
2015 წლის ქართული სპორტის ტრიუმფატორები (ვიდეო)
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და სპორტული ფუნქციონერები დააჯილდოვა.
6 იანვარს, ახალ სპორტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე გამარჯვებულები 15 ნომინაციაში გამოავლინეს.
2015 წლის საუკეთესო სპორტსმენისთვის განკუთვნილი ჯილდო თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონმა, ვლადიმეხ ხინჩეგაშვილმა მიიღო.
მას პრიზი საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გადასცა.
დაჯილდოება ანსამბლმა მძლევარმა, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველმა და ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა გახსნეს.
ღონისძიებაში ანსამბლი სუხიშვილები და შვიდკაცა მონაწილეობდა, ნინო ქათამაძემ, ნატალია ქუთათელაძემ და ლუკა ზაქარიაძემ კი მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
საზეიმო ცერემონიას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და ეროვნული ფედერაციების პრეზიდენტები, ასევე ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, ჟურნალისტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი
პირველ ნომინაციაში წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გამოავლინეს. ჯილდო ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზვიად პატარიძემ მიიღო.
პატარიძეს პრიზი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, რევაზ ჯაველიძემ გადასცა.
საუკეთესო პარასპორტსმენები
საუკეთესო პარასპორტსმენის ნომინაციაში ორი გამარჯვებული გამოვლინდა.
კაცებს შორის საუკეთესოს ჯილდო ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა მიიღო, ქალებიდან კი მოფარიკავე ირმა ხეცურიანი გამოარჩიეს.
ზვიად გოგოჭური უსინათლოთა შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ამასთანავე მან 2016 წლის ზაფხულში გასამართი რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მიიღო.
ირმა ხეცურიანმა კი პარამოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღო.
საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში
არაოლიმპიურ სახეობაში 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი დაასახელეს. 57 კგ წონით კატეგორიაში ჩიდრაშვილი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
საუკეთესო მსაჯი
გასული წლის საუკეთესო მსაჯისთვის განკუთვნილი ჯილდო თემურ ყაზარაშვილმა მიიღო. იგი ჭიდაობის მსაჯია და 2016 წელს გასამართ ოლიმპიურ თამაშებზეც იმსაჯებს.
საუკეთესო სპორტული ფედერაცია
2015 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია გახდა.
გასულ წელს ძალოსნობის ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე მაღალი შეფასება მიიღო. წელს კი ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს ჩაატარებენ.
საუკეთესო გუნდი
გასული წლის საუკეთესო გუნდის ტიტული ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მოიპოვა.
ქალმა მოჭადრაკეებმა 2015 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს, ევროპის პირველობაზე კი ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.
სპორტის საუკეთესო მენეჯერი
2015 წლის საუკეთესო სპორტულ მენეჯერად ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი აღიარეს.
საუკეთესო ქალი სპორტსმენი
მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე 2015 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად დასახელდა.
ნარიმანიძემ ბაქოში გამართულ ევროპის თამაშებზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მიმდინარე წლის ზაფხულში კი ბრაზილიაში დაგეგმილ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს.
საუკეთესო მწვრთნელი
გასული წლის საუკეთესო მწვრთნელად თავისუფალი ჭიდაობის სპეციალისტი ნუგზარ სხირელი დაასახელეს.
სხირელი ვლადიმერ ხინჩეგაშვილის პირადი მწვრთნელია, რომელმაც 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მოიპოვა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 10 ძირითადი პრიზის გარდა 5 სპეციალური ჯილდოც დააწესა. ოღონდ ამ შემთხვევაში გამარჯვებულები ნომინაციების გარეშე გამოვლინდნენ.
წლის აღმოჩენა
აღნიშნულ კატეგორიაში საუკეთესოს ჯილდო საქართველოს ძიუდოისტ გოგონათა ნაკრებმა მიიღო. ძიუდოისტებმა 2015 წელს თბილისის ახალგაზრდულ ფესტივალზე წარმატებით იასპარეზეს.
წლის ბიზნესკომპანია
სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით 2015 წლის საუკეთესო ბიზნესკომპანია VTB ბანკი გახდა. რუსული ბანკი საქართველოს რამდენიმე ფედერაციის, მათ შორის რაგბის კავშირის მთავარი სპონსორია.
ჯილდო სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
სპეციალური პრიზით დაჯილდოებული კიდევ ერთი წარმომადგენელი ზურაბ კახაბრიშვილია.
იგი საქართველოს ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმია. კახაბრიშვილს ჯილდო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გადასცა.
წლის კაპიტანი
წლის საუკეთესო ქართველ კაპიტნად მამუკა გორგოძე აღიარეს.
ვინაიდან გორგოძე საქართველოში არ იმყოფება, სპეციალური პრიზი მის ნაცვლად, საქართველოს რაგბის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მორაგბემ, ვასილ ლობჟანიძეს გადასცეს. წლის საუკეთესო კაპიტანი ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ დაასახელა.
2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე მამუკა გორგოძე ჯგუფური ეტაპის ორ მატჩში, ტონგასა და ახალი ზელანდიის ნაკრებების წინააღმდეგ შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს.
პრიზი სტუდენტური სპორტის მხარდაჭერისთვის
კიდევ ერთი სპეციალური პრიზის მფლობელი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი, გია კავთელიშვილი გახდა.
მან პრიზი სტუდენტური სპორტის მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო. სპეციალური ჯილდო მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გადასცა.