დიდი 10 | ‘ლოკომოტივი’ ჩემპიონია!

ყველა სპორტული სიახლე

დიდი 10 | ‘ლოკომოტივი’ ჩემპიონია!

თბილისის ‘ლოკომოტივმა’ ქუთაისის ‘აია’ დიდი 10-ის ფინალში 29:10 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მეათედ გახდა!

საწყისი 20 წუთის შემდეგ, თბილისელებმა მეტოქე წნეხის ქვეშ მოაქციეს და მატჩის სადავეები ხელიდან აღარც გაუშვიათ. გიორგი შკინინმა ფინალურ მატჩში მიმდინარე სეზონის 23-ე ლელო გაიტანა, ხოლო ბექა წიკლაურმა გუნდს 17 ქულა შესძინა.

‘ავჭალის’ სარაგბო სტადიონი პირთამდე შეივსო და 5 ათასამდე მაყურებელმა დიდი სარაგბო ზეიმი იხილა. იყო ცოცხალი მუსიკა და მხურვალე ქომაგობა, ემოციები, მარცხით გამოწვეული იმედგაცრუება და გამარჯვების დიდი სიხარული.

ანგარიშის გახსნის მცდელობა ‘ლოკომოტივს’ ჰქონდა, თუმცა ბექა წიკლაურს ერთ წუთში ორი შორეული არეკნი გაუცუდდა. პასუხად ‘აიას’ შერკინებამ ჯარიმა გამოიმუშავა და დავით ლოსაბერიძეს 40 მეტრიდან დარტყმა გაუცუდდა. მე-12 წუთზე თბილისელებმა საკუთარ 22-ში ფეხით გადაკიდებული ბურთი ვერ აიღეს, თუმცა 10-მდე მიძალებას გაუძლეს, რეფერიმ ‘აიას’ ჯარიმის უპირატესობა დაუბრუნა და ამჯერად ლოსაბერიძემ ანგარიში გახსნა - 3:0.

4 წუთში ქუთაისელები დაჯარიმდნენ, ‘ლოკომოტივმა’ შორიდან დარტყმას ლელოზე თამაში არჩია, მაგრამ მოლი ვერ დაძრა. ტაიმის შუაში წიკლაურმა 23 მეტრიდან უკვე კარში დაარტყა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო 24-ე წუთზე თითქმის იმავე პოზიციიდან ერთიც გაიტანა და თბილისელები 6:3 დააწინაურა. კიდევ 4 წუთში ლევან გოგოლაშვილზე შუბური ბოჭვისთვის ზურაბ ძნელაძე სინბინით დაისაჯა. პოზიცია დასარტყმელი იყო, კარის წინ დაახლოებით 15 მეტრი, მაგრამ წიკლაურმა ბურთი გაათამაშა, მარცხენა ფრთიდან იერიშში გიორგი შკინინი ჩაერთო, მცველს ერთი-ერთზე მარტივად გაექცა და ლელო გაიტანა, ხოლო წიკლაურმა გარდასახა - 13:3.

ტაიმის მიწურულს კაცნაკლულმა ‘აიამ’ ‘ლოკომოტივს’ შტურმი მოუწყო და ფაზებიც გადააბა. ლელომდე სულ ცოტა რჩებოდა, მაგრამ ის ბოლო მეტრი თბილისელებმა დაიცვეს და ტაიმი 10-ქულიანი უპირატესობით დაასრულეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘აია’ კარის წინ დაჯარიმდა და წიკლაურმა მონაგარს კიდევ 3 ქულა შემატა. ქუთაისელები აირივნენ, 22-ში საკუთარი დერეფანი წააგეს და წიკლაურმა კიდევ ერთხელ სცადა არეკნის შესრულება - ამჯერად მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა. 49-ე წუთზე მასვე 40 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა თბილისელებმა წნეხი კიდევ უფრო გააძლიერეს და 53-ე წუთზე ბექამ ‘ლოკომოტივი’ ჩემპიონობას დაუახლოვა - 19:3.

როგორც ჩანს, წიკლაურს ფინალში არეკნის გატანა ჩაფიქრებული ჰქონდა და 55-ე წუთზე გამოვარდნილი ბურთი რომ აიტაცა დაუფიქრებლად დაჰკრა, თუმცა მიზანმა ოდნავ უმტყუნა. მიუხედავად ამისა, ‘აიამ’ თამაში ვეღარაფრით დაალაგა, ‘ლოკომოტივი’ მატჩის მსვლელობას სრულად აკონტროლებდა, ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა მე-10 ჩემპიონობას და 73-ე წუთზე წიკლაურმა ოცნება აისრულა - დაახლოებით 45 მეტრიდან მეხუთე ცდაზე არეკნი გაიტანა.

გამარჯვებული უკვე ცნობილი იყო, თუმცა დასკვნით 3 წუთში კიდევ ორი ლელო გავიდა. 77-ე წუთზე ‘ლოკომოტივმა’ მეტოქე 5-მეტრიან შერკინებაში დაჯაბნა და საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, ხოლო ბოლო წუთზე ნიკა წივწივაძემ ერთი ლელო გაქვითა, დავით გობეჯიშვილმა გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 29:10 ‘ლოკომოტივის’ სასარგებლოდ.

ამრიგად, თბილისის‘ლოკომოტივმა’ 8-წლიანი (2010 წლიდან) შესვენების შემდეგ ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა და მეათედ გახდა საქართველოს უძლიერესი გუნდი!

პრესკონფერენცია

დიდი 10-ის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, ‘ავჭალის’ სარაგბო სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ვერცხლის პრიზიორის, ქუთაისის ‘აიას’ მთავარი მწვრთნელი ბექა ყურაშვილი და კაპიტანი გელა შალამბერიძე გამოცხადდნენ.

„ვულოცავ ‘ლოკომოტივს’ დამსახურებულ ჩემპიონობას. თუ გავითვალისწინებთ ჩვენი გუნდის ასაკს, რომელიც საშუალოდ 20-21 წელია, ვფიქრობ ვერცხლის მედლების მოპოვებაც დიდი წარმატებაა. ვეცადეთ ფინალში ჩვენი თამაში გვეჩვენებინა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ გამოგვივიდა“ - განაცხადა ყურაშვილმა.

„უფრო მეტს ველოდი საკუთარი თავისგან და გუნდისგან. ბევრი ინდივიდუალური შეცდომები დავუშვით, ვერ შევასრულეთ დავალებები და ასეთი შედეგიც ამის გამო დადგა. მეორე ადგილიც არ არის ცუდი და ვულოცავ ამ მიღწევას ჩემს თანაგუნდელებს. ვეცდებით, რომ მომავალი სეზონისთვის უკეთ მოვემზადოთ, შეცდომები გამოვასწოროთ და შემდგომში მეტს მივაღწიოთ“ - თქვა შალამბერიძემ.

ამის შემდეგ პრესკონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ‘აიას’ მთავარმა მწვრთნელმა ჯერ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, ხოლო შემდგომში უშუალოდ განვლილი თამაშის დეტალებზე ისაუბრა:

„ჩენი მზანი მომავალ სეზონშიც უმაღლესი საფეხური იქნება. გუნდი ნელ-ნელა იკვრება და ახალგაზრდული გუნდებიდან შევსებაც კარგი გვაქვს. დაგვიბრუნდებიან ტრავმირებული ლიდერებიც, დავიმატებთ რამდენიმე მოთამაშეს და ახალ სეზონში ისეთივე მრავალფეროვანი გუნდი ვიქნებით, როგორც გასული სეზონის პირველ წრეში.

პირველი ტაიმის დასაწყისში და მის მიწურულს, ორჯერ ძალიან ახლოს ვიყავით ლელოს გატანასთან, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა. ამან დიდი გავლენა იქონია მეორე ტაიმზე. ფინალისთვის გამოუცდელი გუნდი ვართ და ვფიქრობ, მარცხი ამის ბრალია. ამავდროულად, არ ვუკარგავ ‘ლოკომოტივს’ დაცვაში კარგ თამაშს“.

ამის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ჩემპიონის, თბილისის ‘ლოკომოტივის’ მთავარი მწვრთნელი თემურ ბენდიაშვილი და კაპიტანი ვახტანგ კავთიძეგამოცხადდნენ.

თემურ ბენდიაშვილი: „ყველა ფინალი დაძაბულია და ის ყოველთვის განსხვავებულია რიგითი თამაშებისგან, არა მხოლოდ ფსიქოლოგიური დატვირთვის გამო. ვფიქრობ, ღირსეული თამაში იყო, თავისი ტემპით და დაძაბულობით. ორივე გუნდმა კარგად ითამაშა და გამოამჟღავნა ის ხასიათი, რაც რაგბს უხდება: თავგანწირვა და ერთგულება. ვფიქრობ, დღეს ამ ბრძოლაში დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

მომავალ სეზონში ვეცდებით ჩვენი თამაში კიდევ უფრო დავხვეწოთ, რისი პოტენციალიც გვაქვს. შემადგენლობის გაძლიერება ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია რა თანხა გვექნება, ვინ რითი დაგვეხმარება.

ვისარგებლებ შემთხვევით და სპორტის მესვეურებს ვეტყვი, რომ ჩვენ წელიწადში ვვარჯიშობთ 500-550 საათს, ხოლო წამყვანი ევროპის კლუბები 1200-1500 საათს. კარგი იქნება ამას თუ გავითვალისწინებთ და ჩვენც გვექნება მსგავსი შესაძლებლობა.

ჩემპიონი პირველად გახდები თუ მეათედ, ემოცია ერთნაირია. ბოლო 6 წელიწადს თუ გადავხედავთ, შარშან წავაგეთ ფლეი ოფი, რადგან ტრავმირებული გვყავდა მოთამაშეები. იმის წინ წავაგეთ ორი ფინალი, აქედან ერთი მოსაგები იყო. ბოლო წლებში აღმასვლა გვქონდა, მაგრამ ყოველ წელს ჩვენს კლუბს 7-9 მოთამაშე ტოვებს. სამწუხარო ისაა, რომ ისინი ფედერალ1-ში და 2-ში მიდიან, სადაც წინსვლა აღარ აქვთ“.

ვახტანგ კავთიძე: „ფინალი კონკრეტული მატჩია და მისთვის კარგად მოსამზადებლად დეტალებს უნდა ჩაუღრმავდე. ჩვენ ეს მოვახერხეთ და მთელი კვირის განმავლობაში კარგად მოვემზადეთ. მაქსიმალურად შევისწავლეთ მეტოქე, კარგად გავითავისეთ ორი კვირის წინანდელი თამაში, დღეს სხვა ბრძოლა იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს და პირველივე წუთებიდან დომინანტები ვიყავით, რამაც ჩემპიონობამდე მიგვიყვანა.

ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა გუნდის კაპიტნობა და ვნერვიულობდი. დიდი ხანია ამ გუნდის წევრი ვარ, ბევრი ფინალი წავაგე და აღარ მინდოდა იგივე მომხდარიყო. საბედნიეროდ, თამაში დამთავრდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა“.

rugby.ge

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ