
ლუკა მაჭავარიანი: "ტიტების მიზანი ოთხეულში მოხვედრაა"
მიმდინარე სეზონში სუპერლიგას ახალი გუნდი „შსს აკადემია ტიტები“ შეემატა. გასულ სეზონში „ტიტებმა“ ა-ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, გადათამაშებაში სოხუმს სძლია და სუპერლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.
იმის მიუხედავად, რომ „ტიტები“ მესამე წელია არსებობს, ტრადიციად ჩამოყალიბდა,რომ გუნდში გამოცდილი და ახალგაზრდა კალათბურთელების კარგი სინთეზია.
ერთ-ერთი მათთაგანი 20 წლის ლუკა მაჭავარიანია, რომელიც კალათბურთით ცხოვრობს და თამაშის გარდა სამწვრთნელო განათლებასაც ეუფლება.
ლუკა როდის და სად დაიწყე კალათბურთის თამაში?
კალათბურთის თამაში 5 წლის ასაკში საკალათბურთო სკოლა „ვერეში“ დავიწყე.
ვინ იყო შენი პირველი მწვრთნელი?
პირველი მწვრთნელი ამროსი ორმოცაძე გახლავთ, რომელთანაც ფაქტობრივად გავიზარდე, ვისწავლე ყველაფერი ამ სპორტის და ასევე ცხოვრების შესახებ.
ბევრმა გულშემატკივარმა არ იცის, რომ ძალიან ადრეულ ასაკში მოსკოვის ცსკა-ში ვარჯიშობდი.
15 წლის ასაკში რუსეთში გავემგზავრე, სადაც ცსკას ახალგაზრდულ გუნდში ვვარჯიშობდი, მაგრამ ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდა და პირადი მიზეზების გამო საქართველოში დაბრუნება მომიწია. ამ წელს “დინამოს” სახელით გამოვდიოდით და საქართველოს 16 წლამდელთა ჩემპოინატზე მეორე ადგილიც დავიკავეთ, რამაც დიდი როლი ითამაშა 16 წლამდელთა ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვედრაზე.
"ტიტებზეც" ვთქვათ, სადაც მეორე სეზონს ატარებ.
“ტიტების” რიგებში მეორე წელია რაც ვირიცხები და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალურ დონეზე თამაში, რითაც ძალიან მადლობელი ვარ გუნდის.
„ტიტებში“ შენ პოზიციაზე გამოცდილი კალათბურთელები ბესიკ ლეჟავა და თეიმურაზ ბაბუნაშვილი თამაშობენ, ალბათ ბევრს სწავლობ მათგან?
რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი ბევრი გამოცდილი მოთამაშისაგან არის დაკომპლექტებული და ვცდილობ ყოველდღე ვისწავლო და განვითარდე, რაშიც გუნდის თითოეული წევრი ძალიან მეხმარება.
ზოგადად სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებას როგორ შეაფასებ და რა მინზები ექნება თქვენს გუნდს სეზონში.
როგორც მოგეხსენებათ წელს სუპერლიგაში დებიუტანტები ვართ და გუნდს ბოლომდე ადაპტაცია არ გაუვლია, პირველი თამაში მოგებით დავიწყეთ და ნელ-ნელა ვეჩვევით ამ დონეზე თამაშს. პირველ ყოვლისა ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა, რისი უნარიც ჩვენს გუნდს ნამდვილად აქვს. გუნდში პოზიტიური განწყობაა და ვეცდებით ოთხეულის გარდა ჩემპიონობაზეც ვიფიქროთ.
ლუკა თამაშის პარალელურად სამწვრთნელო განათლებას ეუფლები, როგორც ჩანს მომავალში ამ კუთხითაც აპირებ მუშაობის გაგრძელებას.
დიახ, თამაშის პარალელურად ვარ მწვრთნელი, ჩემს სკოლაში სადაც აღვიზარდე “თბილისი-ბასკეტ იბერი” . ამ ყველაფერში წვლილი ისევ ამროსი ორმოცაძეს მიუძღვის და მისი დამსახურებაა სწორედ, რომ მყავს რამოდენიმე ჯგუფი და ჩემპიონატებზეც ვაპირებთ გამოსვლას.
მაქვს B კატეგორიის ლიცენზია, რომელიც 18 წლამდე ბავშვთა თამაშებზე გამოყვანის საშუალებას მაძლევს, ყოველდღიურად ვვითარდები და იმედი მაქვს კარიერის ბოლოს ამ სფეროში ვიმუშავებ. მაგრამ ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა.
და ბოლოს რჩევა მათ, ვინც თამაშს ახლა იწყებს.
უყვარდეთ თავისი საქმე და არასდროს დაიზარონ ვარჯიში, არასდროს დანებდნენ და წარმატება აუცილებლად მოვა!