ყველა სპორტული სიახლე

პირველი ლიგა | ელიტაში მოსახვედრად ‘ყოჩები’ და ‘არმია’ იბრძოლებენ

პირველი ლიგის დასკვნით 14-ე ტურში, ქუთაისის ‘არესი’  ოზურგეთში ‘არწივებს’ ესტუმრა და მატჩი სასურველი პრემიის თანხლებით მოიგო - 31:15. სერგო ფრუიძის გუნდმა გურულებს 5 ლელო გაუტანა, საკუთრივ კი მხოლოდ 2 მიიღო. რიონისპირელთა რიგებში მარჯვენა ბურჯი ბაკურ ბურჯალიანი ‘დუბლით’ გამოირჩა. 

ფავორიტმა უპირატესობა  ხელდახელ თამაშში მოიპოვა და თან მასპინძლებს სისწრაფეშიც აჯობა. მართალია, ‘არესმა’ დიდი  10-ის  საგზურისთვის ბრძოლის გაგრძელება ვერ მოახერხა, თუმცა სამოყვარულო  გუნდის კვალობაზე ჩინებული  შთაბეჭდილება  დატოვა.  ახალგაზრდა, ენერგიული პრეზიდენტის გიორგი ჩიხლაძის გუნდს სეზონის მანძილზე ბრძოლის ჟინი, ერთსულოვნება, თავდადება და არც ქომაგი დაჰკლებია. ‘არესს’, სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში დიდ 10-ში თამაშის ყველა წინაპირობა გააჩნია.

ქვეყნის 3-გზის ჩემპიონმა ‘ყოჩებმა’ კი ‘ივერიასთან’ დაგეგმილი პრემია ბოლო 10 წუთში აიღო. ფავორიტს მატჩის დასაწყისში გუნდის ლიდერი, ექს-ბორჯღალოსანი თემურ  სოხაძე  დაუშავდა. ‘ყოჩთა’ ვეტერანმა მგეზავმა საზარდულის ტრავმა მიიღო, რომლის ხარისხი უახლოესს დღეებში გახდება ცნობილი. ‘ყოჩებმა’ შემადგენლობის გადაწყობას ლამის ტაიმ-ნახევარი მოანდომეს. აკაკი ცინცაძე დიდი უსიამოვნებისგან გამოჩენილი მორაგბეების შვილებმა იხსნეს. გადამწყვეტი ლელოები მხტომელ ნიკა თეზელაშვილისა და ფულბეკ ირაკლი გეგენავას ანგარიშსზეა. საბოლოოდ მატჩი ‘ყოჩებმა’ 31:5  მოიგო, სატურნირო ცხრილში ‘არესს’ სულ 1 ქულით გაუსწრო, მეორე ადგილი დაიკავა და დიდ 10-ში ასვლაზე, 2-მატჩიან დუელში, ელიტაში ბოლოსწინა ადგილზე გასულ ‘არმიას’ დაუპირისპირდება.

‘იუნკერებმა’ ტურნირის გამარჯვებულ პატარძეულის ‘ვეფხვებთან’ გამარჯვება ნაადრევად ირწმუნეს. შესუსტებული შემადგენლობით მოსტუმრე დიდი 10-ის საგზურის მფლობელს, გიორგი ზაბახიძისა და გიორგი ნოზაძის შეგირდები სწრაფ, ტემპიან თამაშში სტატიკაშიც ჯაბნიდნენ, დერეფანშიც უკეთ ირჯებოდნენ და შეხვედრის შუაწელს  ანგარიშში სოლიდურ უპირატესობასაც ფლობდნენ 28:7. გარე კახელები მარცხისაგან მასპინძელთა თავდაჯერებულობამ და ხაზში საიმედო თამაშმა იხსნა. ‘ვეფხვების’ მგეზავ გიორგი კოტორაშვილის ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა - 28:28. აღსანიშნავია, რომ ‘იუნკერთა’ ფულბეკ რეზი ხარაზიშვილს მსაჯის მიერ წამატებულ წუთებზე მახვილი კუთხიდან ჯარიმა გაუცუდდა. 

პირველ  ლიგას  გამოთხოვებულმა ‘ხულიგანამ’  კარი  გაიჯახუნა  და  წლეულს პირველი  გამარჯვებაც  მოიპოვა.  მართალია,  აუტსაიდერთან  დაპირისპირებაში ‘დინამო’  ტაიმ-ნახევარი  დომინირებდა  და  8-ქულიან  უპირატესობასაც  ფლობდა, თუმცა,  მამუკა  ტყეშელაშვილისა  და  გოშა შკინინის  შეგირდებმა  მატჩის  მიწურულს, ვანო  ბიჩინაშვილისა  და  გიორგი  ხუციშვილის  გატანილი  ლელოების  წყალობით  26:20  იმარჯვეს  და  ქომაგს  გაისად  ლიგაში  დაბრუნებაც  აღუთქვეს.

პირველი ლიგის საგზურისთვის

პირველი ლიგის საგზურის მოსაპოვებლად რეგიონთა შორის პლეი ოფის პირველი შეხვედრები გაიმართა. ლეგენდარული  ქართველი მორაგბის ზურა  ხარშილაძის დამოძღვრილი ‘ჭიათურა’ ზემო იმერეთში „თელავს’ დაუხვდა და წყვილში ფავორიტად მიჩნეული კახელები დამაჯერებლად 31:16 დაამარცხა. იმერლებმა მეტოქეს  შერკინებასა და რაქში აჯობეს, ორით მეტი ლელო გაუტანეს და პლეი ოფის ფინალში გასასვლელად სერიოზული განაცხადიც გააკეთეს. საბჭოური ეპოქის კაშკაშა ვარსკვლავი ზურა ხარშილაძე გუნდს 9 თვეა დამრიგებლობს. უბერებელმა ‘ვობლამ’, თავის თანაშემწე, მოთამაშე-მწვრთნელ ნიკოლოზ მაჭარაშვილთან ერთად აქცენტი  ადგილობრივ მორაგბეებზე გააკეთა და უმოკლესს დროში სერიოზული, ანგარიშგასაწევი სარაგბო კოლექტივიც შექმნა. განვლილ შეხვედრაში ჭიათურელთა მარბიელმა თემურ შეყილაძემ ‘დუბლი’ შეასრულა.

პლეი ოფის მთავარ ფავორიტ ‘ტაოს’ კი წარმატების მისაღწევად დიდი ჯაფა დაადგა. გამართული ინფრასტრუქტურის მქონე სამცხე-ჯავახეთის ამბიციურმა კლუბმა ავჭალაში, სამოყვარულო გუნდის ‘დევების’ წინააღმდეგობა მატჩის მიწურულს გატეხა. ‘დევების’ კვაჭ ნიკოლოზ მეტრეველის დადებულ ლელოს ‘ტაოს’ ჰავბეკ გიორგი ბოხუას გატანილი ჯარიმა მოჰყვა. მატჩის ბედი კი სამცხელთა ფრთის მოთამაშე შალვა თეთრაულის ლელომ გადაწყვიტა 10:14. აღსანიშნავია, რომ ‘ტაოს’ სათავეში ბორჯღალოსანთა ექს-დამრიგებელი, კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტი მალხაზ ჭეიშვილი უდგას.

2006 წელს შექმნილი რაგბის მოყვარულთა კლუბ ‘დევების’ ძირითად ამოცანას, ოვალის მოყვარულთათვის ეროვნული სულისკვეთების ამაღლება და რაგბის რაინდული  თვისებების შენარჩუნება წარმოადგენს. ‘დევები’, თავიანთ დამრიგებელ ზუკა შენგელიას თაოსნობით საწადელის მისაღწევად, პირადი ხარჯის გაღებასაც არ ერიდებიან და კეთილ საქმეთა ქმნის სურვილით აღვსილნი, მომავალს საზოგადოების აქტიური მხარდაჭერის იმედით შეჰყურებენ.

rugby.ge

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ