ყველა სპორტული სიახლე

ორი ჩემპიონი და დაგვიანებული ვიზიტი ოლიმპიურ თამაშებზე - სპორტული სამყაროს უცნაური შემთხვევები

სპორტსმენების, მსაჯების თუ ორგანიზატორების შეცდომები სპორტული ასპარეზობების განუყოფელი ნაწილია. 

მსოფლიო ჩემპიონატების თუ წამყვანი სპორტული ლიგების ისტორიაში მრავლადაა ისეთი შეცდომები, რამაც სპორტის ისტორია შეცვალა, თუმცა იყო ისეთი გაუთვალისწინებელი ქმედებებიც, მოგვიანებით ღიმილით რომ იხსნებენ.

დაფიქსირებულია წლების შემდეგ გამოსწორებული უზუსტობებიც და აღდგენილი სამართლიანობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსაზრებას, რომ ერთი შეცდომა დასასრული არ არის.

მედალი 50 წლის შემდეგ

ტრამპლინიდან ხტომაში აშშ-ს ნაკრების კაპიტანი ანდერს ჰოგენი ოლიმპიურ ბრინჯაოს 50 წელი ელოდა. 1928 წლის ოლიმპიური თამაშების დროს მსაჯების შეცდომის გამო ამერიკელ სპორტსმენს მეოთხე ადგილი ერგო, ბრინჯაო კი ნორვეგიელ ტორლეიფ ჰაუგს ერგო. 1974 წელს ოლიმპიურ თამაშების საარქივო მასალების შესწავლისას ნორვეგიულმა ჟურნალისტმა იაკობ ვააგმა მსაჯების შეცდომა აღმოაჩინა და 83 წლის ასაკში ჰოგენმა კუთვნილი მედალი ტორლეიფ ჰაუგის შვილისგან ოსლოში სტუმრობისას მიიღო.

დაგვიანებული ვიზიტი ოლიმპიურ თამაშებზე

შორეულ 1908 წელს ოლიმპიურ თამაშებს ლონდონი მასპინძლობდა, რუსეთის ნაკრები კი 12-დღიანი დაგვიანებით ჩავიდა ინგლისის დედაქალაქში. დაგვიანების მიზეზი კი საკმაოდ უცნაურია. საქმე იმაშია, რომ რუსეთში იმ დროისთვის იულიუსის კალენდრით ხელმძღვანელობდნენ, ხოლო ინგლისი კი გრიგორიანულზე იყო გადასული.

ჩამქალი ოლიმპიური ცეცხლი

კურიოზული შემთხვევა მოხდა შვეიცარულ სან მორიცში, რომელიც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობდა. გახსნის ცერემონიალზე მეჩირაღდნე გვიდო კაროლიმ ფეხი სატელევიზიო კაბელს გამოსდო და წაიქცა. შემთხვევის შედეგად ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა, თუმცა იტალიელი სპორტსმენის მეორე ცდა წარმატებული აღმოჩნდა და ოლიმიპური თამაშები გახსნილად გამოცხადდა.

მსაჯების საბედისწერო შეცდომა

კიდევ ერთი დასანანი შეცდომა 1936 წლის ბერლინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება. სამხრეთ აფრიკელი მოკრივე თომას ჰემილტონ-ბრაუნი პირველ შეხვედრაში დამარცხდა, მაგრამ როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა მსაჯებმა ქულების დათვლისას შეცდომა დაუშვეს და ბრაუნი გამარჯვებულად  გამოცხადდა. მიუხედავად ამისა, აფრიკელი მოკრივე მომდევნო ეტაპზე გულშემატკივარმა მაინც ვერ იხილა, რადგან მარცხით დამწუხრებული ბრაუნმა რესტორანში ნოყიერად ივახშმა და მომდევნო ბრძოლის წინ წონის ნორმატივი ვერ ჩააბარა. 

რობერტო ბაჯოს პენალტი

1994 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიაში გაირკვა. ყველაფერი სწრაფად და იტალიისთვის ტრაგიკულად დასრულდა. ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთი არაზუსტი დარტყმა შეასრულეს, იტალიელებმა კი სამჯერ ვერ გაიტანეს, თუმცა გადამწყვეტი იტალიელთა სუკეთესო ფეხბურთელის, რობერტო ბაჯოს არაზუსტი დარტყმა აღმოჩნდა.

ჯეი არ სმიტი NBA-ს ფინალურ სერიაში

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში „გოლდენ სტეიტი“ „კლივლენდს“ მასპინძლობდა და მეტოქე ოვერტაიმში დაამარცხა, თუმცა ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე „კლივლენდმა“ მატჩის მოგების შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან. მეოთხე პერიოდის დასრულებამდე 4.7 წამი რჩებოდა, როცა ჯორჯ ჰილმა პირველი საჯარიმო ზუსტად ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა. ჰილის მეორე ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა, ფარიდან ასხლეტილი ბურთი კი ჯეი არ სმიტმა მოიპოვა და შეტევის ნაცვლად ბურთი საკუთარი ნახევრისკენ წაიღო.

ზედმეტი წონა

შეცდომისგან დაზღვეული ბუნებრივია არც ქართველი სპორტსმენები არიან. 2012 წლის ლონდონის ზაფხულის თამაშებზე საქართველოს ნაკრების წევრმა, მორკივე მერაბ თურქაძემ წონის ნორმატივები ვერ ჩააბარა და თამაშებს უბრძოლველად გამოეთიშა. აღმოჩნდა, რომ აწონვისას მოკრივეს 300 გრამი ჰქონდა მომატებული, რის გამოც ის თავის წონით კატეგორიაში ვერ იასპარეზებდა.

დაგვიანებული დებიუტანტი

ატლანტის ოლიმპიადაზე საქართველო პირველად გამოვიდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. თამაშებში საქართველოს 36 წარმომადგენელი სპორტის 13 სახეობაში მონაწილეობდა. ქართველთაგან თამაშებში პირველი უნდა ჩაბმულიყო ბარსელონის ოლიმპიადის ჩემპიონი, ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი, მაგრამ მან სავალდებულო აწონვაზე დააგვიანა და შეჯიბრებიდან მოხსნეს.

დაუმარცხებლად წაგებული მსოფლიო ჩემპიონატი

ქართველი ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელსაც ტოკიო მასპინძლობდა, დაუმარცხებლად გამოეთიშა. ორი გამარჯვების შემდეგ ქართველ სპორტსმენს ტატამიზე გამოუცხადებლობის გამო მესამე შეხვედრაში მარცხი ჩაეთვალა. როგორც შემდეგ გაირკვა ცირეკიძე ორი შეხვედრის შემდეგ დასასვენებლად იყო გასული, თუმცა ოლიმპიურ ჩემპიონს ბრძოლის დაწყების თაობაზე დროულად არ შეატყობინეს.

ორი გამარჯვებული

ერთ-ერთი უკანასკნელი დიდი შეცდომა, რომელიც ქართველ გულშემატკივარს კარგად ახსოვს, რაგბი ევროპას „ანგაიშზეა“.  2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულად ჯერ საქართველოს ნაკრები, შემდეგ კი რუმინეთი დასახელდა. შეგახსენებთ, რომ მთავარი მეტოქეებ შორის ბუქარესტში გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 8:7 დასრულდა, თუმცა მატჩის დასრულების შემდეგ ტურნირის ორგანიზატორებმა საქართველოს ნაკრების მოთამაშეები დააჯილდოვეს, მოგვიანებით კი საჩემპიონო ფარი რუმინელებს გადასცეს და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადეს. საქმე იმაშია, რომ ბორჯღალოსნები რუმინელ მუხებთან 8 ქულაზე მეტი სხვაობით არ დამარცხებულან, სწორედ ამიტომ მათ ნუგეშის ქულა დაერიცხათ და სატურნირო ცხრილში გათანაბრდნენ, რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებ გვერდზე კი პირველ ადგილს ბურთების უკეთესი თანაფარდობის გამო საქართველო იკავებდა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონი, თანაბარი ქულების შემთხვევაში, ხდება გუნდი, რომელიც ბოლოს მოიპოვებს ქულებს და 2017 წლის ჩემპიონი რუმინეთის ეროვნული ნაკრები გახდა.

სხვადასხვა

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ