ყველა სპორტული სიახლე

ისტორიული მატჩი დინამო არენაზე შოტლანდიის გამარჯვებით დასრულდა

„დინამო არენაზე“ შეკრებილმა 45-ათასმა გულშემატკივარმა, პირველად იხილა მოედანზე ტიერ1-ის გუნდის მიერ ნაჩვენები მაღალი დონის რაგბი. შოტლანდიამ ჩვენს მიწაზე 5 ლელოს გატანა მოახერხა და 2-მატჩიანი სერიის პირველი შეხვედრა 44:10 მოიგო.

ასევე პირველად, ერთ კვირაში ბორჯღალოსნები ტიერ1-ის ქვეყანასთან მიჯრით მეორე შეხვედრას გამართავენ და შოტლანდიას „მარიფილდზე“ 6 სექტემბერს, საქართველოს დროით 22:30 საათზე შეხვდებიან. ეს იქნება სამწვრთნელო შტაბისა და ბიჭებისთვის, დაშვებული შეცდომების გამოსწორების იდეალური საშუალება, ხოლო მსოფლიო თასის მზადების ფარგლებში ბოლო რეპეტიცია.

ემოციური ჰიმნი

სუფთა სპორტულის გარდა, ამ თამაშს ორგანიზაციული თვალსაზრისითაც ჰქონდა დიდი დატვირთვა. გუნდების გამოსვლას ფოერვერკები მოყვა, რის შემდეგაც ცოცხლად შესრულდა ორივე ქვეყნის ჰიმნი.

სტადიონის სხვადასხვა წერტილში გაშლილმა შოტლანდიელმა ფანებმა ჰიმნი ცოცხლად, სამარისებულ სიჩუმეში შეასრულა, რის შემდეგაც „თავისუფლება“ 45-ათასმა ქომაგმა ერთხმად შეასრულა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სტადიონზე მაყურებლის ჰიმნი მხოლოდ მუსიკის ფონზე შესრულდა. 

თავად თამაში ჩვენი გუნდისთვის კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა. შოტლანდიასთან საპასუხო ვიზიტამდე ერთი კვირით და მსოფლიო თასის დაწყებამდე 3 კვირით ადრე, მორაგბეებმა შეიგრძნეს ის სათამაშო რითმი, რასაც იაპონიაში უნდა ელოდნენ, ხოლო მწვრთნელებმა ამ ტემპში საკუთარი ტაქტიკის სისწორე შეამოწმეს. 

ბორჯღალოსნებმა მატჩის მსვლელობისას  არაერთი შეცდომა დაუშვეს, რითაც კარგად ისარგებლა მეტოქემ. შოტლანდიელები ბურთით ხელში მაღალ ტემპში ცდილობდნენ თამაშს, იყენებდნენ ორივე ფრთას, დაცვაში სივრცეებს აჩენდნენ და თავგანწირული დაცვის მიუხედავად, მათ გამოყენებას ახერხებდნენ. 

უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ

შოტლანდიამ ბურთზე კონტროლი თავიდანვე დაამყარა და ის ეტაპობრივად ქულებში ასახა. პირველ 10 წუთში, საკუთარ 22-ში კარის წინ ორჯერ დავჯარიმდით და ლეიდლოუმ ორივე კარში დაარტყა 0:6. თამაში რომ განახლდა ფინ რასელმა ცენტრში გაჭრა ხაზი, მიყოლამაც არ დააყოვნა და სტუმრებმა ლამაზი ლელო გაიტანეს. მალე რასელმა ერთხელაც გაიბრწყინა, ფეხით ჰათჩინსონს მოზომილად გადაუკიდა, მანაც წითელ ზონამდე ირბინა და მორკინალების დარტყმების შემდეგ, ლელო თავად გაიტანა, ლეიდლოუმ კი ორივე გარდასახა. 

ამის შემდეგ მასპინძლებმაც შეძლეს ბურთზე კონტროლის დამყარება და იერიშების განხორციელება, მაგრამ შოტლანდიამ თავი დაიცვა და 32-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა ჯარიმა 40 მეტრიდან გაიტანა. ტაიმის მიწურულს ვასილ ლობჟანიძემ ჩაჭრა გადაცემა და ბურთი ოთარ გიორგაძეს გაატანა, მაგრამ კონტაქტისას ის წინ გადავარდა და ლელოს გატანის შანსი განიავდა. 

გაწითლებულ დროზე მეტოქის მორიგი ხელდახელ შეტევა მოვიგერიეთ, თუმცა ჯარიმის ხარჯზე და ლეიდლოუ არც ამჯერად შეცდა. დაიწყო მეორე ტაიმი და ბექა გორგაძემ შეძლო ბურთის ჩაჭრა, მაგრამ კონტრშეტევის ლოგიკურად დასრულება ვერც ამჯერად მოხერხდა. პასუხად შოტლანდიამ ჩვენს 22-ში დანიშნული შერკინებიდან სწრაფად გაიტანა ბურთი, ჰათჩინსონი მთელს დაცვას დაუძვრა და მესამე ლელო გაიტანა. 

ჰეიგმა ცვლილებებს მიმართა და გარკვეული დროით ჩვენი გუნდი ინიციატივას დაეუფლა, რაც 55-ე წუთზე ლელოთი დასრულდა. შერკინებიდან გასული ბურთი თამაზ მჭედლიძეს მიუვიდა და მცველებს პირველი დარტყმა მიაყენა, მერე კახა ასიეშვილმა შეუტია და საქართველოს ნაკრების ერთადერთი ლელო გაიტანა, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახა. 

დასკვნით 20 წუთში შოტლანდიამ კიდევ ორი ლელო გაიტანა. პირველ ჯერზე ჩვენმა დაცვამ რამდენიმე ფაზის მოგერიება მოახერხა, მაგრამ ფეხით შეცურებულ ბურთს პირველმა გრეჰემმა მიუსწრო, ხოლო მეორე ჯერზე წითელი ზოლიდან ხელით გამოსვლისას დავჯარიმით, მეტოქემ ბურთი სწრაფად გაითამაშა და მაღალ სიჩქარეში ლელოში ქამინსი შევიდა - 44:10. 

ერთ კვირაში „ბორჯღალოსნები“ შოტლანდიას განმეორებითი მატჩისთვის, „მარიფილდზე“ ეწვევიან და მსოფლიო თასის წინ ბოლო რეპეტიციას გაივლიან. 

ორივესთვის სასარგებლო ტესტი

ნამატჩევს შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გრეგორი თაუნსენდი და კაპიტანი სტიუარტ მაკინალი კმაყოფილები იყვნენ, რადგან თვლიან, რომ გუნდმა დასახული ამოცანა შეასრულა. 

სტიუარტ მაკინალი: „ენით აღუწერელ გარემოში ვითამაშეთ, ძალიან ლამაზ სტადიონზე, კარგი გაგებით ხმაურიანი გულშემატკივრის წინაშე. ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევდა შერკინებაში, მოლში, აიღე და მიეძალეში და ასეც მოხდა. ვფიქრობ, ეს ორივე გუნდისთვის კარგი ტესტი იყო. საქართველოს ნაკრების მიმართ უდიდესი პატივისცემა გვაქვს და სრული მონდომებით ვემზადებოდით ამ მატჩისთვის“.

გრეგორ თაუნსენდი: „ჩემი გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. სწრაფი დასაწყისი გვქონდა და ასევე გავაგრძელეთ. ვიცოდით რამდენად რთული იქნებოდა საქართველოს წინააღმდეგ თამაში, თუმცა მომზადების არეალში ძალიან კარგად ვიყავით და დავალებები შევასრულეთ. გავუძალიანდით მეტოქეს იმ ასპექტებში, სადაც პრობლემებს ველოდით - შერკინებაში, მოლში და ახლო თამაშში.

„ერთ კვირაში უკეთ უნდა ვითამაშოთ“

ნამატჩევს მილტონ ჰეიგმა განაცხადა, რომ ასეთი შედეგი მაღალი დონის შეხვედრების ნაკლებობამ განაპირობა და ხარისხის ერთ კვირაში გამოსწორების იმედი გამოთქვა: 

 

„გვესმის გულშემატკივრების იმედგაცრუება და ჩვენც, როგორც გუნდი, ასე ვგრძნობთ თავს. პირველი 30 წუთი ძალიან ცუდი იყო და უპირველესად ეს გვაქვს გამოსასწორებელი. ამ თამაშს გავაანალიზებთ, დავივიწყებთ და შემდეგ შეხვედრაზე მოვახდენთ კონცენტრირებას. გასახდელში იმაზე ვსაუბრობდით, რომ გამოსასწორებელი გვაქვს საწყის წუთებში დაშვებული შეცდომები და დისციპლინა, რადგან  ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით თამაშგარისთვის. ასევე გასათვალისწინებელია ის სისწრაფეები, რითაც შოტლანდია გვიტევდა“.

„მეტოქემ თავიდანვე წნეხში მოგვაქცია და შეცდომები დაგვაშვებინა. 20 წუთში თამაშგარისთვის ბევრჯერ დავჯარიმდით, რის გამოც ქულები მივიღეთ. ვეთამაშებოდით ტიერ1-ის ძალიან კარგ გუნდ შოტლანდიას და ასეთ კარგ მეტოქესთან ეს შეცდომები უფრო მეტად ფასობს, ვიდრე სხვა გუნდთან. ამ თამაშით ძალიან ბევრს ვისწავლით. მოდით დავუფიქრდეთ ერთ რამეს - ჩავატარეთ ისტორიული შეხვედრა ტიერ1-ის გუნდთან და ერთ კვირაში ისევ ვეთამაშებით ტიერ1-ს. ასეთი რამ ქართული რაგბის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა“.

„ამ შედეგის პირველი მიზეზი არის ის, რომ ასეთ გუნდებს ხშირად არ ვეთამაშებით. საწყისი 20 წუთი იმის ბრალია, რომ ტიერ1 ეთამაშებოდა ტიერ2-ს. მათ ხშირად აქვთ ასეთი დონის თამაშები, ჩვენ იშვიათად. ამის გამოსწორება შესაძლებელია ტიერ1-ის გუნდებთან ხშირი თამაშით“.

შოტლანდიასთან თამაში ჰეიგისთვის ბოლო საშინაო მატჩი იყო ახალი ზელანდიელი მთავარი მწვრთნელისთვის, რომელიც გუნდს მსოფლიო თასის შემდეგ დატოვებს: 

„ეს წლები ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის წარმოუდგენელი და დაუვიწყარი იყო. ხშირად მითქვამს და განვმეორდები - ჩვენ საქართველო სამშობლოდ, ხოლო საკუთარი თავი ქართველებად მიგვაჩნია. 8 წელი ერთ ადგილას საცხოვრებლად  პატარა დრო არ არის. მართალია ეს ის ანგარიში არ არის რომლის დაფიქსირებაც მსურდა საქართველოში ჩატარებულ ბოლო თამაშში, მაგრამ მინდა ვთქვა ერთი რამ: მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ქომაგს, რომელიც მსოფლიოში მართლაც საუკეთესოა! მათ იციან მხარდაჭერა და ემოციას განსაკუთრებულად გამოხატავენ. მათგან ყოველთვის ვგრძნობდი განსაკუთრებულ სითბოს და სიყვარულს“.

ჩვენი გუნდის თამაში შეაფასა კაპიტანმა მიხეილ ნარიაშვილმა:

„გულშემატკივრებთან ერთად, ჩვენც მეტის მოლოდინი გვქონდა, როგორც შედეგის, ასევე თამაშის ხარისხის თვალსაზრისით. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკმაოდ ხანგრძლივი, ფიზიკური მომზადების კურსი ახალი დასრულებული გვაქვს და ამის ფონზე ძალიან რთულია მოედანზე მაღალი ხარისხის თამაშის ჩვენება. არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ მეტოქეს ჩვენამდე საფრანგეთთან ორი თამაში ჰქონდა - პირველი საშინელი ანგარიშით დათმო და ერთი კვირის შემდეგ, მკვეთრად განსხვავებული თამაში აჩვენა. დღეს ის ბევრად უკეთესი გუნდი იყო, ვიდრე ერთი კვირის წინ საფრანგეთთან“.

„ახლა იმის დრო არ გვაქვს, რომ ამ თამაშზე დიდხანს ვიფიქროთ. ჩვენი მიზნები უკავშირდება პირველ რიგში 6 სექტემბერს შოტლანდიაში გასამართ შეხვედრას და მერე მსოფლიო თასზე მაქსიმალური შედეგის ჩვენებას“. 

„კარგია თუ გგონიათ და ჩვენზე ისეთი დიდი წარმოდგენა გაქვთ, რომ საქართველოს ნაკრები ასეთი დონის მეტოქეს ყველა შერკინებაში, მოლში და ორთაბრძოლაში უნდა ჯაბნიდეს, 10-იდან 10-ივე შერკინებაში გამარჯვებული გამოვიდეს. ჩვენც იგივეს მოველით ჩვენი თავისგან, მაგრამ სწორედ უნდა გავაანალიზოთ მეტოქის ძალა. არ შეიძლება ყოველთვის ასე მოხდეს, რადგან ყველა შეხვედრაში სხვადასხვა მსაჯი გვყავს და ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევენ განსაკუთრებით შერკინებაში. მიმაჩნია, რომ დღეს, პირველი ასეთი სერიოზული ტესტ-მატჩისთვის ნორმალური თამაში გვქონდა. მეორე ტაიმში საკმაოდ კარგად მოვახერხეთ ბურთის წინ წაღება, გვქონდა ეპიზოდები, სადაც უფრო ყურადღებით რომ გვეთამაშა, ლელოს გატანა შეიძლებოდა. თამაშის შემდეგ ყველაფერზე საუბარი ძალიან რთულია, თუმცა სწორად შეფასების შემთხვევაში, დადებითი მომენტების დანახვაც შეიძლება. იმედი მაქვს, რომ შეცდომების გამოსწორებას მოვახერხებთ და ერთ კვირაში იგივე მეტოქესთან უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ“. 

31 აგვისტო                                                          

თბილისი. დინამო არენა. 45 000 მაყურებელი

საქართველო - შოტლანდია 10:44 

ხაზი | ბექები

15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. დავით კაჭარავა, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება | ფორვარდები

1. მიხეილ ნარიაშვილი (კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. შალვა სუთიაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა

16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე, 20. ლაშა ლომიძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

rugby.ge

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ