ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრების პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე (ვიდეო)

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა.

უმცროს ბორჯღალოსნებსა და ირლანდიელებს შორის შეხვედრა სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. შეხვედრა საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა. ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს სამი ლელო დაუდეს და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

ანგარიში მეათე წუთზე მაჩალაძის ლელოთი გაიხსნა, აფრასიძის გარდასახვა კი ზუსტი იყო და საქართველოს ნაკრები 7:0 დაწინაურდა.



ირლანდიელებმა საქართველოს ნაკრებს მეცამეტე წუთზე ჯარიმით უპასუხა - 7:3.

მეთექვსმეტე წუთზე კი გელა აფრასიძემ შორეული დისტანციიდან შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა - 10:3.

მეცხრამეტე წუთზე მსაჯმა არასწორი შებოჭვისთვის მამამთავრიშვილი გაასინბინა, ხოლო 21-ე წუთზე სვანიძემ ჩაჭრაზე შესანიშნავად ითამაშა, საკუთარი ნახევრიდან ბურთი წამოიღო და შესანიშნავი ლელო დადო - 17:3.



მამამთავრიშვილის დაბრუნებამდე რამდენიმე წამით ადრე კი ირლანდიელებმა შეხვედრაში პირველი ლელო დადეს და ანგაგრიში შეამცირეს - 17:8.

მეორე ტაიმის დასაწყისი ქართველმა მორაგბეებმა აქტიურად დაიწყეს, რასაც თედო აბჟანდაძის ეფექტური ლელო მოყვა, აფრასიძე კი კვლავ ზუსტი იყო - 24:8.



მეორე ტაიმის მეორე ნახევარში ირლანდიელები გააქტიურდნენ და ორი ლელოც დადეს, თუმცა წესების დარღვევის გამო ვიდეორეფერის დახმარებით მთავარმა არბიტრმა ორივე ლელო გააუქმა. 78-ე წუთზე ხანგრძლივი შეტევის შემდეგ ირლანდიელებმა ლელოს დადება მოახერხეს და ანგარიში შეამცირეს - 24:15.

მატჩის ბოლო წამებზე ირლანდიელებმა მესამე ლელოს დადება შეძლეს, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს და საბოლოო ანგარიში 24:20 დააფიქსირეს.

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ