ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს 3X3 კალათბურთის ვაჟთა გუნდმა ახალგზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

საქართველოს 3X3  კალათბურთის ვაჟთა გუნდმა ზაფხულის მე-3 ახალგზრდული ოლიმპიური თამაშების საგზური აიღო და წლეულს, ოქტომბერში  ბუენოს აირესში იასპარეზებს.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ამის თაობაზე დღეს მიიღო ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) 3X3  კალათბურთის მიმართულების მენეჯერი რობერტ რიბლინგერი: გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ, კერძოდ 3 X 3 კალათბურთის  18-წლამდელ ვაჟთა გუნდმა  წარმატებით გაიარა კვალიფიკაცია და მოიპოვა ლიცენზია ბუენოს აირესში (არგენტინა) 2018 წლის ზაფხულის მე-3  ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში საასპარეზოდ.”

საქართველოს წარმომადგენლებს სპორტის  გუნდურ სათამაშო სახეობაში  ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია აქამდე არასოდეს მოუპოვებიათ.

„ძალიან კარგია, რომ ბუენოს აირესში, გარდა სპორტის ინდივიდუალური სახეობების წარმომადგენლებისა, კალათბურთელთა გუნდიც გვეყოლება. მინდა ეს წარმატება მივულოცო ჩვენი ნაკრების წევრებს, მათს მწვრთნელებს, კალათბურთის ფედერაციას,”– განაცხადა  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური  კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

დღესვე  ლერი ხაბელოვი შეხვდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს პაატა გურასპაულს და 3X3  კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს გიგა გურგენიძეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

ლერი ხაბელოვმა კმაყოფილება გამოთქვა სათამაშო სახეობაში ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებასთან დაკავშირებით. “ოლიმპიური კომიტეტი, ბუნებრივია, აქტიურად ჩაერთვება ლიცენზიანტი გუნდის საოლიმპიადო სამზადისში და დარჩენილ დროში ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენმა კალათბურთელებმა უკვე უშუალოდ ოლიმპიურ თამაშებზე მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენონ,”  – აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.

შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა საორგანიზაციო და ტექნიკური  საკითხები.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ