ყველა სპორტული სიახლე

EXCLUSIVE აკაკი გოგია : "მინდა საქართველოს ნაკრებში ვითამაშო'' (VIDEO)

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ინგლისის ჩემპიონშიფის ''ბრენტფორდში'' ქართველი ნახევარმცველი, აკაკი გოგია გერმანიის რანგით მესამე დივიზიონიდან გადავიდა. გოგია საქართველოში 9 წლამდე ცხოვრობდა, შემდეგ კი მშობლებთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში წავიდა და ინგლისში გადასვლამდე სწორედ იქ ცხოვრობდა და თამაშობდა. 23 წლის გოგიას გერმანიის მოქალაქეობა აქვს, ამიტომ წლების მანძილზე მისი საქართველოს ასაკობრივ თუ ეროვნულ ნაკრებებში გამოძახება პრობლემა იყო. იგივე სიტუაციაა ახლაც, თუმცა თავად ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ ეს პრობლემა მოგვარდება და მას საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით თამაშის უფლება ექნება. აკაკი ლონდონში ცხოვრობს, რადგან მისი კლუბი ''ბრენტფორდი'' ბაზირებული სწორედ ინგლისის დედაქალაქშია. Mysports.Ge-ს ფოტორეპორტიორი თამუნა ყულუმბეგაშვილი გოგიას ლონდონში ესტუმრა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. გოგია ჩვენთან საუბარში დიდწილად საქართველოს ნაკრებში თამაშის პრესპექტივაზე საუბრობს...

საფეხბურთო კარიერა

საქართველოში, კერძოდ რუსთავში დავიბადე და ფეხბურთის თამაშიც იქ დავიწყე. პატარა რომ ვიყავი სულ ფეხბურთის თამაში მინდოდა. ფეხბურთი ყველაზე მაგარი სპორტის სახეობაა და ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. ''ბრენტფორდში'' მოხვედრამდე დიდი გზა გავიარე. 9 წლის რომ გავხდი საქართველოდან გერმანიაში წავედი, რადგან მამაჩემი იქ ცხოვრობდა და მუშაობდა. თამაში გერმანიაში გავაგრძელე და 4 სხვადასხვა კლუბში ვითამაშე. ''ვოლსბურგში'' შვიდწელიწადნახევარი ვითამაშე და პროფესიონალურ დონეზე დებიუტიც ამ კლუბში მქონდა. ''ვოლსბურგიდან'' ''აუგსბურგში'' წავედი, სადაც ერთი წელი გავატარე. ''აუგსბურგიდან'' კი ''სანქტ პაულში'' წავედი, იქედან კი ''ჰალშერში'' გადავედი, სადაც ორი წელი ვითამაშე. ახლა კი ''ბრენტფორდში'' ვარ, კლუბი რომელიც ინგლსიის ჩემპიონშიფში თამაშობს. მომწონს ეს კლუბი და ქალაქი ლონდონი, აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში თამაშის პრესპექტივა

საქართველოს ნაკრებში თამაში მინდა. გულით და სულით ვითამაშებ საქართველოს ნაკრებში. გერმანიაში გავიზარდე, მაგრამ საქართველო არასდროს დამვიწყებია. უბრალოდ პრობლემა პასპორტია. ორ კვირაში გერმანიის საკონსულოში შეხვედრა მაქვს, იმის გასაგებად, შემიძლია თუ არა ავიღო საქართველოს მოქალაქეობა და დავიტოვო გერმანულიც. თუ ეს შესაძლებელია საქართველოს პასპორტს ავიღებ და ეროვნულ ნაკრებში თამაშიც შემეძლება. საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან ან მენეჯერთან არ მისაუბრია. მე ყველა შემთხვევაში ვეცდები ავიღო საქართველოს პასპორტი, გამომიძახებენ თუ არა ნაკრებში ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. თუ მე ქართულ პასპორტს მივიღებ და გერმანიისას დავიტოვებ ძალიან გამეხარდება. უფრო მეტად გამაეხარდება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რომ მიმიწვიონ. გერმანიაში მხოლოდ დედაჩემი და მამაჩემი არიან, დანარჩენი ყველა ჩემი ოჯახის წევრი დღემდე საქართველოშია. საქართველოს ნაკრებში მთელი გულით და სულით ვითამაშებ, რითაც შემეძლება ნაკრებს იმით დავეხმარები. ძალიან ბედნიერი ვიქნები საქართველოსთვის რომ ვითამაშო.

DSC_4850-111

დაბრუნება სამშობლოში

საქართველოში ვისთან ერთადაც ვთამაშობდი მათთან კონტაქტი აღარ მაქვს, რადგან საქართველოში ბოლოს 2010 წელს ვიყავი. 5 წლის წინ ვიყავი იმ გუნდში, სადაც დავიწყე ფეხბურთის თამაში და ის მწვრთნელი ვნახე, ვისთანაც ვვარჯიშობდი. გამეხარდა მისი ნახვა და ისიც ძალიან გახარებული იყო. მაჩვენა ყველაფერი, თასები და მიღწევები, რომელიც ჩემი წამოსვლის შემდეგ მოიგეს. განსაკუთრებულად მენატრება ქართული კერძები, ხინკალი და ხაჭაპური. ყველამ იცის, რომ საქართველოში დავიბადე და გავიზარდე. ეს გერმანიაშიც ყველამ იცოდა. ინგლისში გადმოსვლის შემდეგაც ყველას ვუთხარი რომ საქართველოდან ვარ. თანაც ქართველი მორაგბეები მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ ინგლისში თამაშობდნენ. როცა გერმანიაში ვცხოვრობდი დედაჩემი მიკეთებდა ქართულ კერძებს, როცა ინგლისში ჩამოდის ხანდახან აქაც მიკეთებს. საქართველო ძალიან ლამაზია და ხშირად მენატრება. ბებია, ბაბუა, მეგობრები და ძმაკაცები ყველა იქ მყავს. მინდა მომავალ წელს საქართველოში ჩემს მეგობარ გოგონასთან ერთად ჩამოვიდე. მინდა ბებიას და ბაბუას ჩემი მეგობარი გოგონა გავაცნო, ფოტოებით მას იცნობენ, მაგრამ მინდა პირადად გაიცნონ ერთმანეთი.

საფეხბურთო კლუბი ''ბრენტფორდი''

''ბრენტფორდში'' გადმოსვლის შემდეგ 4-ჯერ ვითამაშე. შემდეგ კუნთის ტრავმა მივიღე და რამდენიმე მატჩი გამოვტოვე, რადგან ჩემს ტრავმას ფრთხილად ეკიდებოდნენ. ტრავმის მოშუშების შემდეგ ''ბირმინგემთან'' წაგებულ მატჩში 5 წუთი ვითამაშე. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რაც შეიძლება მეტი გოლი და საგოლე პასი გავაკეთო.

ზამთარში შესვენება არ გვავქს, ინგლისში პაუზა მხოლოდ ზაფხულშია. ახალი მწვრთნელი გვყავს, მანამდე ''ბრენტფორდის'' 21 წლამდე გუნდს ავარჯიშებდა და დააწინაურეს. ახალმა მწვრთნელმა ახალი ენერგია მოგვცა, თუმცა პირველი თამაში წავაგეთ. ორ და სამ დღეში მწვრთნელი ბევრს ვერაფერს შეცვლის, მას დრო სჭირდება.

გასულ სეზონში ''ბრენტფორდი'' პრემიერლიგის საგზურისთვის იბრძოდა და პლეი-ოფში დამარცხდა. ჩვენს კლუბს ამ სეზონშიც იგივე მიზნები აქვს, უბრალოდ ბევრი თამაში წავაგეთ და ამ ეტაპზე კარგ პოზიციაზე არ ვიმყოფებით. წინ გრძელი სეზონი გველის, რადგან 36 თამაში კიდევ უნდა ჩავატაროთ. მთავარია მოგებები დავიწოთ და სიტუაცია გამოვასწოროთ.

გერმანული და ინგლისური ფეხბურთი

გერმანიაში ფეხბურთი ტაქტიკურად უფრო გამართული და ორგანიზებულია. ინგლისში ძირითადი აქცენტი კი ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება. ბევრი გუნდია, რომელიც აქცენტს დიდ ფეხბურთელებზე აკეთებს. ამასთანავე ინგლისში ბევრი გუნდი გრძელი პასებით თამაშობს. ''ბრენტფორდი'' განსხვავებული სტილით თამაშობს. გვინდა ბურთი სულ დაბლა, ფეხში გვქონდეს და ვცდილობთ ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ. გერმანული ფეხბურთი დისციპლინარულად უფრო გამართული და ძლიერია

IMG_7091-1

გერმანელი მეგობრები

გერმანიის 18 და 19 წლამდე ნაკრებებში ტერ შტეგენთან ერთად ვთამაშობდი, რომელმაც გასულ სეზონში ''ბარსელონასთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ასევე გერმანიის ასაკობრივ ნაკრებებში ვთამაშობდი ''ლევერკუზენის'' ბაიერნის მეკარე, ლენოსთან ერთად. ერთხელ გიოტცეც იყო ჩვენი ნაკრების შეკრებაზე, თუმცა არ უთამაშია. მაშინდელი ნაკრების ფეხბურთელბიდან ყველასთან კარგი კონტაქტი მაქვს, მაგრამ განსაკუთრებით გამეხარდა შტეგენმა ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგო. ''ბარსელონა'' მომწონს, კარგი გუნდია და მიხარია რომ ტერ შტეგენი ამ გუნდის წევრია.

მიმართვა ქართველ გულშემატკივარს

ძალიან ძნელია მათთვის რაიმეს თქმა. ისევ სანაკრებო თემაზე ვიტყვი. გამეხარდება საქართველოს ნაკრებში რომ ვითამაშო, გუნდთან ერთად ვიყო და ჩემს გუნდსა და ქვეყანას თამაშების მოგებაში დავეხმარო. ეს დრო ჩემთვის ყველაზე ლამაზი და სასიამოვნო იქნება.

 

ფეხბურთი, , ვიდეო, ინტერვიუ, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ