ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრების მეტოქე უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ცნობილია

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქე უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში ცნობილია.

ქართველმა ფეხბურთელებმა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე D ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირეს და ნახევარფინალურ შეხვედრაში მასპინძლობის უფლება მოიპოვეს. 2020 წლის მარტში საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე ბელარუსს უმასპინძლებს.

ბელარუსებმა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველადგილოსანთა შორის ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენეს და უეფას წესების თანახმად ისინი საუკეთესო პირველადგილოსანს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ცნობისთვის, ნახევარფინალში გუნდები მხოლოდ ერთ მატჩს ითამაშებენ.

ერთა ლიგის B, C და D ლიგების პლეიოფის მატჩები 2020 წლის 26-31 მარტს გაიმართება. ფინალის მასპინძელი ქვეყანა კი კენჭისყრის შედეგად, 2019 წლის 22 ნოემბერს გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ექვსიდან ხუთი შეხვედრა მოიგო, ხოლო ერთი ფრედ დაასრულა და I ჯგუფში 16 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ფეხბურთელებმა ექვს შეხვედრაში თორმეტი გოლი გაიტანეს და მხოლოდ ორი გაუშვეს.

A ლიგის ოთხი ჯგუფის პირველადგილოსნები 2019 წლის ივნისში ერთა ლიგის გამარჯვებულს გამოარკვევენ. A ლიგის პლეიოფს პორტუგალია, დრაგაუსა(პორტო) და ალფონსო ენრიკესის(გუმარაეში) სტადიონები უმასპინძლებს. A ლიგის გამარჯვებულის სტატუსისა და ერთა ლიგის თასისთვის ოთხი გუნდი, პორტუგალია, ინგლისი, შვეიცარია და ჰოლანდია იბრძოლებს.

2018 წლის 2 დეკემბერს კი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ევრო 2020-ის კენჭისყრა გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრაზე საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაში იმყოფება. ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპი კი 2019 წლის მარტში დაიწყება.

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ