
ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს
ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. კერძოდ, ნიუ იორკის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე ყველა წარდგენილ ბრალდებაში ცნეს დამნაშავედ.
როგორც New York Post-ი წერს, ხურციძეს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოცემა იმ ვიდეოების შესახებაც წერს, რომელიც საქმეში მტკიცებულებების სახით არის. კერძოდ, გამოცემის ცნობით, ვიდეოში ჩანს თუ როგორ ურტყამს ავთანდილ ხურციძე სახეში კაცს, რომელმაც სავარაუდოდ შულაიას ერთ-ერთი კაზინოდან ფული მოიპარა. New York Post-ი ხურციძის და შუალაიას საქმის პროკურორის კომენტარსაც აქვეყნებს, რომელშიც ენდრიუ თომასი ამბობს, რომ "რაჟდენ შულაია ხელმძღვანელი, ხურციძე კი მისი ჯარისკაცი იყო".
საქმის არსებითი განხილვა ავთანდილ ხურციძის დაპატიმრებიდან ერთი წლის თავზე დაიწყო. ქართველ მოკრივეს საქმის მთავარ ფიგურანტთან, ე.წ. კანონიერ ქურდთან რაჟდენ შულაიასთან ერთად ასამართლებდნენ.
შეგახსენებთ, ქართველი სპორტსმენები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, აშშ-ში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით გასული წლის 8 ივნისს დააკავეს.
ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.ლევან მაყაშვილი 13 ივნისს, ერთი პირის თავდებობისა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.