ყველა სპორტული სიახლე

20-წლამდელების და რეზერვის 2 მატჩიანი სერია

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა მე-11 ჩემპიონატის დაწყებამდე ზუსტად ორი კვირა რჩება და უმცროსი ბორჯღალოსნები ‘შევარდენის’ ბაზაზე მზადების დასკვნით ეტაპს გადიან.

ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის შეგირდები საფრანგეთში 23 მაისს გაემგზავრებიან და 30-ში სამხრეთ აფრიკელ (პერპინიანში) თანატოლებს შეხვდებიან, 3 ივნისს მასპინძელ საფრანგეთს (ბეზიე) დაუპირისპირდებიან, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 7 ივნისს, ირლანდიასთან (ნარბონი) მატჩით დაასრულებენ. 12 ივნისს ფლეი ოფები შედგება, ხოლო 17 ივნისი ფინალების დღეა.

მანამდე, 19 მაისს 20 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნები ავჭალის სტადიონზე ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრებთან ბოლო რეპეტიციას გაივლიან. მეტოქე დღეს გამთენიას ჩამოვიდა თბილისში და სერიისთვის მარტყოფის ბაზაზე ემზადება.

უძლიერეს მეტოქეებთან

ჩვენი გუნდი 20-წლამდელთა ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ მონაწილეობს და წელს მოსამზადებელ ეტაპზე ყველაზე ძლიერი სპარინგ-მატჩები გამართა.

თებერვალში გუნდმა საფრანგეთში, ‘ლე ბლეს’ საქვეყნოდ ცნობილ ბაზაზე 12 დღე გაატარა და საფრანგეთის 20-წლამდელთა განვითარებად ნაკრებთან ორი მატჩი გამართა, ხოლო აპრილში სამხრეთ აფრიკას სტუმრობდა და ამ ქვეყნის 20-წლამდელთა პირველ ნაკრებს ასევე ორჯერ ეთამაშა.

მოსამზადებელ ეტაპზე ასეთი მაღალი დონის შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობით კმაყოფილია მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე:

„მზადების შუა ეტაპზე საფრანგეთში ვიყავით, სადაც ამ ქვეყნის განვითარებად 20-წლამდე ნაკრებს ორჯერ ვეთამაშეთ. ამ პერიოდში ჩვენ მეტოქეზე უკეთ ვიყავით მომზადებულები, როგორც ტაქტიკურად ასევე ტექნიკურად. ფრანგებს ეტყობოდათ, რომ ახალი შეკრებილები იყვნენ და მეორე თამაში მოვიგეთ.

„აპრილის ხანგრძლივი შეკრების პირველ ეტაპზე, აქცენტი ფიზმომზადებაზე გვქონდა აღებული., სულ რამდენიმე დღის გადასული ვიყავით ბურთით ვარჯიშზე და სამხრეთ აფრიკაში გავემგზავრეთ, სადაც მასპინძელთა ძალიან ძლიერ ნაკრებს ორჯერ ვეთამაშეთ. პირველ თამაშში არაფერი გამოგვივიდა და მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ. ყველა კომპონენტი დავთმეთ.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ მეორე თამაშამდე წინსვლა გვქონოდა და სასიხარულოა, რომ ეს შევძელით. 60 წუთის განმავლობაში დაცვაც და შეტევაც კარგი გვქონდა, თუმცა დასკვნითი 20 წუთი კაცნაკლულებმა ვითამაშეთ და საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ამ ტურნეთი ძალიან კმაყოფილი ვარ და მადლობა ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. აფრიკელებთან თამაშმა დაგვანახა ჩვენი სუსტი მხარეები და მას შემდეგ სწორედ მათ გამოსწორებაზე ვმუშაობთ. აქამდე არცერთ მოსამზადებელ ეტაპზე ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა არ გვქონია. ამ აფრიკამ ცოტა ხნის წინ შოტლანდიისა და უელსის ნაკრებები 40 ქულის სხვაობით, ხოლო ინგლისი 14 ქულით დაამარცხა“.

 

შემადგენლობის შესარჩევად 

მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებამდე უმცროსი ბორჯღალოსნები ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრებთან ბოლო საკონტროლი თამაშს გამართავენ. მწვრთნელები შანსს იმ მოთამაშეებს მისცემენ, რომელთაც უნდა დაამტკიცონ, რომ საფრანგეთში გამგზავრებას იმსახურებენ:

„ვითამაშებთ იმ სქემით, რომლითაც საფრანგეთში პირველ შეხვედრას ჩავატარებთ. ეს იქნება პირველი და სარეზერვო გუნდის ნაზავი, სადაც იმ ბიჭებს, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნები გვაქვს, რეალური ზეწოლის ქვეშ გამოვცდით. შანსს მიიღებენ ისინი, ვისაც აქამდე ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდა. საფრანგეთში წამსვლელთა 90%-ზე უკვე ჩამოყალიბებულები ვართ და საგრაფოებთან მატჩის შემდეგ საბოლოოდ გვეცოდინება იმ 26 მოთამაშის ვინაობა, რომლებიც საფრანგეთში წავლენ“.

20-წლამდელთა რეზერვი მომავალი სელექციისთვის

უმცროსი ბორჯღალოსნები საფრანგეთში 23 მაისს გაემგზავრებიან, ინგლისელები კი თბილისში დარჩებიან და 25 მაისს რუსთავში, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების უახლოეს რეზერვთან თამაშს გამართავენ.

„25 მაისს ინგლისის საგრაფოებს ჩვენი რეზერვი ეთამაშება, რომელიც ძირითადად 19 წლის მორაგბეებით იქნება დაკომპლექტებული და მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის სელექციას გაგვიადვილებს. ეს ბიჭები ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობენ და სელექციის დაწყებამდე ერთი მაღალი დონის შეხვედრა უკვე ჩატარებული ექნებათ“ - ამბობს მაისურაძე.

20-წლამდელთა უახლოეს რეზერვს თორნიკე ბუბუტეიშვილიდავით კიკნაძე და ნიკოლოზ პინაიშვილი ავარჯიშებენ.

„ბიჭები 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე შევკრიბეთ და თავიდან მათ კვირაში 2-ჯერ ვავარჯიშებდით. თამაშის მოახლოვებასთან ერთად, ვარჯიშების რაოდენობა გაიზარდა და ახლა კვირაში 5 ვარჯიში გვაქვს. აქცენტი ტექნიკურ ფაქტორებზე გავაკეთეთ, რათა ისინი ფიზიკურად არ გადაგვეღალა. პირველ ეტაპზე ჩვენთან 15 მორაგბე იყო, ახლა მათი რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, 19 მაისის შემდეგ კი ისინიც დაგვემატებიან, ვისაც საფრანგეთში გამგზავრება არ მოუწევს.

„ინგლისელებთან თამაში ჩვენთვის, მწვრთნელებისთვისაც დიდი გამოწვევაა. ბიჭები ითამაშებენ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, რისი საშუალებაც ხშირად არ ეძლევათ და ეცდებიან საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი აჩვენონ. საბოლოოდ, ეს თამაში 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელებს მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ სელექციას გაუადვილებს, რადგან ექნებათ სრული ინფორმაცია მოთამაშეთა კონდიციების შესახებ“ - ამბობს ბუბუტეიშვილი.

20-წლამდელთა დასკვნით შეკრებაზე არიან

შერკინება

1: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგი, საფრანგეთი); გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი); 2: ლევან პაპიძე (ლელო-სარასენს); თენგიზ ზამთარაძე (ლელო-სარასენს); სოსო ჭყოიძე (ლელო-სარასენს); გიორგი მენაბდე (ბათუმი); 3: ლუკა ჯაფარიძე (ლელო-სარასენს); გია ხარაიშვილი (არმაზი); ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი); ლაშა მაჭარაშვილი (მონ დე მარსან, საფრანგეთი); 4-5: ლაშა ჯაიანი (ექსეტერი, ინგლისი); ბექა საღინაძე (ლელო-სარასენს, კაპ.); ლუკა გელაშვილი (ჯიქი); არჩილ აბესაძე (ლელო-სარასენს); 6-7: სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენს); თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი); თენგიზ გიგოლაშვილი (არმაზი); 8: არსენ მაჩალაძე (აია);

ხაზი

9: გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი - იმყოფებოდა შეკრებაზე და გუნდს უკვე საფრანგეთში შეუერთდება); ლუკა დვალიშვილი (არმაზი); მიხეილ ალანია (ჯიქი); 10: თედო აბჟანდაძე (აია); 12-13: გიორგი წიკლაური (ჯიქი); სანდრო სვანიძე (არმაზი); ლაშა ლომიძე (აია); 11-14: დემე თაფლაძე (ლელო-სარასენს); ზურა ქავთარაძე (ხარები); ოთარ ძაგნიძე (აია); თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი); კოტე მარჯანიშვილი (ლოკომოტივი);15: ბექა მამუკაშვილი (ლელო-სარასენს); გიორგი მიქანაძე (არმაზი).

rugby.ge

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ