ყველა სპორტული სიახლე

უეფას ახალი ჯილდოს პირველი მფლობელი გურამ კაშია გახდა

უეფას გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გახდა. აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით. ჯილდო გურამს 30 აგვისტოს, მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას გადაეცემა. 

გასულ სეზონში, ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, კაშიამ გაბედული ნაბიჯი გადადგა და საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია. კაშიამ, ისევე როგორც ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტანმა, ცისარტყელის ფერებში შემოსილი სამკლაური გაიკეთა, რაც ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას გულისხმობს. აღნიშნულ ქმედებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ქართული საზოგადოების ნაწილისგან. ზოგი ნაკრებიდან მის წასვლასაც კი ითხოვდა, თუმცა, ამის მიუხედავად, კაშიამ განაცხადა, რომ ის არ ნანობს სამკლაურის გაკეთებას, და მხარს უჭერს ინკლუზიურობასა და მრავალფეროვნებას. კაშიას მიერ თანასწორობის იდეის საჯაროდ მხარდაჭერას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ფართო საფეხბურთო საზოგადოებაში. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და მისმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი თანასწორობის იდეას. კაშიას მხარი დაუჭირეს თანაგუნდელებმა და სხვა ფეხბურთელებმაც. თავის მხრივ, უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა პირადად გამოხატა თავისი მხარდაჭერა: 

„მივესალმები გურამის გამბედაობასა და სიმტკიცეს. მისი ქმედებები მეტად მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს თანასწორობის პრინციპის მხარდაჭერის კუთხით. აქედან გამომდინარე, მან ნამდვილად დაიმსახურა ეს ჯილდო.“ 

„მოხარული ვარ, რომ უეფასგან #EqualGame-ის ჯილდო მივიღე, და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ალექსანდრ ჩეფერინს. მე მჯერა თანასწორობისა და თანაბარი უფლებების და ყოველთვის დავიცავ ამ პრინციპებს.“ - განაცხადა გურამ კაშიამ, რომელიც ამჟამად აშშ-ში „სან ხოსეს“ მაისურით ასპარეზობს. 

აღნიშნული ჯილდო ასახავს უეფას კამპანიის #EqualGame-ის პათოსს, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთისგან სიამოვნების მიღების უფლება გააჩნია ყველას, განურჩევლად მისი წარმომავლობისა, ასაკისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, სოციალური მდგომარეობისა თუ რელიგიისა. 



„#EqualGame-ის ჯილდოს შემოღებით ჩვენ გვსურს იმ ფეხბურთელების აღიარება, ვინც მხარს უჭერს ჩვენი კამპანიის ღირებულებებს - მრავალფეროვნებას, ინკლუზიურობასა და ხელმისაწვდომობას. ფეხბურთი განაპირობებს საზოგადოებაში ცვლილებებს. ადამიანები, რომლებიც დადებით მაგალითს ჰქმნიან საკუთარ საზოგადოებასა და სპორტში, იმსახურებენ აღიარებასა და დაჯილდოვებას.“ - განაცხადა ალექსანდრ ჩეფერინმა.



მომზადებულია უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით

gff.ge

ფეხბურთი, საქართველო, ევროპა, ლეგიონერი, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2018 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ