ყველა სპორტული სიახლე

ოლიმპიურმა კომიტეტმა 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაასახელა (ვიდეო)

25 დეკემბერს, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში“ ოლიმპიური კომიტეტის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები - აკაკი ლოდია, შალვა გოგოლაძე და რევაზ ჯაველიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, სპორტსმენები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

ღონისძიებას ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი გაუძღვა. სეოკმა 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ) დაასახელა. ტარიელ ხეჩიკაშვილს, დავით ნარმანიას, ლერი ხაბელოვს და ალექსი ახვლედიანს, რომელიც თბილისის ახალგაზრდული ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, ოლიმპიადის მაღალ დონეზე ორგანიზების ხელშეწყობისთვის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი გადაეცათ.

ოლიმპიურმა კომიტეტმა სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა - მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, თბილისის საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე და მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე.

თბილისის ფესტივალის მედალოსნებს ეროვნული ბანკის მიერ მოჭრილი ვერცხლის მონეტები გადაეცათ, დაჯილდოვდნენ რიოს ოლიმპიადის ლიცენზიანტები და ფესტივალზე მონაწილე 8 ფედერაციის პრეზიდენტიც - დავით ქევხიშვილი (ძიუდო), ზურაბ კაკაბაძე (ხელბურთი), კონსტანტინე ლაშხი (ტანვარჯიში), მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთი), ალექსანდრე მეტრეველი (ჩოგბურთი), ირაკლი ჩაჩუა (ფრენბურთი), ომარ ფხაკაძე (ველოსპორტი) და დავით რურუა (საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია).

სეოკის ღონისძიებას ესწრებოდა ბრაზილიის ელჩი საქართველოში დანიელა სინტრა შავისიც. სესიაზე განვლილი წელი შეაჯამეს და 2016 წლის გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც ოლიმპიურია და შესაბამისად ორმაგად მნიშვნელოვანი - რიოში დაახლოებით 100 კაციანი ქართული დელეგაცია გაემგზავრება, საიდანაც 30-35 სპორტსმენი იქნება.

სხვადასხვა, ჭიდაობა / ძიუდო, ზამთრის სახეობები, ძალოსნობა, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2022 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ