომ წინა წლებთან შედარებით ხელით მეტს ვთამაშობთ“ - ამბობს მჭედლიძე და ბორჯღალოსნებს მომავალ შეხვედრებში მე-16 მოთამაშის რანგში თანადგომას პირდება:

„მინდა ჩვენს ბიჭებს წარმატება ვუსურვო რუმინეთთან. სამწუხაროდ, მათ გვერდით ვერ ვიქნები, მაგრამ ისე, როგორც მე-16 მოთამაშე, მათ მხარს საფრანგეთიდნ დავუჭერ“.

თაზო იმედოვნებს, რომ ოპტიმალურ ფორმაში შესვლასთან ერთად, ის ბორჯღალოსნებშიც მალე დაბრუნდება:

„ერთი სული მაქვს როდის მომიწევს ნაკრების კვართის მორგება, ჰიმნზე დადგომა და თამაში. იმედია, ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება“.

rugby.ge

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ