ყველა სპორტული სიახლე

ყაზაიშვილმა ჰოლანდიაში გაიტანა, ცხადაძემ ალბანეთში

არნემის „ვიტესის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა ჰოლანდიის ერედივიზიონში ამ სეზონში მეორე გოლი გაიტანა.

„ვიტესმა“ სახლში „გრონინგენი“ 5:0 გაანადგურა და 22 წლის ფეხბურთელმა თავი 57-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც მისი დარტყმის მერე ანგარიში 3:0 გახდა. აქვე გეტყვით, რომ არნემელთა მცველ კევინ დიქსს 61-ე წუთზე „გრონინგენის“ კარის აღებისას ასისტენტობა გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ გაუწია. ორივე ქართველმა მოედანზე 90-90 წუთი დაჰყო. „ვიტესი“ 14 ქულით 18 გუნდში მესამეა.

ბაჩანა ცხადაძემ ალბანეთის სუპერლიგაში კიდევ ერთი გოლი მიითვალა. ვლორეს „ფლამურტარიმ“ თავის მოედანზე „პუკას“ 7:0 სძლია და ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის კარში ბურთი 57-ე წუთზე გადაგზავნა, რის მერე, მასპინძელთა უპირატესობა სამბურთიანი გახდა. ცხადაძის გარდა,  მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძეც სასტარტო შემადგენლობაში იყო. მიმდინარე სეზონში ცხადაძემ თავის ანგარიშზე მეორე გოლი ჩაიწერა. „ფლამურტარი“ 7 ქულით 10 გუნდში მეშვიდეა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-7 ტურში, ზაურ სვანაძის მიერ გაწვრთნილი ბაქოს „ინტერი“ შინაურ კედლებში აგდამის „ყარაბაღთან“ 0:2 დამარცხდა. ბაქოელთა სასტარტოში მეკარე გიორგი ლომაიამ, მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა და ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ითამაშეს. უკანახაზელი ლაშა კასრაძე 18-კაციან განაცხადში არ იყო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის მსაჯმა ლომაია გააძევა. ვინაიდან „ინტერს“ სამივე შეცვლა გაეკეთებინა, კარში კვეკვესკირი ჩადგა.

„ყარაბაღის“ ფეხბურთელებმა ჩათვალეს, რომ პენალტი არ იყო და მამედოვმა ბურთი კარს განგებ ააცილა. ორი წუთის მერე მსაჯმა წითელი ბარათი უკვე ხიზანიშვილს უჩვენა. azerisport.com-ის ინფორმაციით, ქართველმა რეფერის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა მეორე გოლი ამის მერე გაიტანეს. „ინტერი“ 13 ქულით 10 გუნდში მეოთხეა.

რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში, ყაზანის „რუბინმა“ გროზნოში ადგილობრივ „ტერეკთან“ 1:2 წააგო. ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ ყაზანელებში პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა. უკანახაზელი თედორე გრიგალაშვილი „ტერეკის“ 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ არ უასპარეზია. „რუბინი“ 7 ქულით 16 გუნდში მეცამეტეა, ხოლო „ტერეკი“ 16 ქულით მეშვიდეა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-10 ტურში, „ოლექსანდრიამ“ გასვლაზე „დნიპროსთან“ 0:2 წააგო. შემტევმა ნახევარმცველმა დავით თარგამაძე დამარცხებულებში 75-ე წუთიდან გაისარჯა. „ოლექსანდრია“ 9 ქულით 14 გუნდში მეთერთმეტეა.

ლვოვის „კარპატმა“ უჟგოროდში „ჰოვერლასთან“ სამი ქულა აიღო - 2:0. საყრდენი ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილი  მცირე ტრავმის გამო ლვოველთა სათადარიგოთა სკამზეც არ იჯდა. „კარპატი“ 13 ქულით მეშვიდეა.

ზაპოროჟიეს „მეტალურგმა“ შინ დონეცკის „ოლიმპიკთან“ 0:3 წააგო. უკრაინის მოქალაქე ვალერიან გვილიამ ზაპოროჟიელებში ორი ტაიმი ითამაშა და 78-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.  მეკარე ზაურ მახარაძემ, რომელსაც უკრაინული პასპორტი აქვს, დონეცკელთა კარი შეუცვლელად დაიცვა. „მეტალურგი“ 3 ქულით ბოლოა, ხოლო „ოლიმპიკი“ 7 ქულით მეთორმეტეა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-10 ტურში, „ფრაიბურგი“ „კარლსრუეს“ ეწვია და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1. საქართველოს მოქალაქე ნახევარმცველმა ლუკას ჰუფნაგელმა სტუმრებში 71-ე წუთიდან ითამაშა. ფრაიბურგელებს 21 ქულით 18 გუნდში მეორე ადგილი უკავიათ და ლიდერ „ბოხუმს“ გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩებიან.

ჩეხეთის სინოტ ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-9 ტურში, „სლავიამ“ შინ პრაღულ დერბიში „დუკლას“ ვერ სძლია -1:1. შემტევი ნახევარმცველი ლევან ყენია ტრავმირებულია და მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში ამიტომ არ იყო.

ფეხბურთი, პარასპორტი, ვიდეო, ევროპა,

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ