
ვლადიმერ ბოისა მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ითამაშებს
30 აგვისტოს, სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში მსოფლიო დონის კალათბურთის ვარსკვლავები შეიკრიბებიან. ამხანაგურ, გასაცილებელ მატჩში ერთმანეთს ცნობილი სლოვენიელი კალათბურთელების – სანი ბეჩიროვიჩისა და ბოსტიან ნახბარის გუნდები დაუპირისპირდებიან. ეს ვარსკვლავები კალათბურთიდან გასაცილებელ მატჩს თამაშობენ და მოწვეულ ვარსკვლავთა შორის იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ამჟამად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა.
სანი ბეჩიროვიჩი და ბოსტიან ნახბარი სლოვენიის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეები არიან და მათ კალათბურთიდან წასვლა ამ გზით გადაწყვიტეს. ორივე მათგანმა საკუთარი გუნდი ჩამოაყალიბა, რომლებშიც მსოფლიო დონის მოქმედი და ვეტერანი კალათბურთელები არიან. ვლადიმერ ბოისა სანი ბეჩიროვიჩის გუნდში იქნება, სადაც მასთან ერთად ითამაშებენ დიმიტრის დიამანტიდისი, შარუნას იასიკევიჩუსი, მარკო ბელინელი, ვლადო ისიევსკი, პერო ანტიჩი და… ყველა მოთამაშე, როგორც სანი ბეჩიროვიჩის, ისე ბოსტიან ნახბარის გუნდიდან, მოქმედი ან წარსულის ვარსკვლავები არიან. მწვრთნელებს შორის ევროპის ყველაზე ტიტულოვანი ჟელკო ობრადოვიჩი, სერბეთის ნაკრების მოქმედი თავკაცი ალეკსანდრე ჯორჯევიჩი, ლეგენდარული ზმაგო საგადინი, დიმიტრის იტუდისი და სხვა სპეციალისტები არიან:
მაშ ასე: ბეჩიროვიჩისა და ნახბარის გუნდების მატჩი, რომელიც ამ მოთამაშეების გასაცილებელი შეხვედრაა, ლიუბლიანაში, “სტოჟიცე არენაზე”, 30 აგვისტოს გაიმართება.