ყველა სპორტული სიახლე

“დელტა” საქართველოს ჩემპიონი ქუთაისში გახდა!

საკალათბურთო კლუბი “დელტა” საქართველოს ჩემპიონია. ლექსო ლაფანაშვილისა და დავით არწივიძის გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგის სუპერფინალური მატჩი ქუთაისში, ადგილობრივი გუნდისა და ქომაგების უდიდესი წნეხის ქვეშ მოიგო და არსებობის ხანმოკლე ისტორიაში ქვეყნის უმთავრეს ტიტულს შესწვდა.

“დელტა” 3 წლის წინ შეიქმნა და შარშანწინ “ა” ლიგიდან სუპერლიგაში გადმოვიდა. შარშანდელ, სადებიუტო სეზონში დელტელებმა რეგულარულ ჩემპიონატში მე-8 ადგილი დაიკავეს და პლეი ოფის მეოთხედფინალური სერია “ქუთაისთან” დათმეს. მომდევნო, დღეს დასრულებულ სუპერლიგის სეზონში კი “დელტამ” ფურორი მოახდინა. სეზონის დასაწყისში დელტელებმა დუდუ დადიანის მემორიალი მოიგეს, დღეს კი საჩემპიონო თასი ქუთაისში ასწიეს.

ფინალურ სერიაში ანგარიში 2:2 გახლდათ და მე-5, გადამწყვეტი მატჩის მომგები გუნდი ჩემპიონი ხდებოდა. ქუთაისელები დანაკლისით შეხვდნენ სეზონის ყველაზე პრინციპულ მატჩს, თუმცა კოტე ტუღუშის გუნდს სასტარტო ხუთეულის სამი მოთამაშე – ლევან ფაცაცია, დეჟან რაიტი და ტერენს ტომპსონი ქუთაისელებს პლეი ოფის ვერც ერთ მატჩში ვერ დაეხმარნენ. ქუთაისელებმა მათ გარეშე ფინალური სერიის 2 შეხვედრა მოიგეს და გადამწყვეტ მატჩს შინაურ, გულშემატკივრებით სავსე დარბაზში მასპინძლობდნენ. 

მატჩიც საკმაოდ კარგად დაიწყო მასპინძლებისთვის. სადებიუტო წუთებზე ქუთაისელები 12:4 დაწინაურდნენ, თუმცა “დელტამ” მალევე დაალაგა დაცვა და შეტევაშიც გზა გაეხსნა. ანგარიში მალევე გათანაბრდა და პირველი პერიოდის ბოლოს “ქუთაისი” წინაც გავიდა – 24:23. მეორე ათწუთეულიდან მატჩი თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა. გუნდები ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ. ლიდერიც ხშირად იცვლებოდა. ძირითადად ქუთაისელები, თუმცა მცირედით ლიდერობდნენ. ფარქვეშ და პერიმეტრზე ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა უპირატესობა. შეცდომებიც ორმხრივი იყო და შესაბამისად, ლიდერობაც ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა.

დიდ შესვენებაზე “ქუთაისი” 3 ქულით იგებდა, თუმცა ლიდერი მალევე გამოიკვეთა. დაცვის ხარჯზე “დელტამ” იხეირა, რომლის მსროლელებს – არტიომ შვეცსა და საბა ლობჯანიძეს სროლები წაუვიდათ და სტუმრებმა გარდატეხა მოახდინეს. “დელტამ” ხელჩასაჭიდი ლიდერობა ვერ მოიპოვა, თუმცა 4-6-ქულიანი უპირატესობა მყარად ეჭირა და ბოლო პერიოდსაც ლიდერად შეხვდა – 62:57.

ბოლო პერიოდში გადამწყვეტი შერკინება გათამაშდა. სტუმრები ერთ პერიოდში 7 ქულით გალიდერდნენ, თუმცა ქუთაისელებმა მალევე შედეგიანად უპასუხეს და სხვაობა 2-4 ქულაში მერყეობდა. უმნიშვნელოვანესი მომენტი გათამაშდა მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე, როცა ოთარ ფხაკაძემ მოულოდნელად შორი სამქულიანი ჩააგდო და “დელტა” 81:76 დააწინაურა. ჯონათან ლიმ საჯარიმოებით ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა საბა ლობჯანიძისა და ბექა ბექაურის საპასუხო ქულებით თბილისელებმა გასამარჯვებლად საჭირო ქულები მოიპოვეს. საბოლოოდ, “დელტამ” მატჩი ანგარიშით 82:78 მოიგო საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.  

“დელტაში” ბომბარდირი საბა ლობჯანიძე გახდა 25 ქულით. საერთო სარგებლიანობის საუკეთესო მაჩვენებელი არტიომ შვეცმა დააფიქსირა, რომელმაც 19 ქულა ისე მოაგროვა, მხოლოდ 1 სამიანი ააცილა. ბექა ბექაურის ანგარიშზე 11 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. “ქუთაისში” 26 ქულით და 15 მოხსნით საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი. 17 ქულა დააგროვა გიორგი ბარბაქაძემ, ხოლო ჯონათან ლიმ 15 ქულა, 8 პასი და 5 მოხსნა მიითვალა.

მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. ქუთაისის გუნდი ვერცხლის მედლებით ვეტერანმა კალათბურთელმა გივი ბიჭიაშვილმა და და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსმა ზვიად კოტრიკაძემ დააჯილდოვეს, ხოლო ჩემპიონი “დელტა” ოქროს მედლებით –  საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა. სეზონის საუკეთესო მწვრთნელი გახდა ლექსო ლაფანაშვილი, რომელსაც ცნობილი მწვრთნელის, გიორგი ავალიშვილის სახელობის პრიზი გიორგი ქართველიშვილმა გადასცა.  თბილისური გუნდის კაპიტანი – ზვიად ანთაძე საჩემპიონო თასით ფედერაციის პრეზიდენტმა – პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.

გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა 2018-2019 წლების სეზონის სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშე (MVP), რომელიც  “მგზავრების” მოთამაშე ადრიან ბოუი გახდა. გამოკითხვაში მონაწილეობა ტრადიცულად სპორტულმა ჟურნალისტებმა, სუპერლიგის გუნდების მწვრთნელებმა და კომისრებმა მიიღეს. 

ქუთაისი – დელტა 
სტატისტიკა: 78:82
gbf.ge

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31