ყველა სპორტული სიახლე

7-კაცა | ორი ვარიანტი

ჩვენმა 7-კაცამ, რომელიც მსოფლიო რაგბის 7-კაცა სერიის ჰონკონგის შესარჩევ ეტაპს 5-წლიანი შესვენების (2013 წლიდან) შემდეგ დაუბრუნდა, პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით დათმო - 10:26.

ორივე თამაშში გავიტანეთ ორ-ორი ლელო, თუმცა თავად მივიღეთ 4-4. სადებიუტო შეხვედრა შარშან სერიიდან დაქვეითებულ იაპონიასთან გვქონდა. 4-წუთიანი ბრძოლის შემდეგ, მეტოქემ ანგარიში გახსნა და 3-წუთიან მონაკვეთში კიდევ ორი გაიტანა, თანაც ყველა გარდასახა - 0:21.

უკვე გაწითლებულ დროზე შეტევა ჩვენი ლელოდან წამოვიწყეთ და 3-წუთიანი იერიში ლელოთი ნიკო აფციაურმა დაასრულა. მეორე ტაიმის შუაში თავდადებული დაცვით აზიელთა სახიფათო იერიში მოვიგერიეთ, ჩვენს 22-თან ბურთი აფციაურმა აიტაცა და ლელომდე 80 მეტრი ირბინა. სამწუხაროდ ეს გარდასახვაც არაზუსტი იყო, იაპონიამ ბოლო შეტევა ლელოთი დაასრულა და 26:10 იმარჯვა.

მეორე მატჩი ჩილეს მძლეველ უგანდასთან გვქონდა (14:10) და თამაში აქაც კარგად დავიწყეთ. აგრესიული დაცვით მეტოქეს მეტრიც არ მოვაგებინეთ, მაგრამ შეტევაში ვერც ჩვენ ვივარგეთ და ტაიმის ბოლოს სწრაფი შეტევებით ორი ლელო მივიღეთ - 0:12.

თამაში რომ განახლდა ილია სპანდერაშვილი ორ მბოჭავს გაექცა და ერთი ლელო გაქვითა. გარდასახვა არაზუსტი იყო. თამაში რომ განახლდა ბურთი ავიღეთ და ვუტევდით, მაგრამ მსაჯმა დაგვაჯარიმა, თანაც არასპორტული საქციელისთვის გიორგი კვესელაძეც გაგვისინბინა. მეტოქემ მეტობა ორ ლელოში ასახა და მატჩის მიწურულს კვესელაძის გატანილმა ლელომ, პირველი მატჩის მსგავსი შედეგი დააფიქსირა - 10:26.

მეორე მატჩში ჩილემ იაპონიას მოულოდნელად 19:10 სძლია. ხვალ გამთენიისას, საქართველოს დროით 05.44 საათზე, ჩილეს ვეთამაშებით და თუ მეტოქე ვძლიეთ ნებისმიერი სხვაობით, ხოლო იაპონიამ მოუგო უგანდას (ანაც ფრე გაუხერხა) და "ზ" ჯგუფში ქუქეთმა აჯობა იამაიკას, მეოთხედფინალში მერვე ნომრად შევალთ ჩილესთან უკეთესი პირისპირ ბალანსით

არის მეორე, უფრო რთული ვარიანტიც: თუ (მინიმუმ) 19-ით ვაჯობებთ ჩილეს, უგანდა კი ჩვენი თამაშის შემდეგ (მინიმუმ) 7 ქულით დაამარცხებს იაპონიას -- სამი გუნდი ქულას ტოლად დააგროვებს, ჯგუფში უკეთესი სხვაობით მეორე ადგილს დავიკავებთ და მეოთხედფინალში, უცუდეს შემთხვევაში, მეექვსე ნომერი ვიქნებით

ესოდენ რთული სატურნირო ბუღალტერიის პირველ-მიზეზი ისაა, რომ საერთაშორისო შვიდკაცაში -- ორგანიზატორისათვის საქმის გასამარტივებლად და დასაჩქარებლად -- ერთი წესი მოქმედებს, როცა ქულას ტოლად ორი გუნდი აგროვებს, და სხვა -- როცა სამი ან მეტი

rugby.ge

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ