ყველა სპორტული სიახლე

ახალგაზრდული ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე მატჩი მოიგო. მასპინძლების გამარჯვება სათამაშო კლასმა, ტექნიკურმა თვისებებმა განაპირობა. სათამაშო უპირატესობა ქართველთა მხარეს იყო, თუმცა მეორე ტაიმში, 3 გოლის გატანის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მოეშვნენ, მოტივაციის ნაკლებობა ნამდვილად ეტყობოდათ. ამ თემაზე მატჩის შემდგომ ალექსანდრე ჩივაძემ ისაუბრა, მან თავისი გუნდის ფეხბურთელების პროფესიონალიზმის ნაკლებობას გაუსვა ხაზი.

მე-9 წუთზე კაკაბაძემ გახსნა ანგარიში. ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო, მარჯვენა ფლანგზე მეტოქის ფეხბურთელი მოატყუა, მახვილი კუთხიდან ძლიერ დაარტყა, ბურთი ესტონელთა მცველს შეეხო და მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში აღმოჩნდა.

რამდენიმე წუთში კაკაბაძე ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდა, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია.

აბურჯანია-კიტეიშვილი-კაჭარავას მოქმედებას ესტონელთა კარში მეორე გოლი მოჰყვა. მე-19 წუთზე ნიკა კაჭარავამ გაზარდა ანგარიში.

გოლის გაშვების შემდეგ, საქართველოს ესტონეთმა რასმუს პეეტსონის დარტყმით უპასუხა, თუმცა მისი ძლიერი დარტყმა კარს აცდა. შემდეგ საბა ლობჟანიძემ  დაარტყა კარისკენ და ოდნავ ააცილა.

ტექნიკური შესაძლებლობების ხარჯზე ქართველები ადვილად ახერხებდნენ მეტოქის საჯარიმომდე ჩასვლას. მასპინძლებს ბურთის კონტროლის მხრივ სერიოზულ წინააღმდეგობა არ ხვდებოდათ. ასევე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბურთი ძირითადად მინდორზე გორავდა, ესტონელებს დადებით თვისებად კი მეორე სართულზე კარგი თამაში ითვლება.

პირველ ტაიმში იყო ეპიზოდები, როცა სტუმრებმა მეტ-ნაკლებად მწვავე კონტრშეტევები განახორციელეს, თუმცა თითქმის ყველა შემთხვევაში მსაჯმა თამაშგარე მდგომარება დააფიქსირა.

კიტეიშვილი-კაჭარავას გათამაშებულ ბურთს კიტეიშვილის გოლი მოჰყვა. თავდაპირველად ესტონელთა მცველმა ჩაშალა ქართველების გათამაშებული შეტევა, თუმცა შემდგომ შეცდა, რითიც კიტეიშვილმა ისარგებლა და მახვილი კუთხიდან ბურთი კარებში შეაგორა.

რამდენიმე წუთში ცინცაძის ძლიერი დარტყმა მეტოქის ფეხბურთელს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.

მეორე ტაიმში თამაში შედარებით გათანაბრდა. ესტონელებმა რამდენჯერმე დაარტყეს ქურდაძის კარისკენ, თუმცა სიზუსტეში მოიკოჭლებდნენ. ასევე იყო ეპიზოდები, როცა სტუმრები ქართველების საჯარიმოში შესვლას ცდილობდნენ

ლობჟანიძემ რამდენიმე მეტოქე მოატყუა, შემდეგ კარისკენ დაარტყა, თუმცა ბურთი მცირე  მანძილით აცდა კარს.

მეორე ტაიმში ცვლილებაზე გამოსულმა  გოროზიამ სახიფათოდ დაარტყა, თუმცა სიზსუტე დააკლდა. მან ბურთი მარცხენა ფლანგზე კარგად გაიგდო და სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ბურთი მცირე მანძილით ასცდა კაროფელდის კარს.

მატჩის მიწურულს ესტონელთაგან ცვლილებაზე გამოსულმა კევინ რააბისმა ქურდაძის კარისკენ დაარტყა, თუმცა ქურდაძემ ადვილად აიღო.

 

საქართველო - ესტონეთი 3:0  (3:0)

საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, დვალი, გადრანი, უბილავა, ცინცაძე, აბურჯანია, ლობჟანიძე (გოროზია 83), კაჭარავა (კერძევაძე 63), კიტეიშვილი (ქოჩლაძე 55), ფანცულაია

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

ესტონეთი: კაროფელდი, ოიამა,ავილოვი, ალოე (კაპიტანი),სალისტე, პეეტსონი (საპინენი 46), აინსალუ, მარინი, კუბერი (ლივაკი 85), იუკამი, კალტი (რააბისი 63)

მთავარი მწვრთნელი: მარტინ რეიმი

გოლები: 1:0 კაკაბაძე (9), 2:0 კაჭარავა (19), 3:0 კიტეიშვილი (36)

მთავარი მსაჯი: დეიან იაკიმოვსკი

გაფრთხილება: აბურჯანია (79) იუკამი (85)

ფეხბურთი, რაგბი, ზამთრის სახეობები, ვიდეო, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ