ყველა სპორტული სიახლე

ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის მეხუთე პრეზიდენტია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეხუთე პრეზიდენტად ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილი აირჩიეს.

3 ოქტომბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გამართულ 24-ე საარჩენო ყრილობაზე, რომელიც ქართულ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა, კობიაშვილმა 33 დელეგატის 18 ხმა მიიღო, ხოლო რეზო არველაძემ 15 ხმა დააგროვა. მესამე კანდიდატ მამუკა კვარაცხელიასთვის მხარი არავის დაუჭერია.

ყრილობის დაძაბულობაზე ისიც მეტყველებს, რომ დილის 11:00 საათის ნაცვლად, საღამოს 19:00 საათზე დაიწყო. დილიდან, სასტუმროს გარშემო და პირველი სართულის ფოიეში, კობიაშვილისა და არველაძის არაერთი მხარდამჭერი იმყოფებოდა.

თავდაპირველად რეგისტრაცია 18 დელეგატმა გაიარა, რომელთაგან 17 ლევან კობიაშვილის მომხრე იყო, ხოლო  მე-18 ვაჟა ჟვანია მხარს რეზო არველაძეს უჭერდა. 17 დელეგატი დარბაზში კი შევიდა, მაგრამ ეს ქვორუმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, ვინაიდან ყრილობის დელეგატთა რაოდენობა 35 იყო. ქვორუმს კი, მინიმუმ 18 კაცი ესაჭიროებოდა.

არველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვიდრე 2 ოქტომბერს ნარკოტიკების მომხმარებისთვის დაკავებულ ინვალიდ-ამპუტანტთა ფეხბურთლთა ლიგის პრეზიდენტ გეგა გობეჯიშვილს არ გაათავისუფლებდნენ, ყრილობაში თავის მომხრეებთან ერთად მონაწილეობას არ მიიღებდა.

არველაძის განცხადების მერე, კობიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაინტერესებულიყვნენ რატომ ჰყავთ „ჰოლიდეი ინის“ მეორე სართულის კორიდორის ბოლო ოთახში დელეგატები ჩაკეტილი. ამ თემაზე ის ყრილობის ერთ-ერთ დელეგატ გიორგი ხაჩიძეს ეკამათა კიდეც.

ამის მერე, იმ ოთახიდან, სადაც ყრილობა უნდა ჩატარებულიყო, უეფას ვიცე-პრეზიდენტი გრიგორი სურკისი და უეფას ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერი დავით პეტრიაშვილი გამოვიდნენ, რომლებიც არველაძის გუნდთან მოსალაპარაკებლად გაემართნენ. ორივე მათგანი უეფადან ყრილობაზე დამკვირვებლად  იყვნენ მივლენილი. უეფადან კიდევ ერთი დამკვირვებელი ამავე ორგანიზაციის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი ჟაკ მონდალა იყო.

დილიდან „ჰოლიდეი ინში“ საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი კახა კალაძე იმყოფებოდა, რომლის თქმით სურკისს უმასპინძლა და ყრილობას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრიც დარბაზში დილის 10 საათიდან ყრილობის დასრულებამდე იყო.

ნაშუადღევს, იმ ოთახში, სადაც არველაძე და მისი მომხრეები ისხდნენ, მედიისთვის ბრიფინგი ჩატარდა. პირველი სიტყვა ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის ხელმძღვანელმა ვაჟა ჟვანიამ ითხოვა. მან აღნიშნა, რომ ოთახში არავის ჩაუკეტავს და სოლიდარობას დაკავებულ გობეჯიშვილს უცხადებდნენ.

არველაძემ მადლობა გადაუხადა ჟვანიას ამ სიტყვებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ არაფრად უღირს პრეზიდენტობა თუ მისი გულისთვის კაცი ციხეში იჯდება, რასაც შეძახილი :“ბრავო რეზი“ მოჰყვა. არველაძემ დააკონკრეტა, რომ ხელისუფლებას და სასამრთლოს ულტიმატუმს არ უყენებს და მხოლოდ გობეჯიშვილის გათავისუფლება სურს. თან დაამატა, რომ არჩევნების ჩატარება მის ინტერესშია და ნებისმიერი შედეგის დადგომის შემთხვევაში გამარჯვებულს მიულოცავდა.

ისეთი ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, რომ შესაძლოა არჩევნები მეორე დღისთვის გადადებულიყო, როგორც ამას წესდება ითვალისწინებს.

ამასობაში, გობეჯიშვილი სასამართლომ ფულადი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა და „ჰოლიდეი ინში“ მივიდა. თუმცა, უეფას წარმომადგენლებმა არველაძის შტაბს ურჩიეს, რომ მის მაგივრად დელეგატად სხვა წარედგინათ და საბოლოოდ, არჩევანი „ქომაგთა ლიგის“ ერთ-ერთ დამფუძნებელ ზურაბ პეტრიაშვილზე შეაჩერეს.

კიდევ რამდენიმე საათი გავიდა და სურკის-პეტრიაშვილის ტანდემმა მოსალაპარაკებლად ერთი ოთახიდან მეორეში რამდენიმე რეისი შეასრულა, რასაც მხარეებს შორის შეთანხმება არ მოჰყოლია.

თავიხ მხრივ, კობიაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ელოდება დელეგატებს, რომლებიც ოთახში მძევლებად ჩაკეტეს და არ უშვებენ. მის განმარტებით ყრილობის ჩატარებას ხელს არაფერი უშლიდა. უბრალოდ, დელეგატები უნდა მოსულიყვნენ და რეგისტრაცია გაეარათ.

„ჰოლიდეი ინში“ თბილისის „დინამო“ პრეზიდენტი რომან ფიფია და „ტრაბზონსფორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეც შელაპარაკდნენ. ფიფია ამტკიცებდა, რომ დელეგატები ჩაკეტეს, ხოლო არველაძემ ურჩია თავისი თვალით ენახა მართლა მძევლებად იყვნენ თუ ოთახში თავისი სურვილით ისხდნენ.

18:00 საათისთვის მხარეებმა როგორც იქნა მოილაპარაკეს და ერთ საათში ყრილობაც დაიწყო, რომელსაც ალექსანდრე ჩივაძე გაუძღვა. დღის წესრიგში ერთი საკითხი იყო - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა.

ყრილობაზე ჯერ სიტყვით სურკისი გამოვიდა, რომელმაც თბილად მოიხსენია საქართველო, ქართველი ვეტერანები, უეფას მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, თან მხარეებს ერთიანობისკენ, თანმიმდევრულობისაა და ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდა. მან ისურვა, რომ ყრილობა ფიფა-უეფას რეგლამენტისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდების დაცვით ჩატარებულიყო. უეფას მაღალჩისნოსანმა დამსწრეებს თხოვა, რომ არჩევნები შედეგის მიუხედავად, დარბაზიდან არა მტრებად, არამედ მეგობრებად გასულიყვნენ.

სხვათა შორის, დარბაზში შესვლამდე mysports.ge-მ სურკისს ჰკითხა იქნებოდა თუ არა ყრილობა მასმედიისთვის ღია. მან გვიპასუხა, რომ ამ საკითხს აუცილებლად დააყენებდა და სურს, რომ ყრილობა მასმედიამ თავიდან ბოლომდე გააშუქოს.

ეს საკითხი დელეგატების წინაშე ჩივაძემ დააყენა და კობიაშვილის მომხრე17-მა დელეგატმა მედიის დასწრებას მხარი არ დაუჭირა, 16-ის წინააღმდეგ. თუმცა, სურკისმა თავისი გაიტანა და არგუმენტად მოიყვანა, რომ ფიფასა და უეფას კონგრესები მედიისთვის სრულად ღიაა.

რეგლამენტის თანახმდა ყრილობაზე თავდაპირველად ხმის დამთვლელი კომისია უნდა აერჩიათ. ჩივაძის მიერ წარმოდგენილი ვარიანტით, ხსენებული კომისიის თავჯდომარედ გურამ რუხაძე დასახელდა, ხოლო წევრებად - გიორგი ხაჩიძე, ბესიკ ჩიხრაძე, გიორგი რევაზიშვილი და გია ფირცხალავა. კობიაშვილის მხარდამჭერებმა კომისიის თავჯდომარის შეცვლა ითხოვეს და 17 ხმით 16-ის წინააღმდეგ თავისი გაიტანეს. შედეგად, კომისიის თავჯდომარედ გია ფირცხალავა აირჩიეს, ხოლო წევრებში რუხაძე „დინამოს“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა ჯღარკავამ ჩაანაცვლა.

კიდევ ერთო საკითხი იყო, მიეცათ თუ არა გურიის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტ კახა ებრალიძისთვის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისს რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტ გია შარაბიძისთვის ხმის უფლება.

ყრილობის წინა დღეს, აღმასკომმა უეფას წარმომადგენლებთან შეთანხმებით მათ ხმის უფლებით დელეგატის სტატუსი დაუმტკიცა. თუმცა, მონდალამ განმარტა, რომ აღმასკომის გადაწყვეტილება კითხვის ნიშნებს იწვევს და ყრილობის ლეგიტიმურობისთვის სჯობს კენჭი ებრალიძისა და შარაბიძის დელეგატობისთვის კენჭი ეყარათ. უეფას ფრანგმა ჩინოვნიკმა დააკონკრეტა, რომ ამით ყრილობა უფრო ლეგიტიმური იქნება და ეს არჩევნების ჩასატარებლად ერთადერთი გამოსავალია.

საქმეში სურკისის ჩაერთო, რომლის თქმით თუ ყრილობის დელეგატები ამ საკითხს არ ეთანხმებიან, სჯობს ისევ პაუზა აიღონ და ითათბირონ, ხოლო ვერშეთანხმების შემთხვევაში, არჩევნები 4 ოქტომბრისთვის გადადონ.

საბოლოოდ, საკითხს კენჭი უყარეს და 17-მა დელეგატმა ებრალიძის და შარაბიძისთვის ხმის უფლების დამტკიცება იუარა, ხოლო მომხრე 15 იყო. ერთი ბიულეტენი გაბათილდა.

არველაძის მხარემ მათი ინტერესის დამცველი იურისტისგან განმარტების გაკეთება ითხოვა, რაც კობიაშვილის მომხრეებმა გააპროტესტეს, რადგან ეს საკითხი დღის წესრიგში არ იყო. შედეგად, იურისტს ჩივაძემ სიტყვა არ ათქმევინა.

სამივე კანდიდატს დელეგატების წინაშე რეგლამენტით სიტყვის თქმისთვის 15 წუთი ჰქონდა. პირველი ტრიბუნაზე არველაძე ავიდა, რომელმაც უეფას წარმომადგენლებს ჩამოსვლისთვის და მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. შემდეგ კი, განაცხადა, რომ ბედნიერია, ვინაიდან გობეჯიშვილის გაათავისუფლეს. თავისი მომხრეებიც შეაგულიანა, რომ ჯერ პირველი რაუნდი იყო და მხარდაჭერისკენ მოუწოდა. გულისტკივილით აღნიშნა, რომ მის სახელს ხან ქურდულ სამყაროს უკავშირებდნენ, ხან პოლიტიკასა და ხან მთავრობას. არველაძემ დასძინა, რომ დარბაზში შეკრებილთ ერთი სამშობლო და ერთი ფეხბურთი აქვთ. მან კობიაშვილისა და კვარაცხელიას ჯანმრთელობა უსურვა და იქვე დაამატა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ფედერაციის კარი ყველასთვის ღია იქნებოდა.

თურმე, კვარაცხელია განვითარებული მოვლენების ფონზე დაფიქრებულა სიტყვით გამოსულიყო თუ არა. მისთვის ნონსენსია, რომ პრეზიდენტს 35 დელეგატი ირჩევს და გამარჯვების შემთხვევაში მათი რაოდენობის გაზრდას აპირებდა. მისი გზავნილები დარბაზში შეკრებილთათვის უცხო არ იყო: ეროვნული ჩემპიონატის დონის გაუმჯობესება, ბავშვებისთის საფეხბურთო სკოლაში უფასოდ სიარული, რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციების გაძლიერება, აფხაზეთის გუნდებისთვის მეტი ყურადღების მიქცევა, მსაჯების პრობლემების მოგვარება და გახლეჩილი საფეხბურთო სამყაროს გაერთიანება.

კობიაშვილმა გასული არჩევნები გაიხსენა, რომელთა ჩატარების ფორმასაც ქართული ფეხბურთის კარგი არაფერი მოუტანია. მისი თქმით, ქვეყნის შიგნით და გარეთ უდიდესი რესურსი აქვს და აგრეთვე, კარგად იცის ქართული ფეხბურთისთვის რა უნდა გაკეთდეს. მან დელეგატებს ღირსეული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა. კობიაშვილმა არველაძესა  და კვარაცხელიას მადლობა გადაუხადა, ხოლო ძმებ არველაძეებს მეგობრები უწოდა.

არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა და კობიაშვილს მხარი 18 დელეგატმა დაუჭირა, ხოლო არველაძეს - 15-მა. ერთ-ერთმა არველაძის ბანაკიდან ხმა კობიაშვილს მისცა. ისე საინტერესოა, ის ერთი ვინ იყო.

გაპრეზიდენტებული კობიაშვილი ტრიბუნაზე სიტყვის წარმოსათქმელად ავიდა, მაგრამ ცრემლი მოერია. ის სურკისმა გაამხნევა, რომლის აზრით ზრდასრული მამაკაცის ცრემლები სისუსტის მაჩვენებელი არაა. მისი განცხადებით, აპლოდისმენტები დაიმსახურა ადამიანმა, რომელმაც თანაბარ ბრძოლაში გაიმარჯვა. სურკისმა ჩათვალა, რომ დარბაზში გამარჯვებული პირობითია, რადგან დამარცხებული არავინაა. მან ქართველ ხალხსა და ფეხბურთს წარმატება უსურვა.

ამასობაში, კობიაშვილიც ტრიბუნაზე დაბრუნდა: „ჩემთვის ძალიან ემოციური დღე იყო. იმ დღეს შევადარებ, როდესაც პირველად ფეხბურთზე მივედი და როცა ნაკრებში გამომიძახეს. ჩემთვის მტერი არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მხარეს ვიდექით. მადლობა რეზი და მამუკა. ჩემთვის ამ გამოწვევის მიღება ძნელი იყო, მაგრამ ვიცი, რომ საქართველო უკეთეს ფეხბურთს იმსახურებს. მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა. ჩვენ კონკურენტები და ოპონენტები არ ვართ. მეგობრებად დავრჩებით“.

ამის შემდეგ, კობიაშვილმა არველაძე და კვარაცხელია გადაკოცნა. სურკისმა ყრილობის გაძღოლისთვის ჩივაძეს მადლობა გადაუხადა და მარათონული არჩევნებიც დასრულდა. უახლოეს ხანში რიგგარეშე ყრილობა უნდა ჩატარდეს, რომელზეც აღამასკომის ახალ შემადგენლობას აირჩევენ. კობიაშვილმა კი, აღასკომს დასამტკიცებლად გენერალური მდივნის კანდიდატურა უნდა წარუდგინოს.

ყრილობის მერე, კალაძე დარწმუნებული იყო, რომ ძირეული რეფორმების გატარების შედეგად, ქართული ფეხბურთი იმ სახელს დაიბრუნებს, რასაც იმსახურებს. მან mysports.ge-ს აუწყა, რომ კობიაშვილს მთავრობის მხარდაჭერა ექნება. სახელმწიფო კომისია ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამას შეიმუშავებს, რომლის ფარგლებში სპორტის ამ სახეობაში თანხა ჩაიდება. ხეჩიკაშვილი კმაყოფილი იყო, რომ არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა და  მისი განცხადებით მომავალშიც ასე უნდა გაგრძელდეს.

პირველ სართულზე ჩასულს კობიაშვილს მხარდამჭერები შეძახილებით შეხვდნენ: „კობი“, „კობი“, იგივე განმეორდა არველაძის გამოჩენისას, რომელსაც ქომაგები ასევე არ აკლდა.

როგორც იტყვიან: „ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ“. კობიაშვილისთვის მთავარი ახლა იწყება და მომავალი გვიჩვენებს თავს რამდენად გაართმევს უკიდურესად მძიმე ვალდებულებას. ქართული ფეხბურთის არსებული კრიზისდან გამოყვანა მართლაც ურთულესი საქმეა და ამას ერთი კაცი ნამდვილად ვერ შეძლებს. პრეზიდენტის სავარძელი თავისთავად არაფერს წარმოადგენს და მისი დაკავებისთვის ამდენი აჟიოტაჟი საჭირო ნამდვილად არაა, რადგან მთავარია საქმე გაკეთდეს.

 

ფეხბურთი, ვიდეო,

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ