ყველა სპორტული სიახლე

ქუთაისის "ტორპედოს" ამბები

ქუთაისის "ტორპედოში" დიდი ამბებია. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ მნიშვნელოვან ცვლილებებს ანხორციელებს. სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდმა ოფიციალურად 3 ფეხბურთელი დაიმატა.
"ტორპედოს" პირველი შენაძენი სლოვაკი ნახევარმცველი მარეკ გლინკაა. 27 წლის სლოვაკმა ფეხბურთელმა კლუბთან 1.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სლოვაკი ფეხბურთელი "ტორპედოში" ოსტრავის "ბანიკიდან" მივიდა, რომელიც ჩეხეთის სუპერლიგაში ასპარეზობს. კარიერის განმავლობაში მარეკს ბანსკა ბისტრიცაში” (სლოვაკეთი), “პოდბრეზოვაში” (სლოვაკეთი), პრაღის “დუკლაში” (ჩეხეთი), ტრნავის “სპარტაკსა” (სლოვაკეთი) და “სკალიცაში” (სლოვაკეთი) უთამაშია, ოსტრავის “ბანიკში” კი 2016 წლიდან გამოდიოდა.
 წლევანდელ სეზონში, გლინკამ “ბანიკის” მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, აქედან 25 შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, 2 გოლი გაიტანა, რომლიდანაც ერთ-ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა: ბოლო ტურში “ბანიკი” შინ “ბროიოვკას” მასპინძლობდა და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. “ბანიკმა” ის მატჩი 2:0 მოიგო, მეორე გოლი კი საჯარიმო დარტყმით სწორედ გლინკამ გაიტანა და მის აწ უკვე ყოფილ კლუბს ჩემპიონატში ადგილი შეუნარჩუნა.
გარდა ამისა, გლინკა სლოვაკეთის 19-წლამდელთა და ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო.


კლუბის მეორე ახალწვეული უკრაინელი 24 წლის მცველი ოლექსანდრ აზაცკი გახდა. აზაცკი კლუბში "ბანიკ ოსტრავიდან" 6 თვიანი იჯარით მივიდა. ქუთაისურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება აქვს. 
კარიერის განმავლობაში 24 წლის მცველს უკრაინულ “მეტალისტში”, კიევის “დინამოში” და “ჩერნომორეცში” უთამაშია, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის, დავით ხოჭოლავას მეწყვილე იყო.


ქუთაისის "ტორპედოს" მესამე და ჯერჯერობით ბოლო ახალწვეული 24 წლის ბულგარელი მცველი ლაზარ მარინზეა. ფეხბურთელმა კონტრაქტი 2019 წლის ბოლომდე გააფორმა.
24 წლის მცველს თავისი კარიერა ბულგარეთში აქვს გატარებული. ითამაშა ბულგარეთის უმაღლესლიგელ კლუბებში: "ბოტევ პლოვდივი", "რაკოვსკი", "ცსკა სოფია"... 2016-17 წლების სეზონში მარინმა ბულგარეთის თასი მოიგო, 2017-18 წლების სეზონში კი - ქვეყნის სუპერთასი. წელს ბულგარელმა "ბოტევ პლოვდივში" 27 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ქუთაისის "ტორპედოს" შესახებ. კლუბის აკადემიის დირექტორად გიორგი დევდარიანი დაინიშნა. 

კლუბის ხელმძღვანელობის სურვილია, “ტორპედოს” უახლოეს პერიოდში უმაღლესი დონის აკადემია ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, “ტორპედოს” აკადემიის დირექტორად გამოცდილი ქართველი სპეციალისტი, გიორგი დევდარიანი დაინიშნა.  დევდარიანს ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებს წვრთნიდა, იმუშავა თბილისის “დინამოში”, “ლოკომოტივსა” და გორის “დილაში”. - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

“მინდოდა, ისევ ბავშთა ფეხბურთში მემუშავა და მეკეთებინა ის, რაც კარგად გამომდის. ძალიან გამიხარდა, რომ “ტორპედოდან” დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს გადასარევი სტრუქტურის იდეა, ანუ აკადემიის, რომელსაც, თამამად ვიტყვი, პრეტენზია ექნება რეგიონში იყოს ლიდერი თავისი მეთოდიკით, აღჭურვილობით, დაგეგმილი მუშაობით.

ჩავედი ქუთაისში, ვესაუბრე ხელმძღვანელობას, გავაცანი ხედვები… ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო იქ, სადაც ყველას ეცოდინება, რისთვის ვარ. პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ თუკი ბავშვებისთვის შესანიშნავ პირობებს შევქმნით, ქუთაისში რამდენიმე წელიწადში ბევრი კარგი ფეხბურთელი გაიზრდება”, - განაცხადა გიორგი დევდარიანმა.

 

 
 
 

ფეხბურთი, საქართველო, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ