
ბორჯღალოსნები იაპონიაში დამარცხდნენ (ვიდეო)
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ზაფხულის ტესტ-მატჩების უკანასკნელი შეხვედრა იაპონიასთან სტუმრად გამართა და 28:0 დამარცხდა.
შეხვედრა მასპინძელთა შეტევით დაიწყო, რომელიც ჯარიმით და იაპონელთა 3-ქულიანი უპირატესობის მოპოვებით დასრულდა.
ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ იაპონელებს 31-ე წუთზე კიდევ ერთი ჯარიმის შეასრულების საშუალება მიეცათ. ამჯერად იუ ტამურას დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა და მასპინძლები 6 ქულით დაწინაურდნენ. საპასუხო შეტევაში იაპონელები მოედნის ცენტრში დაჯარიმდნენ, თუმცა მერაბ კვირიკაშვილის დარტყმა ძელს მოხვდა. ტაიმის ბოლო წუთზე იაპონიას კვლავ მიეცა 3 ქულის მოპოვების საშუალება და ამჯერად უკვე რიუჯი ნოგუჩიმ ანგარიში 9:0 გახადა.
შესვენების შემდეგ გულშემატკივრებმა მატჩის პირველი ლელო იხილეს. 49 წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ვიმპი ვან დერ ვოლტმა ლელო მიითვალა, რასაც მასპინძელთა ზუსტი გარდასახვაც მოჰყვა და ანგარიში 16:0 გახდა.
53-ე წუთზე იაპონელებმა მეორე ლელოც მიითვალეს, რომელიც ლემეკის ანგარიშზეა. ზუსტი იყო იაპონელთა გარდასახვაც, რის შემდეგაც სხვაობა 23-ქულიანი გახდა.
65-ე წუთისთვის იაპონიამ მესამე ლელო დადო. ვიდეორეფერისთან კონსულტაიცის შემდეგ ნაიჯელ ოუენსმა კაზუკი ჰიმენოს ლელო ჩათვალა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 28:0 დაფიქსირდა.