
18წ | 7-კაცა ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები ლიტვაში გაემგზავრა, სადაც ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს, რომელიც ამავდროულად ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირიცაა.
ევროპის ჩემპიონატში 16 გუნდი იღებს მონაწილეობას და ისინი 4 ჯგუფში არიან განაწილებული. საქართველო „გ“ ჯგუფში დიდი ბრიტანეთის, ბელგიისა და ლიტვის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს (განრიგი იხილეთ ქვემოთ).
სხვა ჯგუფებში გუნდები ასე განაწილდნენ - „ა“: ირლანდია, იტალია, რუსეთი, შვედეთი; „ბ“: საფრანგეთი, რუმინეთი, გერმანია, უკრაინა; „დ“ პორტუგალია, ესპანეთი, პოლონეთი, ლუქსემბურგი.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 5 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე თასის მეოთხედფინალში გავა, ხოლო დანარჩენები ტურნირზე მე-9 ადგილისთვის იბრძოლებენ. ტრადიციულად, 7-კაცას ევროპის ჩემპიონატზე ყველა ადგილი გათამაშდება და ფლეი ოფები 6 მაისს გაიმართება.
ახალგაზრდული ოლიმპიადის საგზურს მხოლოდ ევროპის ჩემპიონი იღებს.
დიდი დანაკლისით
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად შარშან ითამაშა და თასის მეოთხედფინალში ინგლისის დამარცხებამდე სულ ცოტა დააკლდა. შედეგად, 2017 წელს გუნდმა მე-7 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მაშინ ჩვენი გუნდი 17 წლის მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული ამ ბიჭებს 18-წლამდელთა 7-კაცა წელსაც უნდა ეთამაშეთ.
თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან ობოლაძელიტვაში ერთბაშად 8 მოთამაშეს მოისაკლისებს: 5 მათგანს 20-წლამდელთა ნაკრებში უხმეს, რომელიც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება, ხოლო კიდევ სამი მოთამაშე ბოლო პერიოდში დაშავდა.
მიუხედავად ამისა, ობოლაძე ლიტვაში ოპტიმისტურად მიდის:
„დანაკლისის შესავსებად ვიმუშავეთ რაგბის ეროვნულ აკადემიასთან, გვქონდა ტურნირი გორში, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა და კარგი ბიჭებიც გამოჩნდნენ. ‘ნატოს თასისთვის’ ამ ასაკის 6-მა გუნდმა ითამაშა და შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სელექცია 70 მოთამაშიდან მოხდა. მანამდე გვქონდა ერთი შეკრება, ხოლო გასულ შაბათ-კვირას მარტყოფში ორი დღე გავატარეთ, სადაც ქართულ კლუბებთან გვქონდა რამდენიმე თამაში და შეირჩა 12 საუკეთესო. არსებული რესურსიდან გამომდინარე, ლიტვაში ვეცდებით შესაძლებლობის მაქსიმუმი ვაჩვენოთ“.
ლიტვაში მიემგზავრებიან:
საბა კურატიშვილი (არმაზი), იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), დავით გობეჯიშვილი (აია), დაჩი პაპუნაშვილი (არმია), ირაკლი სიმსივე (აია), ოთარ ლაშხი (ჩოხოსნები), გიორგი მიქანაძე (არმაზი), ზაურ ლუტიძე (ხვამლი), თეიმურაზ კოხოძე (აია), ლევან ბრაგვაძე (არმაზი), იაგო ხაბულიანი (აია).
მთავარი მწვრთნელი: ლევან ობოლაძე
მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა
ფიზ. მწვრთნელი: გივი ნადარეიშვილი
ექიმი: გიორგი სვანიძე
მენეჯერი: პაატა მაისურაძე
5 მაისი
საქართელო - ბელგია (14:12 საათი)
საქართველო - ლიტვა (17:52)
დიდი ბრიტანეთი - საქართველო (20:48)
rugby.ge