ყველა სპორტული სიახლე

ზაფხულის თასი | მონაწილეები

28 ივლისს და 3 აგვისტოს საქართველო ოთხთა საკლუბო/საერთაშორისო ტურნირს - "რაგბის ზაფხულის თასს" [ Rugby Summer Cup 2018 ] მასპინძლობს. 

ტურნირი, მესხის სტადიონზე ორ ტურად გაიმართება და მასში საქართველო XV-ის (დიდი 10-ის ნაკრები) გარდა არგენტინა XV, ფრანგული ტოპ 14-ის პარიზული კლუბი ‘რასინგ 92’ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ითამაშებენ. 

საქართველო XV 28 ივლისს, 19 საათზე არგენტინა XV-ს ეთამაშება. ამავე დღეს, 21:30 საათზე ‘რასინგ 92’ ბრაზილიის ნაკრებს შეხვდება. 

3 აგვისტოს პარიზული კლუბი არგენტინა XV-ს 19 საათზე დაუპირისპირდება, ხოლო 21:30 საათზე საქართველო XV ბრაზილიას ეთამაშება.

ტურნირის გამარჯვებული ორი ტურის შედეგად გამოვლინდება. ასევე დაჯილდოვდებიან ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, მელელოვე და მექულე.

ბილეთები შეიძინე აქ

საფრანგეთის 6-გზის ჩემპიონი ‘რასინგ 92’

ზაფხულის თასი 2018-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და საინტერესო მონაწილე საფრანგეთის 6-გზის ჩემპიონი, პარიზული კლუბი ‘რასინგ 92’-ია, თუმცა საქართველო XV-ს მასთან თამაში არ მოუწევს. სამაგიეროდ გაიმართება ერთობლივი წვრთნა და დიდი 10-ის მოთამაშეები მსოფლიო დონის ვარსკვლავებისგან დიდ გაკვეთილს მიიღებენ.

დღევანდელი სახით ‘რასინგ 92’ 2001 წელს, ორი კლუბის გაერთიანებით დაარსდა - ‘რასინგ კლუბი’ და ‘მეტრო’, შესაბამისად, 2001-2015 წლებში კლუბს ‘რასინგ მეტრო 92’ ეწოდებოდა, ბოლო სამი წელია კი, ‘რასინგ 92’ გახდა.

მისი შორეული წინაპარი 128 წლის წინ, პარიზის შემოგარენში დაფუძნდა. 1882 წელს შეიქმნა ‘სპორტული კლუბი რასინგი’, რომელიც სწრაფად ითვისებდა სპორტის ახალ სახეობებს და 1890 წელს რაგბის გუნდი ‘რასინგიც’ დაარსდა. ის მალევე იქცა პარიზის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად, რადგან 1898 წლამდე, საფრანგეთის ჩემპიონატში მხოლოდ დედაქალქური კლუბები მონაწილეობდნენ. პირველი საჩემპიონო მატჩი 1892 წელს გაიმართა და ‘რასინგმა’ ‘სტად ფრანსეს’ 4:3 დამარცხებით პირველი ტიტული მოიპოვა.

რეგიონების კლუბები ჩემპიონატში 1899 წლიდან ჩაერთვნენ და ‘რასინგი’ ჩემპიონი 1900 და 1902 წლებში გახდა, მეოთხე ტიტულამდე კი 1959 წლამდე მოუწია ლოდინი. პარიზელებმა მეხუთე ჯილდო სამი ათეული წლის შემდეგ, 1990 წელს შემართეს, რის შემდეგაც რაგბში პროფესიონალური პრინციპების დანერგვა დაიწყო და კლუბს ადაპტირება გაუჭირდა. შედეგად, გუნდმა რამდენჯერმე დატოვა ელიტა (უმაღლესი ლიგა) და 2001 წელს რაგბის სექცია ‘რასინგის სპორტულ კლუბს’ გამოეყო. ის პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კლუბთან, ‘მეტროსთან’ გაერთიანდა და გუნდმაც სახელწოდებად ‘რასინგ მეტრო 92’ მიიღო. პარალელურად, ორივე ამ კლუბმა ინდივიდუალურად შეინარჩუნა სამოყვარულო რაგბის სექციები.

2006 წლიდან კლუბის პრეზიდენტი ჟაკ ლორენზეტი გახდა, რომელმაც მიზნად 2008 წლისთვის უძლიერესთა შორის დაბრუნება, ხოლო 2011 წლისთვის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ‘ჰაინეკენის თასზე’ (ამჯამად ჩემპიონთა თასი) თამაში დაისახა. გუნდმა უძლიერესთა შორის დაბრუნება ერთი წლით დააგვიანა (ტოპ 14-ში 2009 წელს აღზევდა), თუმცა პირველსავე სეზონში მაღალი ადგილი დაიკავა და 2010/2011 წლების სეზონში ‘ჰაინეკენის თასზე’ გამოჩნდა.

მიზანმიმართულმა მუშაობამ შედეგი მალევე მოიტანა და 2016 წელს ‘რასინგ 92’ მეექვსედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. ტოპ 14-ის ფინალი პირველად გაიმართა საფერანგეთის საზღვრებს გარეთ, კერძოდ ბარსელონაში. ‘კამპ ნოუზე’ თითქმის 100 ათასი მაყურებელი შეიკრიბა და პარიზელებმა მე-19 წუთზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მაქსიმ მაშენო წითელი ბარათით დაკარგეს. მამუკა გორგოძის ლელოს შემდეგ, ‘ტულონმა’ ტაიმი 14:9 მოიგო, თუმცა კაცნაკლულმა ‘რასინგმა’ მეორე ტაიმში გარდატეხის შეტანა შეძლო და 29:21 იმარჯვა.

2016 წელს ‘რასინგმა’ ჩემპიონთა თასის ფინალშიც ითამაშა და ‘სარასენსთან’ 9:21 დამარცხდა. პარიზელები ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში წელსაც გავიდნენ, თუმცა ამჯერად თასი ირლანდიურ ‘ლენსთერს’ დაუთმეს - 12:15.

საერთაშორისო დონის ვარსკვლავები

‘რასინგის’ შემადგენლობაში არაერთ საერთაშორისო დონის ვარსკვლავს უთამაშია. სხვადასხვა დროს ამ გუნდიდან საფრანგეთის ეროვნული გუნდის კვართი 76-მა მორაგბემ მოირგო, რომელთაგან 12 ‘ლე ბლეს’ კაპიტანი იყო. ამ მაჩვენებლით პარიზელები მხოლოდ ‘ტულუზს’ ჩამორჩებიან, რომელსაც ნაკრებში თითქმის 100 მოთამაშე ყავდა მივლენილი.

‘რასინგი’ გახდა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერის შემოქმედი, როდესაც 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ამ გუნდს ტესტ მატჩების ისტორიაში საუკეთესო მექულე, ახალ ზელანდიელი მგეზავი დენ კარტერი შეუერთდა. მისი ყოველწლიური ანაზღაურება 1,3 მილიონ ევროს შადგენდა, რაც იმ დროისთვის სარეკორდო მაჩვენებელი იყო. კარტერმა პარიზელთა რიგებში სამი სეზონი ითამაშა და კარიერა გასული სეზონის მიწურულს დაასრულა.

გარდა ფრანგებისა და დენ კარტერისა, ‘რასინგის’ შემადგენლობაში არგენტინის, ფიჯის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ინგლისის, სამხრეთ აფრიკის, უელსის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის, ტონგასა და საქართველოს ნაკრების მორაგბეებს უთამაშიათ. ბორჯღალოსნებიდან ამ კლუბის ღირსებას გიორგი ჩხაიძე, დავით ხინჩაგიშვილი, მამუკა მაგრაქველიძე და ვასილ კაკოვინი იცავდნენ. ეს უკანასკნელი ამჟამადაც ‘რასინგის’ ბურჯია.

‘რასინგის’ ამჟამინდელ შემადგენლობაში საფრანგეთის ნაკრების 14 კანდიდატია. იქვე არიან ფიჯელი ლეონე ნაკარავა და ბენ ვოლავოლა, არგენტინელები მანუელ კარიზა და ხუან იმჰოფი, სამხრეთ აფრიკელი პეტ ლემბი, ირლანდიელები საიმონ ზებო და დონა რაიანი, ახალ ზელანდიელი ჯოე როკოკოკო, რომელმაც 68 მატჩში 46 ლელო გაიტანა. ამ ზაფხულს გუნდმა ‘გლაზგოდან’ შეიძინა შოტლანდიელი ფინ რასელი და ისინი საქართველოში მოდიან!

rugby.ge

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ