ყველა სპორტული სიახლე

ისტორია ფეხბურთელზე, რომელმაც სიმსივნე ორჯერ დაამარცხა და საკუთარი კლუბის გმირი გახდა

ინგლისის პირველი ლიგის განვლილი სეზონის ბოლო მატჩი დაქვეითებასთან მებრძოლი “როჩდეილისთვის” უმნიშვნელოვანესი გამოდგა. კლუბს გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად აუცილებლად სჭირდებოდა კარგ ფორმაში მყოფი „ჩარლტონის“ დამარცხება. ცხადია, შეხვედრას დაძაბულობა არ აკლდა და „ქრაუნ ოილ არენაზე“ (როჩდეილის საშინაო სტადიონი) შეკრებილ ხუთი ათასამდე გულშემატკივარსაც მოსვენება ჰქონდა დაკარგული. თამაშის ბედი მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა ფლანგელმა, ჯო ტომპსონმა გადაწყვიტა. მის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით „როჩდეილმა“ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ამ თამაშამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე, 29 წლის ფეხბურთელმა ბოლო ქიმიოთერაპია ჩაიტარა და ღეროვანი უჯრედი გადაინერგა, შედეგად ცხოვრებაში მეორედ დაამარცხა სიმსივნე. სიკვდილს გადარჩენილი თავად იქცა მხსნელად.

„უეცრად, ირგვლივ თეთრი ხმაურის მსგავსი სიჩუმე ჩამოწვა და ჩემთვის დრო გაჩერდა, - იხსენებს ფეხბურთელი გოლის გატანის მომენტს, - ეს შეგრძნება 10-15 წამის განმავლობაში გაგრძელდა, რა დროსაც თითქოს ჰაერში დავფრინავდი. ის წამები ზუსტად გამოხატავს ფეხბურთის მშვენიერებას, მის ძალას მოგანიჭოს უდიდესი სიხარული. სწორედ ასეთი მაგიური შემთხვევების გამო უყვარს ეს სპორტი ყველას. შემდეგ, მახსოვს, რომ ხმაურმა ყველაფერი გადაფარა. ასეთი ხმა „ქრაუნ ოილ არენაზე“ ჯერ არ მომისმენია. რამდენიმე მილის მოშორებით მაცხოვრებლებმაც კი გაიგონეს გულშემატკივრების ყვირილი. ვიცი, რომ ჩემი გოლით ყველა გავახარე და ბედნიერი ვარ, რომ შევძელი გუნდის დახმარება.“

ბედნიერი სწორედ ის სიტყვაა, რომელიც ახალგაზრდა კაცის მიერ სიმსივნის ორჯერ დამარცხებას და პროფესიულ ფეხბურთში დაბრუნებას ესადაგება, მაგრამ ტომპსონის ცხოვრება სულ ასეთი არ ყოფილა. ბავშვობაში ჯო ხშირად შესწრებია მამის მიერ დედაზე ფიზიკურად და სიტყვიერად ძალადობას; უმცროს ძმას, რუბენს მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი მიიმალა, ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ 8 წლის იყო, როდესაც დედას ფსიქიკური აშლილობა დაემართა. ხსნის ერთადერთი გზა ფეხბურთზე გადიოდა. ოჯახი საცხოვრებლად მანჩესტერში გადავიდა. ტომპსონის სისწრაფით და ათლეტურობით „იუნაიტედი“ მალევე დაინტერესდა და იგი ახალგაზრდულ გუნდში ჩარიცხა. მანჩესტერული კარიერა იმედგაცრუებით დასრულდა - სანამ თექვსმეტი წლის გახდებოდა, კლუბმა დაბალი სიმაღლის გამო დაიწუნა (მის ახლანდელი სიმაღლე - 183 სმ) და კონტრაქტი შეუწყვიტა.

„მანჩესტერის“ დატოვების შემდეგ ტომპსონმა „როჩდეილთან“ გააფორმა კონტრაქტი. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ერთ დღესაც, თამაშის მიმდინარეობისას სირბილის უნარი სრულად დაკარგა.  მუდმივად ფორმაში ყოფნის მიუხედავად თავს ისე გრძნობდა, თითქოს სხეულიდან ენერგია გამოწოვეს. ყველაზე უარესი ის იყო, რომ სხეულზე პატარ-პატარა შესიებები აღმოაჩნდა. გამოკვლევის შედეგი შემაშფოთებელი იყო - ჰოჯკინის ლიმფომა, რომლის სიმპტომებსაც მისი ფიზიკური მომზადება სამი წლის განმავლობაში მალავდა. ქიმიოთერაპიის სესიებს წონის დაკლება, კუნთოვანი მასის შემცირება და ტკივილები მოჰყვა, რაც კვლავ თამაშის შესაძლებლობას ფაქტობრივად გამორიცხავდა. თუმცა, ტომპსონი სხვანაირად ფიქრობდა. სამი თვის შემდეგ იგი ვარჯიშებს დაუბრუნდა.

„ცხადია, ფეხბურთი ძალიან დამეხმარა იმ რთული პერიოდის გადასალახად, - საუბრობს თავის შეუპოვრობაზე, - სასტიკი ბიზნესია. მუდმივად გიწევს ბრძოლა  შენი ადგილისთვის. როდესაც ცხოვრებამ კუთხეში მიმაყენა, ხელები არ ჩამომიშვია და ბრძოლა განვაგრძე. არ ვაპირებდი ჩემი ცემის საშუალება მიმეცა.“

joe thompson-ის სურათის შედეგი

რამდენიმე კლუბის გამოცვლის შემდეგ, ტომპსონი მშობლიურ „როჩდეილს“ დაუბრუნდა. იმ დროისთვის უკვე დაქორწინებული იყო, ქალიშვილი ჰყავდა, ცხოვრება დალაგებულად მიდიოდა და წარმატებაც  არ აკლდა. მაგრამ, 2017 წლის ზაფხულში კვლავ იგრძნო ენერგიის მოულოდნელი გაუჩინარება. შემოწმების შემდეგ მისი ყველაზე დიდი შიში გამართლდა - მკერდის არეში სიმსივნის დიდი კერა აღმოაჩნდა.

joe thompson-ის სურათის შედეგი

„ვაღიარებ, რომ როდესაც მისი დაბრუნება მაცნობეს, რამდენიმე ღამე ტირილში გავატარე. პანიკის საშინელი შემოტევები მქონდა, - იხსენებს იგი, - ყველაზე მეტად ის ფაქტი მტკენდა გულს, რომ თითქოს ყველაფერი სწორად გავაკეთე, რომ არ დაბრუნებულიყო. დიეტას ვიცავდი, ხორცს აღარ ვჭამდი და ფსიქოლოგიურადაც დავძლიე პრობლემა. და უეცრად იგივე მეორდებოდა.“

მიუხედავად ყველაფრისა, ჯომ დიაგნოზი ახალ გამოწვევად მიიღო და ექიმთან სანაძლეოც დადო, რომ პირველ ჯერზე უფრო ადრე გამოჯანმრთელდებოდა. და მან ის სანაძლეო მოიგო. წინა სეზონის შუაში ტომპსონი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობდა.

მართალია, „ჩარლტონის“ კარში გატანილი ბურთით ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია, მაგრამ ტომპსონისთვის ეს გოლი უდიდესი გამარჯვების მომტანი გახდა - შეუპოვარი სულისკვეთების სიკვდილზე გამარჯვების ნიშანი.

„99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ის აღარ დაბრუნდება, - ამბობს სიმსივნეზე საუბრისას, - მაგრამ თუ ეგრე მოხდა, უკვე დამარცხებული მყავს და კვლავ შევძლებ მის დამარცხებას. არ მეშინია და ცხოვრებას იმედის თვალით ვუყურებ. უამრავი ჩანაფიქრი მაქვს, რომელთა შესრულებასაც ვაპირებ. ამ თამაშის მთავრი მიზანიც გამარჯვებაა. გავლილმა გზამ მასწავლა, რომ არამარტო რამდენიმე საფეხბურთო მატჩის, არამედ მთლიანად ცხოვრების თამაშის მოგებაც შემიძლია.“


joe thompson wife-ის სურათის შედეგი

სტატია მომზადებულია Guardian-ის და Telegraph-ის მასალებზე დაყრდნობით.

ფეხბურთი, ევროპა, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ