ყველა სპორტული სიახლე

ლიპარტიას გოლი, კობახიძის დაბრუნება, ოქრიაშვილის უთამაშებლობა

უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგაში ლუგანსკის „ზორიას“ შემტევმა ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ გოლი მიითვალა.

„ზორია“ ლუცკის „ვოლინს“ ესტუმრა და 3:0 გაიმარჯვა. ლიპარტიამ სასტარტოში დაიწყო და 61-ე წუთზე პენალტიდან მატჩის ბოლო გოლი გაიტანა. ის 68-ე წუთზე შეცვალეს. მიმდინარე სეზონში მან თავი მესამედ გამოიჩინა.

„ვოლინს“ ნახევარმცველი სანდრო კობახიძე დაუბრუნდა, რომელსაც ტრავმის გამო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში შოტლანდიასთან და ირლანდიასთან არ უთამაშია. მან ლუცკელთა შემადგენლობაში პირველი ტაიმი დაჰყო.

„ზორია“ 19 ქულით 14 გუნდში მეოთხეა, ხოლო „ვოლინს“ 17 ქულით მე-5 ადგილი უკავია.

კვიპროსის  პირველი დივიზიონის მე-10 ტურში, ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ სახლში „აია ნაპას“ ვერ მოუგო - 2:2.

ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ფამაგუსტელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა კიდევ ერთი ქართველი შუახაზელი ირაკლი მაისურაძე თამაშში 75-ე წუთიდან ჩაერთო. „ანორთოსისი“ 14 ქულით 14 გუნდში მეორეა და ლიდერ ლარნაკას აეკ-ს ორი ქულით ჩამორჩება.

ახნას „ეთნიკოსმა“ „ერმისი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 2:2. ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე 75-ე წუთზე შევიდა. ფორვარდი ბექა ტუღუში ახნელთა სათადარიგო შემადგენლობაში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „ეთნიკოსი“ 8 ქულით მეშვიდეა.

დანიის სუპერლიგის მე-11 ტურში, „ორჰუსმა“ გასვლაზე „მიდტიულანდთან“ 0:2 წააგო. თავდამსხმელი მათე ვაწაძე სტუმართა თადარიგში იყო და მოედანზე 62-ე წუთზე გავიდა. მეორე ქართველი ფორვარდი დავით სხირტლაძე 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. „ორჰუსი“ 13 ქულით 12 გუნდში მეცხრეა.

ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) 31-ე ტურში, „კუოპიონ პალასეურამ“ თავის მოედანზე „იაროს“ 2:0 აჯობა. თავდამსხმელი ირაკლი სირბილაძე გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და 85-ე წუთზე შეცვალეს. „კუოპიონ პალასეურა“ 38 ქულით 12 გუნდში მეშვიდეა.

კტპ-მ შინაურ კედლებში ჰიფკი 1:0 დაამარცხა, მაგრამ მცველი გიორგი ოსიტაშვილი მასპინძლების თადარიგში ყოფნით შემოიფარგლა. კტპ 31 ქულით მე-10 ადგილზეა.

საბერძნეთის სუპერლიგის მე-6 ტურში, „ვერია“ „კალონის“ ეწვია და 2:0 აჯობა. შემტევმა  ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა სტუმრებში 57-ე წუთიდან ითამაშა. 8 ქულით „ვერია“ 16 გუნდში მერვეა.

იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში, „ემპოლიმ“ „სასუოლო“ მიიღო და ლევან მჭედლიძის გარეშე 1:0 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის და ამიტომ, 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებდა. „ემპოლი“ 7 ქულით 20 გუნდში მეთექვსმეტეა.

ლეგა პრო B-ში (მესამე ლიგა) თავი „ტუტოჩუოიოს“ ფორვარდმა ირაკლი შეყილაძემ გამოიჩინა. მისმა გუნდმა შინაურ კედლებში „ტერამო“ 1:0 დაამარცხა. სასტარტოში მყოფმა ქართველმა შემტევმა მეტოქის კარი 62-ე წუთზე აიღო, ხოლო 66-ეზე შეცვალეს. „ტუტოჩუოიო“ 5 ქულით 18 გუნდში მეთორმეტეა.

ბელგიის იუპილერ ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-10 ტურში, „გენკმა“ შინ ლიეჟის „სტანდარდს“ 3:1 მოუგო. შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი გამარჯვებულთა 18-კაციან განახადში იმყოფებოდა, მაგრამ არ უთამაშია. გენკელთა მეორე ნახევარმცველი ლუკა ზარანდია ტრავმის მერე ინდივიდუალურად ვარჯიშობს. „გენკი“ 17 ქულით 16 გუნდში მეოთხეა.

მეორე დივიზიონში „ტუბიცემ“ “სენტ-ჟილი“ მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. თავდამსხმელი ლევან შენგელია მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს. „ტუბიცე“ 17 ქულით 17 გუნდში მეორეა.

თურქეთის სუპერლიგის მე-7 ტურში, რიზეში ადგილობრივმა „რიზესფორმა“ „ბურსასფორთან“ 2:3 წააგო. შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე რიზელთა სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ ისევ არ უთამაშია. ზაფხულში „რიზესფორში“ გადასვლის მერე მან თურქულ კლუბში ერთი მატჩი ჩაატარა. „რიზესფორი“ 10 ქულით 18 გუნდში მერვეა.

პირველი ლიგის მე-7 ტურში „ქარშიაქამ“ სახლში „ალანიასფორს“ ვერ მოუგო - 2:2. ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა მასპინძლებში 90 წუთი იასპარეზა. მან 76-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „ქარშიაქა“ 6 ქულით 18 გუნდში მეთოთხმეტეა.

ავსტრიის რეგიონალლიგის მე-11 ტურში, „კიცბუელმა“ შინ „სიკირჩენს“ ვერ მოუგო - 1:1. თავდამსხმელმა ლაშა ძიძიგურმა მასპინძლებში პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა. „კიცბუელი“ 5 ქულით 16 გუნდში ბოლოსწინაა.

 

 

ფეხბურთი, პარასპორტი, ვიდეო, ევროპა,

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ