ყველა სპორტული სიახლე

ზედიზედ მეოთხედ საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში პორტუგალიას 5 ლელო გაუტანეს, 25:0 დაამარცხეს და 31 მარტს ფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშებენ.

დავით ჩავლეიშვილის შეგირდები 2015 წლიდან ზედიზედ მეოთხედ არიან ფინალში, სადაც მათ ტრადიციული მეტოქე, საფრანგეთი ელოდებათ, რომელმაც პოლონეთში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში ესპანეთს 38:7 მოუგეს.

ქართველმა მორაგბეებმა თამაში თავიდანვე აგრესიულად დაიწყეს, მეტოქე წნეხის ქვეშ მოაქციეს და მათ 22-ში შერკინების უფლება მოიპოვეს. იქიდან გიგი ლეშკაშელმა შეუტია, მიხეილ ალანიას გავლით ბურთი ზურაბ ქავთარაძეს მიუვიდა და მანაც ლელოთი ანგარიში გახსნა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

ამის შემდეგ ბურთზე კონტროლი პორტუგალიამ დაამყარა და ჯარიმით სხვაობის შემცირებაც შეეძლო, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ინიციატივას დავეუფლეთ, მორკინალებმა ყველა ჯერზე უპირატესობის ხაზი გადალახეს და თითქოს ლელოც გავიდა, თუმცა რეფერიმ განმეორებით მოძრაობაში დაგვადანაშაულა.

26-ე წუთზე მეორე ლელო მაინც გავიდა. 5-მეტრა დერეფანის შემდეგ მოლი დადგა, მოკლე ფრთა დაუცველი დარჩა, იქ მიხეილ ალანიამ შეუტია და ანგარიში 10:0 გახადა. მიუხედავად ორივე გუნდის მცდელობისა, ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

მეორე ტაიმის მე-5 წუთზე გიორგი მარგალიტაძემ ხაზი გაჭრა, რამდენიმე მბოჭავი აირიდა და ლელომდე სულ ცოტა დააკლდა. ეს ცოტა მორკინალებმა დაფარეს, მაგრამ რეფერიმ დამიწება ვერ დააფიქსირა. სამაგიეროდ, 5-მეტრა შერკინების შემდეგ შეტევის მიმართულება სწრაფად შეიცვალა, მცველებმა გადაწყობა ვეღარ მოასწრეს და ქავთარაძემ მეორე ლელო გაიტანა. ლაშა ლომიძეს ქარმა გარდასახვაში ხელი ამჯერადაც შეუშალა.

ტაიმის შუაში ქართველების სრულმა უპირატესობამ ძალისმიერ თამაშში შედეგი გამოიღო და მეოთხე ლელო შეცვლაზე შესულმა ირაკლი მჭედლიძემ მიითვალა. ხუთიოდე წუთში ჩვენმა მოლმა 5 მეტრი იარა, ვანო კარკაძემ ლელო გაიტანა და უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 25:0 იმარჯვეს.

ფინალური შეხვედრა 31 მარტს, საქართველოს დროით 17:50 საათზე დაიწყება.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

თასის ნახევარფინალი. 28 მარტი

საფრანგეთი - ესპანეთი 38:7

საქართველო - პორტუგალია 25:0

საქართველო: 15. თეიმურაზ ჭიჭინაძე, 14. ზურაბ ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. ნიკა ცინცაძე, 9. მიხეილ ალანია; 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. საბა კურატიშვილი, 3. ლუკა ჭელიძე, 4. ტარიელ გვიმრაძე, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. ბექა ყორიაული, 7. იოანე იაშაღაშვილი, 8. გიგი ლეშკაშელი.

მარქაფა: 16. ირაკლი მჭედლიძე, 17. ვანო კარკაძე, 18. ხვიჩა ცოფურაშვილი, 19. ლუკა მაჭარაშვილი, 20. ნიკოლოზ ღამბაშიძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი თევდორაძე, 23. ირაკლი სიმსივე, 24. გიორგი მიქანაძე, 25. ბართლომე კალაძე, 26. საბა კურტანიძე.

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

ფინალები. 31 მარტი

საფრანგეთი - საქართველო (17:50)

rugby.ge

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ