ყველა სპორტული სიახლე

ქართველი მორაგბეების ორი გუნდი ტოპ 14-სთვის იბრძოლებს

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ში რეგულარული გათამაშება დასრულდა. დასკვნით ტურს ერთადერთი მისია ჰქონდა - ტოპ 14-ში ასასვლელ ფლეი ოფში გუნდების დაწყვილება.

ელიტა1-ის საგზურისთვის ქართველი ლეგიონერების ორი გუნდი იბრძოლებს და ორივე პირველი ეტაპიდან.

ბექა გიგაშვილის ‘გრენობლმა’ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა და ფლეი ოფის პირველ ეტაპზე ‘ბიარიცს’ ეთამაშება. ქართველმა ბურჯმა, რომელმაც პრო დე2-ში პირველი სეზონი გაატარა, 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა. დასკვნით ტურში მისმა გუნდმა სტუმრად ‘ანგულემი’ 19:10 დაამარცხა. მასპინძელთა შორის პირველიდან 64-ე წუთამდე ითამაშა მეორეხაზელმა შალვა სუთიაშვილმა.

84 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა და ‘ბეზიეს’ ეთამაშება ბექა გორგაძის ‘მონ-დე-მარსანი’. ბექას ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა. დასკვნით ტურში მისი გუნდი ‘ორიაკთან’ სტუმრად 26:31 დამარცხდა.

პრო დე2-ის რეგულარული გათამაშება ‘პერპინიანმა’ მოიგო, რომელმაც დასკვნით ტურში ‘კარკასონს’ 73:7 მოუგო. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო მირიან ბურდული და ის 49-ე წუთზე გიორგი ნაცარაშვილმა შეცვალა. ‘პერპინიანი’ ფლეი ოფში ნახევარფინალიდან ჩაერთვება.

ამავე უპირატესობით ისარგებლებს ‘მონტობანი’, რომელიც დასკვნით ტურში ‘ბიარიცთან’ 31:58 დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა.

ილია კაიკაციშვილის ‘მასი’ ‘კოლომიეს’ ეწვია და 24:49 დამარცხდა. ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე 48-ე წუთიდან ითამაშა.

ფედერალ1-ში დაქვეითდნენ ბექა ბიწაძის (რომელსაც ბოლო 3 თვეა ტრავმის გამო არ უთამაშია) ‘ნარბონი’ და ელიზბარ ყუფარაძის ‘დაქსი’.

ასიანი ჟვანია

ტოპ 14-ის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, საფლეიოფო ექვსეულში მოსახვედრად 8 გუნდი იბრძვის და რა თქმა უნდა, მათ შორის ქართველი ლეგიონერების კლუბები ლიდერობენ. 24-ე ტურში მოედანზე 10 ჩვენებური გავიდა და მათმა ნახევარმა გამარჯვება იზეიმა.

ცენტრალურ მატჩში ‘ტულონმა’ ლიდერი ‘მონპელიე’ 32:17 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე ითამაშეს ლევან ჩილაჩავამ (55-ე წუთიდან) და მამუკა გორგოძემ (59), ხოლო დუდუ ქუბრიაშვილი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. მე-11 წუთზე მან ტრინ-დუკზე უხეში ბოჭვა შეასრულა და სინბინით დაისაჯა. ამ შედეგის მიუხედავად, ‘მონპელიე’ 76 ქულით პირველ ადგილზე რჩება და მდევარს კვლავ 6 ქულით უსწრებს, რადგან ამ ტურში ‘რასინგი’ დამარცხდა, ხოლო ‘ტულონი’ 68 ქულით მე-4 პოზიციას ინარჩუნებს.

‘რასინგი’ ‘ტულუზს’ ეწვია და 27:42 დამარცხდა. შედეგად, გუნდებს 70-70 ქულა მოუგროვდათ და მეორე-მესამე ადგილს იყოფენ. პარიზელთა სასტარტოში იყო და 45-ე წუთზე შეცვლეს ვასილ კაკოვინი.

‘კლერმონმა’ ‘ბორდოს’ 33:3 მოუგო და ბონუსიც აიღო, მაგრამ ის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებისთვის ვეღარ იბრძოლებს. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ორი ქართველი იყო - დავით ზირაქაშვილი 57-ე, ხოლო ვიტო კოლელიშვილი შესვენებისას შეცვალეს.

აუტსაიდერთა ჯახში ‘ოიონამ’ ‘ბრივს’ 40:17 მოუგო, თუმცა ელიტას შესაძლოა ორივე დაემშვიდობოს. ‘ბრივი’ 32 ქულით ბოლო ადგილზეა, ‘ოიონას’ ახლა ორით მეტი აქვს და მე-13-ეა, ხოლო დამრჩენ მე-12 საფეხურზე 38 ქულით ‘სტად ფრანსეა’. განვლილ მატჩში, ‘ოიონას’ რიგებში 61 წუთი ითამაშა ირაკლი მირცხულავამ. სტუმართა ბურჯი კარლენ ასიეშვილი პირველ ტაიმში თამაშში 10 წუთით ჩაერთო, ხოლო სრულფასოვან შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა.

‘სტად ფრანსე’ ლიონში ჩავიდა და მასპინძლებთან 3:44 დამარცხდა. პარიზელთა შორის პირველიდან 51-ე წუთამდე ითამაშა ზურაბ ჟვანიამ. ეს მისი მე-100 მატჩი იყო ‘სტად ფრანსეს’ მაისურით - 63 ტოპ 14-ში (4 ლელო), 5 ჩემპიონთა თასზე (1 ლელო) და 32 ჩელენჯ ქაფზე (3 ლელო).

ქართველ ლეგიონერებს არ უთამაშიათ, თუმცა სტუმრად ‘პოსთან’ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ‘აჟენმა’ (33:22), რითაც ტოპ 14-ში დარჩენისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

უშუალო კონკურენტ ‘კასტრს’ უმასპინძლა და 18:26 დამარცხდა ‘ლა როშელი’, რის გამოც ექვსეულში ადგილი მეტოქეს დაუთმო. მასპინძელთა შორის შეცვლაზე დასკვნითი ნახევარი საათი ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა.

ფეიქრიშვილმა აფრიკაში მოიგო

პრო 14-ის მე-20 ტურში ანტონ ფეიქრიშვილის ‘კარდიფ ბლუზი’ სამხრეთ აფრიკაში ‘საუზერ კინგზს’ ეწვია და 45:12 დაამარცხა. უელსელებმა დაგეგმილი ბონუსიც აიღეს, ხოლო ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე 66-ე წუთიდან ითამაშა.

ტოკიოში, სუპერ რაგბის მე-9 ტურში იაპონურმა ‘სანვულვზმა’ ‘ბლუზს’ უმასპინძლა და 10:24 დამარცხდა. კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ შეცვლაზე 52- წუთიდან ითამაშა. განაცხადში იყო ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილიც, თუმცა მას თამაშში ჩართვა არ მოუწია.

rugby.ge

რაგბი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ