ყველა სპორტული სიახლე

მოჭიდავეებმა ახალი სეზონისთვის მზადება ბაკურიანის შეკრებით დაიწყეს

მოჭიდავეებმა 2019 წლის სეზონის საწვრთნელი პროცესი ბაკურიანის შეკრებით გახსნეს. ახლახან გამართული საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით დაკომპლექტდა საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების გაფართოებული შემადგენლობები (დაახლოებით 40-40 სპორტსმენი), რომლებიც სეზონის უმთავრესი შეჯიბრებებისთვის სამზადისს შეუდგნენ.

გიორგი იანტბელიძე (თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ბაკურიანში 8 თებერვალს ჩამოვედით და 2 კვირის განმავლობაში ძირითად ყურადღებას ფიზიკურ მომზადებას დავუთმობთ. ეს ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი გეგმის პირველი ნაწილია. შემდგომ შეკრებებზე უკვე სრულყოფილი წვრთნები იქნება. იქამდე კი, 28 თებერვლიდან 3 მარტამდე, ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც ამავდროულად სარეიტინგოცაა. გუნდს ბაკურიანში მხოლოდ ავთანდილ კენჭაძე ვერ გამოჰყვა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატზე მიღებული ფეხის ტრავმის გამო სარეაბილიტაციო კურსს თბილისში გადის“.

ბექა როყვა (თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ტრადიციულად, წლის პირველი შეკრება ფიზიკური კონდიციების ამაღლებას ეთმობა ხოლმე და გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია. ბაკურიანში უკვე მეოთხე დღეა ვვარჯიშობთ და 20 თებერვლამდე დავრჩებით. 22-ში კი უნგრეთში გავემგზავრებით, საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე საჭიდაოდ. წინ უმნიშვნელოვანესი სეზონი გველის და თითოეული შეკრება და შეჯიბრება მოსამზადებელი ციკლის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია“.

გეგა გეგეშიძე (საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): "ორივე სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გეგმაზომიერად ემზადება უმნიშვნელოვანესი სეზონის წინ. მეც ვაპირებ ბაკურიანში ჩასვლას და ნახვას, როგორ მიდის საწვრთნელი პროცესი. იმედია ეს პროცესი ისე წარიმართება, რომ ხელს არავინ შეგვიშლის და ჩვენი ბიჭები კიდევ არაერთხელ გვასახელებენ უდიდეს საერთაშორისო შეჯიბრებებზე. უფრო მეტ მედალს მოუპოვებენ ჩვენს ქვეყანას და უფრო მეტ ლიცენზიას აიღებენ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე".

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2019 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ