ყველა სპორტული სიახლე

ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე უცნაური ისტორია - ალი დიას "დიდების 53 წუთი"

„მომავალში ნებისმიერს შეეძლება გახდეს მსოფლიოში ცნობილი 15 წუთით“ - ენდი უორჰოლის ეს სიტყვები, რომელიც მან 1960-იანი წლების ბოლოს წარმოთქვა პოპ-კულტურაში პერიფრაზის სახით - „დიდების 15 წუთი“ დამკვიდრდა და ხანმოკლე პოპულარობის აღმნიშვნელად იქცა. 1996 წლის სუსხიანი ნოემბრის ერთ საღამოს, „დელის“ („საუთჰემპტონის“ ძველი საშინაო არენა) სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი სენეგალელი ალი დიას „დიდების 53 წუთის“ და პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე უცნაური ამბის თანაზიარი გახდა. ყველაფერი ერთი სატელეფონო ზარით დაიწყო.

ჯორჯ ვეას „ბიძაშვილი“

„საუთჰემპტონის“ იმჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, გრემ სუნესს ტელეფონზე უცნობმა ადამიანმა დაურეკა, რომელმაც თავი ჯორჯ ვეად გააცნო, თავისი ბიძაშვილის, ახალგაზრდა, პერსპექტიული სენეგალელის შესახებ უამბო და მისი სინჯებზე დაბარება ურჩია. ოქროს ბურთის მფლობელი ლიბერიელი ფეხბურთელი იმ დროს „მილანის“ ღირსებას იცავდა, მაგრამ სატელეფონო ზარმა სუნესი დაარწმუნა, რომ დიას ვეასთან ერთად ჰქონდა ნათამაშები „პსჟ-ში“ და სენეგალის ნაკრებში 13 მატჩიც ჰქონდა ჩატარებული. გადმოცემით, სუნესს გაეხარდა გუნდის გაძლიერების შესაძლებლობის გამოჩენა და დიასთან 30-დღიანი კონტრაქტი გააფორმა ისე, რომ მისი თამაში მხოლოდ 5X5-ზე მატჩში ჰქონდა ნანახი.

„ის ჯორჯ ვეასთან ერთად თამაშობდა „პარი სენ ჟერმენში“ და გერმანიის მეორე ბუნდესლიგაშიც აქვს ჩატარებული შეხვედრები“ - თქვა სუნესმა სატელევიზიო ინტერვიუში დიას დებიუტის წინ. – „ჩვენ მას გუნდთან ერთად რამდენიმე კვირიანი ვარჯიში შევთავაზეთ და ვნახოთ რა როგორ იქნება“.

„დიდების 53 წუთი“

1996 წლის 23 ნოემბერი, შაბათი დღე. პრემიერ ლიგის მე-13 ტური. „საუთჰემპტონი“ vs „ლიდს იუნაიტედი“.

წინა ტურში „გუდისონ პარკზე“ განცდილი გამანადგურებელი მარცხის (7-1) შემდეგ, „წმინდანებს“ ისღა დარჩენიათ საკუთარ მოედანზე, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ დაიბრუნონ დაკარგული პრესტიჟი. თამაშის 32 წუთზე „საუთჰემპტონის“ ლიდერი და იმედი, მეტ ლე ტისიე ფეხს იტკიებს და სამწვრთნელო შტაბს შეცვლას სთხოვს. „ლე გოდი“ მინდორს ტაშის თანხლებით ტოვებს და თვალებს არ უჯერებს, როდესაც მის ნაცვლად 33-ნომრიანი მაისურით და მთელი მონდომებით შერბის მოედანზე სათადარიგო ფეხბურთელი. წამები არ არის გასული და დია უკვე მოწინააღმდეგის საჯარიმოშია, დარტყმა და „ლიდსი“ ნაიჯელ მარტინმა გადაარჩინა. დებიუტანტისთვის პრემიერ ლიგური კარიერის საოცნებო დასაწყისი არ შედგა. 53 წუთში ალი დიას „დიდების 15 წუთი“ სრულდება - გაშვებული გოლის შემდეგ, 84-ე წუთზე სუნესის მოთმინების ფიალა ივსება და შეცვლაზე შემოსულ სენეგალელ ფეხბურთელს სხვა მოთამაშით ანაცვლებს. სტადიონზე და ტელეეკრანებთან მსხდომ მაყურებელს ჯერ ბოლომდე არ აქვს გათვითცნობიერებული მოედანზე მომხდარი უცნაური ამბავი, რომელიც პრემიერ ლიგის ისტორიას დარჩება. „წმინდანებმა“ მატჩი წააგეს, ანგარიშით 0-2, მაგრამ დილის გაზეთების მთავარი თემა „საუთჰემპტონის“ ახალწვეულია.

ლე ტისიე იხსენებს, რომ ასეთი რამ თავისი 16-წლიანი კარიერის განმავლობაში არ უნახავს - „ის მოედანზე ისე მოძრაობდა, როგორც ბემბი ყინულზე. თითქოს მინდორზე უთავო ქათამი დარბოდა, მაგრამ ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ იგი მირბოდა ყველგან, სადაც ბურთი არ იყო".

ლეგენდის დაბადება

იმავე წლის დეკემბერის დასაწყისშივე, „საუთჰემპტონმა“ ფეხბურთელთან კონტრაქტი შეწყვიტა. როგორც შემდეგ გაირკვა, დიას მართლაც ჰქონდა თამაშები ჩატარებული საფრანგეთის და გერმანიის დაბალ ლიგებში, თუმცა არცერთი სენეგალის ნაკრებში. როდესაც ვეას სენეგალელთან დაკავშირებით კითხეს, მან თქვა, რომ გაგონილიც არ ჰქონდა დიას სახელი. ზოგიერთი წყაროს ცნობით სუნესს ალის ნორთუმბრიის უნივერსიტეტელმა მეგობარმა დაურეკა, სხვა წყაროების მიხედვით თავად დიამ გაასაღა თავი ლიბერიელ ვარსკვლავად. და აქედან დაიწყო ლეგენდა. დია მედიამ თაღლითად შერაცხა და ინგლისელმა გულშემატკივრებმაც ახალი ჩანტის მღერა დაიწყეს - "Ali Di-a, he's a li-ar, he's a li-ar" - იმგვარად, როგორც მხოლოდ მათ შეუძლით.

„საუთჰემპტონის“ შემდეგ ალი დიამ 1996/1997 წლების სეზონი ჩრდილო-აღმოსავლეთ ლიგის სამოყვარულო გუნდში „გეიტსჰედი“ დაასრულა, ხოლო ერთი წლის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.

ამბავი ალის თვალით

ლეგენდარული კამეოს შემდეგ, ალი დიას ბედით ბევრი ჟურნალისტი დაინტერესდა, თუმცა მხოლოდ ორი დეკადის გასვლის შემდგომ მოხერხდა ურბანულ ლეგენდად ქცეული ფეხბურთელის მოძებნა. როგორც გაირკვა, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ალი დია განათლებას სერიოზულად მოეკიდა და 2001 წელს ნორთუმბრიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა დაასრულა, ხოლო 2003 წელს სან ფრანცისკოს უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხიც დაიცვა. ამჟამად დია ლონდონში ცხოვრობს და საკუთარი ბიზნესი აქვს. ცნობილ ეპიზოდზე საუბრისას სენეგალელი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ მედიამ მას მატყუარას იარლიყი მიაკრა და თავის გამართლების საშუალებაც კი არ მიეცა.

„მე მართლა ვთამაშობდი საფრანგეთის მეორე ლიგაში, „პარი სენ ჟერმენის“ შემადგენლობაში 1986-88 წლებში და პარიზის თასიც კი მოვიგეთ. ეს 1986 ან 1987 წელს მოხდა... დიდი დრო გავიდა".

დია ამბობს, რომ 1994 წელს მეგობარმა ბრიტანეთში მოღვაწე აფრიკელი აგენტი, სახელად ბაქრირ სულმანი გააცნო და სწორედ მან შეათანხმა „საუთჰემპტონთან“ ალის კონტრაქტი. ამასთან, დია იხსენებს, „ლიდსთან“ დებიუტამდე „წმინდანებთან“ ერთად დაახლოებით თვენახევარი  ვარჯიშობდა და კლუბმა კარგად იცოდა მისი შესაძლებლობები.

„ორი კვირის განმავლობაში დუბლებთან ერთად ვვარჯიშობდი და „ლიდსთან“ მატჩის წინ, ძირითად გუნდთან თამაშში ორი გოლის გატანაც მოვახერხე. სუნესმა მითხრა, რომ ხვალინდელი შეხვედრისთვის მზად ვყოფილიყავი. არ ველოდებოდი თუ თამაშის შესაძლებლობა მომეცემოდა, მაგრამ ლე ტისიემ ტრავმა მიიღო და გახურების გარეშე მინდორზე შესვლა მომიწია".

ალი ამბობს, რომ ხალხს რაც უნდა, ის იფიქროს მის ცნობილ დებიუტზე, მაგრამ თავად დარწმუნებულია, რომ მაშინ ბოლომდე დაიხარჯა და დღეს არაფერს ნანობს.

მონეტის მსგავსად, ამ ისტორიასაც ორი მხარე აქვს და ჩვენზე არის დამოკიდებული რომელს დავიჯერებთ. პრემიერ ლიგის და ზოგადად, ფეხბურთის ისტორიას კი სამუდამოდ დარჩება ალი დიას „დიდების 53 წუთი".

სტატია მომზადებულია FourFourTwo-ის, BBC-ის, Telegraph-ის და Bleacher Report-ის მასალებზე დაყრდნობით.

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ