ყველა სპორტული სიახლე

დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში “დელტა” და “შსს აკადემია-ტიტები” შეხვდებიან

დუდუ დადიანის მემორიალის მეორე ფინალისტი ცნობილია. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სუპერლიგის დებიუტანტმა “შსს აკადემია-ტიტებმა” “ქუთაისი” დაამარცხა და ფინალში 2 დღის წინ გასულ თბილისის “დელტას” შეუწყვილდა. თავის მხრივ, “დელტა” გასული სეზონის სუპერლიგის დებიუტანტია – ლექსო ლაფანაშვილის გუნდი შარშანწინ “ა” ლიგაში თამაშობდა. მართალია, აღნიშნულ ტურნირს გუნდების უმეტესობა შესათამაშებლად იყენებს, თუმცა დადიანის თასი საკმაოდ პრესტიჟული ტიტულია და მისი მფლობელი 22 ოქტომბერს ან “დელტა გახდება, ან “შსს აკადემია-ტიტები”.  

თსუ-ჰიუნდაი – ბათუმი 78:74

ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა ორივე გუნდისთვის საკმაოდ ღირებული გახლდათ: ერთი, რომ ტურნირის ბოლო მატჩის შედეგიანად დასრულება სურდათ, მეორეც – სუპერლიგის სეზონის წინ შესათამაშებლად და ლეგიონერების შესაფასებლად მშვენიერი შესაძლებლობა გახლდათ.

შედეგს რაც შეეხება, ამ მხრივ კმაყოფილი “თსუ-ჰიუნდაი” დარჩა, რომელმაც შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში, 4 ქულის სხვაობით მოიგო. სუპერლიგის დებიუტანტი მხოლოდ ქებას იმსახურებს: ნიკო ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა გუნდმა “ა” ჯგუფში 4-დან 3 მატჩი მოიგო, ისევე როგორც ფინალში გასულმა “დელტამ”, თუმცა ჯგუფში პირველობა ურთიერთეხვედრაში მარცხის გამო არ ერგო.

თსუ-ჰიუნდაელებს ამერიკელმა ლეგიონერმა ჯეიმზ მილიკენმა ულიდერა, რომელმაც 27 ქულა მიითვალა და დიდი ალბათობით გუნდში დარჩენის საკითხი დადებითად გადაწყვიტა.

ოლიმპი – მგზავრები 85:84

ამ მატჩის შედეგმა ფინალისტის გამოვლენაზე დიდი გავლენა იქონია. ფინალში გასვლის პრეტედენტ “მგზავრებს” მხოლოდ გამარჯვება უნდოდა, რათა მომდევნო შეხვედრაში “ტიტებს” რომ “ქუთაისისთვის” მოეგო (როგორც მოხდა კიდეც), ფინალში გასვლის კარგი შანსი ჰქონდა. ცხადად რომ ვთქვათ, “მგზავრების” მოგების შემთხვევაში, “ტიტებს” ფინალში გასასვლელად “ქუთაისის” 16 ქულით დამარცხება სჭირდებოდა, ხოლო “ტიტების” 4-დან 15 ქულამდე სხვაობით მოგებას სატიტულო მატჩში “მგზავრები” გაჰყავდა. 

ამიტომაც იყო, ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა “მგზავრებმა” მეტოქეს არაფერი რომ არ დაუთმო. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთზე ნაკლები რჩებოდა, 10 ქულით რომ აგებდნენ, თუმცა ძირითადი დროის დარჩენილ წუთებში მგავრებმა გათანაბრება მოახერხეს და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს. ექსტრახუთწუთეულმაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული და მეორე ოვერტაიმის ბოლოს “მგზავრებმა” გამარჯვება ფაქტობრივად გაინაღდეს – დასრულებამდე 1 წამით ადრე ადრიან ბოუიმ ზუსტი ორქულიანით თავისი გუნდი 84:82 დააწინაურა. 

აქ კი მოხდა მცირე სასწაული. “ოლიმპის” მწვრთნელმა, დიმიტრი ჯაკობოვმა წუთშესვენება აიღო, მოთამაშეებს დავალება მისცა და… გვერდითა ხაზიდან შემოტანილი ბურთი ოლიმპელთა კაპიტანმა რეზო როგავამ პერიმეტრიდან გვარიანად მოშორებით მიიღო და 1 წამში მისი სროლა მოასწრო. შორეული სამქულიანი “მგზავრების” კალათში ჩაეშვა, საფინალო სირენა კი მაშინ გაისმა, როცა ბურთი როგავას ხელებს მოსწყდა. “ოლიმპის” კაპიტანს, რომელსაც მანამდე 28 ქულა ჰქონდა მითვლილი, გადამწყვეტი სროლის შემდეგ 31 ქულა მოუგროვდა და ის მატჩის დამსახურებული გმირი გახდა. ოლიმპელთა გამარჯვებამ “შსს აკადემია-ტიტების” წისქვილზე დაასხა წყალი და ამ გუნდს ფინალში გასვლის შესაძლებლობა “ქუთაისის” ნებისმიერი სხვაობით დამარცხების შემთხვევაში მისცა.

შსს აკადემია-ტიტები – ქუთაისი 85:75

სუპერლიგის დებიუტანტმა “შსს კადემია-ტიტებმა” ფინალში გასვლით მცირე სენსაცია მოახდინა. ამ ტურნირის სატიტულო მატჩში აქამდე ყოველთვის მოწინავე გუნდები გადიოდნენ და პირველად მოხდა, რომ თასისთვის გასულ სეზონში “ა” ლიგაში მოთამაშე გუნდი იბრძოლებს.

დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა კარგად შეირგო ის შანსი, რომელიც მას “მგზავრების” “ოლიმპთან” დამარცხებით მიეცა. მართალია, წინააღმდეგ შემთხვევაშიც რჩებოდა ტიტებს საფინალო შანსი, თუმცა ურთულესად მისაღწევი: “მგზავრებს” რომ მოეგო, “ტიტებს” ქუთაისელთა 16 ქულით დამარცხება სჭირდებოდა, თუმცა ოლიმპელებმა ბოლო წამზე თითქმის შეუძლებელი შეძლეს და …

“შსს აკადემია-ტიტები” ბოლო წლების ერთ-ერთ მოწინავე გუნდთან მატჩს კარგად მომზადებული შეხვდა. პირველი პერიოდის 17:19 წაგების შემდეგ, დავით უსტიაშვილის გუნდმა თამაშში გარდატეხა შეიტანა და მწყობრი დაცვისა და სწრაფი კონტრშეტევების ხარჯზე ჯერ ლიდერობა მოიპოვა, შემდეგ კი უპირატესობა გაიმყარა. დიდი შესვენებიდან “შსს აკადემია-ტიტები” 7-ქულიანი ლიდერობით დაბრუნდა და უპირატესობა მალევე 15 ქულამდე გაზარდა. 

დარჩენილ დროში “ტიტებმა” წარმატებით შეინარჩუნეს ლიდერობა და არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწიეს. გუნდს 19 ქულით ილია ლონდარიძემ ულიდერა, ხოლო ჟოელ ალმეიდას ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა. 

“შსს აკადემია-ტიტები” დუდუ დადიანის ფინალში “დელტას” 22 ოქტომბერს, ოლიმპიურ სასახლეში, 18:00 საათზე დაუპირისპირდება.

დინამო – რუსთავი 104:77

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ