
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართეს
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართა.
პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ანგარიშით 27:33 დამარცხდა.
ანგარიში მეცხრე წუთზე სამხრეთ აფრიკელებმა სიმელანის ლელოთი გახსნეს, თუმცა უილემსესმ გარდასახვა ვერ გაიტანა - 5:0.
სამხრეთ აფრიკელების ლელოს უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ლაშა ლომიძის ლელოთი უპასუხეს. აბჟანდაძის ფეხით შეგორებულ ბურთს ლომიძე დაუხვდა და მეტოქე დაალელოვა, აფრასიძის გარდასახვა მარტივი პოზიციიდან კი ზუსტი იყო და საქართველო დაწინაურდა - 7:5.
მეჩვიდმეტე წუთზე სამხრეთ აფრიკის კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა, რომელიც გელა აფრასიძემ ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაზარდა - 10:5.
25-ე წუთზე უისმა საქართველოს მოლიდან ლელო გაუტანა, უილემსე კი ამჯერად ზუსტი იყო - 12:10.
თუმცა ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებმა წინ გასვლა მაინც მოახერხა და პირველი ტაიმი სწორედ მათი გამარჯვებით დასრულდა. 38-ე წუთზე თაფლაძემ ჩაჭრაზე შესანიშნავად ითამაშა და სამხრეთ აფრიკას მორიგი ლელო დაუდო, აფრასიძე კი ამჯერადაც ზუსტი იყო - 17:12.
მეორე ტაიმი სამხრეთ აფრიკელებმა აქტიურად დაიწყეს და 42-ე წუთზე გრინის ლელოთი და უილიემსეს გარდასახვით კვლავ წინ გავიდნენ - 19:17.
48-ე წუთზე კი ბარგერმა ბურთი ქართველ მორაგბეს დაუფარა და მარტივი სიტუაციიდან მორიგი ლელო გაიტანა - 26:17.
52-ე წუთზე გელა აფრასიძემ მეორე ჯარიმა გაიტანა და ანგარიში ექვს ქულამდე შეამცირა - 26:20.
თუმცა სამ წუთში, 55-ე წუთზე უისმა დუბლი გაიფორმა და სამხრეთ აფრიკას სოლიდური უპირატესობა მისცა - 33:20.
71-ე წუთზე საქართველოს ნაკრები შეტევა დვალიშვილმა დააგვირგვინა, აბჟანდაძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში 33:27 დააფიქსირა.
მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა ერთი ბონუსქულა დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკელებს მსაჯმა ვიდეორეფერის მეშვეობით ორი ლელო გაუუქმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მორიგ შეხვედრას 3 ივნისს მასპინძელი საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს.