ყველა სპორტული სიახლე

კასპერ შმაიხელის ემოციური ღია წერილი "ლესტერის" ტრაგიკულად დაღუპულ თავმჯდომარეს

"ლესტერ სიტის" მფლობელის, ტაილანდელი მილიარდელის ვიშაი სრივადანაპაბჰას ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნების შემდგომ, კლუბის მეკარემ, კასპერ შმაიხელმა ემოციური ღია წერილი გამოაქვეყნა.

ტრაგედია, "ლესტერსა" და "უესტ ჰემს" შორის 28 ოქტომბერს გამართული პრემიერლიგის მატჩის შემდგომ, მოხდა. თვითმხილველების თქმით, "კინგ პაუერის" მოედნიდან აფრენის შემდეგ, შვეულმფრენმა მალევა დაკარგა კონტროლი და სტადიონის მოშორებით ჩამოვარდა. 60 წლის ბიზნესმენთან ერთად, ბორტზე კიდევ 4 ადამიანი იმყოფებოდა.

გთავაზობთ, დანიელი მეკარის ღია წერილს:

"ძვირფასო ბატონო თავმჯდომარე,

დაჯერება მიჭირს, რომ ეს სინამდვილეში ხდება. სრულიად განადგურებული და გულგატეხილი ვარ. თვალებს არ ვუჯერებდი, რაც გუშინ ღამით ვნახე. უბრალოდ, არ შეიძლება ეს რეალობა იყოს.

რთულია სიტყვებით გადმოსცე, თუ რამდენს ნიშნავდით ამ საფეხბურთო კლუბისთვის და მთლიანად ლესტერისთვის. ყველამ ვიცით იმ ინვესტიციის შესახებ, რაც თქვენ და თქვენმა ოჯახმა კლუბისთვის გაიღო, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც საზოგადოებისთვის გააკეთეთ. ლესტერის საავადმყოფოებისთვის და საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის გაღებული თქვენი მუდმივი შემოწირულობები სამუდამოდ გვემახსოვრება. თქვენ ყოველთვის იმაზე მეტს გასცემდით, ვიდრე მოლოდინი არსებობდა.

ცხოვრებაში არასდროს შევხვედრივარ თქვენნაირ შრომისმოყვარე, მონდომებულ, კეთილ, გულუხვ პიროვნებას. თქვენ ნებისმიერი ადამიანისთვის შეგეძლოთ დრო გამოგენახათ, განურჩევლად მათი სტატუსისა. თქვენ ყველაზე წარუშლელი კვალი დატოვეთ. ყოველთვის ისე გიყურებდით, როგორც ლიდერს, მამას და კაცს.

თქვენ ფეხბურთი სამუდამოდ შეცვალეთ! თქვენ არამარტო ჩვენ გულშემატკივრებს, ნებისმიერი სპორტის ქომაგს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმედი ჩაუსახეთ, რომ შეუძლებელი არაფერია. ეს არც ისე ბევრს გაუკეთებია. როდესაც 2011 წელს კლუბში მომიყვანეთ, მითხარით, რომ 6 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებდით და დიდ საქმეებს გავაკეთებდით. მოტივაციით ამავსეთ და თქვენი ვირწმუნე. მაგრძნობინეთ, რომ ნებისმიერი რამის მიღწევა შესაძლებელია. თქვენი და თქვენი ოჯახის გარეშე ყველაფერი ეს, რასაც ერთად მივაღწიეთ არასოდეს მოხდებოდა. ისეთი გამოცდილება შემძინეთ, რაც მხოლოდ ფანტაზიებში არსებობს.

თქვენ, პირდაპირი გაგებით, ჩემი ოცნებები აახდინეთ.

მაგრამ, ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ თქვენი მომავლის ხედვის და თქვენს მიერ შექმნილი გარემოს ნაწილი ვიყავი. ეს კლუბი და ეს ქალაქი ერთი ოჯახია და ეს თქვენი დამსახურებაა. და ამისთვის ყოველთვის მადლიერი ვიქნები. მადლობელი ვარ, რომ გიცნობდით და საშუალება მომეცა დავახლოებოდი თქვენ საოცარ ოჯახს. მადლობა ყველა იმ მოგონებისა და გამოცდილებისთვის, რომელიც ერთად შევიძინეთ. გული მიკვდება, როდესაც მახსენდება რომ ვეღარასოდეს გნახავთ გასახდელში, ვეღარ ვისაუბრებთ ყველაფერზე და თან არაფერზე, ვეღარ ვიხალისებთ და ვიცინებთ ბიჭებთან ერთად და ვეღარ ვიხილავ თქვენ საოცარ ღიმილს, რომელიც ყველას ენთუზიაზმით ავსებდა, ვისთანაც კი შეხება გქონდათ.

ჩვენ ყველას, კლუბს, ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ პატივი მოგაგოთ. ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ოჯახს, რომელიც თქვენ შექმენით და გვერდით დავუდგებით თქვენთვის ახლობელ ადამიანებს ამ რთულ დროს.

თქვენ საკუთარი ხედვა გქონდათ ამ კლუბისთვის, ჩვენთვის ყოველთვის საუკეთესო გსურდათ და ამისთვის ნებისმიერი რამის გაკეთება შეგეძლოთ. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ თქვენ მიერ დატოვებულ მემკვიდრეობას, უნდა დავრჩეთ ძლიერ ოჯახად, ისეთად როგორიც თქვენ შექმენით.

შეუძლებელია განისაზღვროს რამდენს ნიშნავდით ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.

ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, რომ თქვენი ცხოვრების თუნდაც მცირე ნაწილი ვიყავი".

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2018 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ