
თბილისში დასწრების ახალი რეკორდი დამყარდა - საქართველო დიდი ქვეყნების გარემოცვაში
უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავი შედეგით დაასრულა. ვლადიმირ ვაისის ფეხბურთელებმა დაუმარცხებლად იასპარეზეს, D დივიზიონის პირველი ჯგუფი 16 ქულით დაასრულეს და ნახევარფინალში ბელარუსს უმასპინძლებენ.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად კონტინენტზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი ქართველ გულშემატკივრებსაც ეკუთვნით, რადგან დინამო არენა დასწრების მხრივ რეკორდსმენთა შორის მოხვდა.
საქართველოს და ყაზახეთის ნაკრებებს შორის თბილისში გამართულ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს, რომელიც მასიპნძლებმა 2:1 მოიგეს, 52 214 მაყურებელი დაესწრო და აღნიშნული შედეგი უეფას ერთა ლიგის B, C და D დივიზიონებში საუკეთესო აღმოჩნდა.
ფოტო: uefa.com
დინამო არენაზე დაფიქსირებული მაჩვენებელი მხოლოდ A დივიზიონში მოასპარეზე გრანდების დაპირისპირებებს ჩამორჩა, თუმცა საერთო მაჩვენებლით ქვეყნის მთავარი სტადიონი საუკეთესო ათეულშია და მეცხრე ადგილზეა. აღსანიშნაივია ისიც, რომ 9 სექტემბერს საქართველოსა და ლატვიის მატჩს დინამო არენაზე 45 716 გულშემატკივარი დაესწრო, რაც B და D ლიგაში რეკორდული მაჩვენებელი იყო მეოთხე ტურის შემდეგ.
გულშემატკივართა დასწრების მხრივ ყველა დივიზიონის საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:
1. (А) ინგლისი - ესპანეთი 81 392
2. (A) საფრანგეთი - გერმანია 80 783
3. (A) ინგლისი - ხორვატია 78221
4. (А) საფრანგეთი - ჰოლანდია 76 452
5. (A) იტალია - პორტუგალია 73000
6.(А) გერმანია - საფრანგეთი 67 485
7. (А) პორტუგალია - იტალია 52 635
8. (А) ჰოლანდია - გერმანია 52 536
9. (D) საქართველო - ყაზახეთი 52 214
10. (А) ესპანეთი - ინგლისი 50 335