ყველა სპორტული სიახლე

ოლიმპიური თამაშები და ვირუსი ზიკა

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (ისევე, როგორც სოკ-ის წევრმა სხვა ეოკ-ებმა) მიიღო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური წერილი, რომელსაც ხელს აწერენ სოკ-ის მედიცინისა და მეცნიერების კომისიის თავმჯდომარე უგურ ერდენერი და ამავე კომისიის დირექტორი რიჩარდ ბაჯეტი.

წერილში ნათქვამია, რომ „ამერიკის კონტინენტზე, ბრაზილიის ჩათვლით, გავრცელებული ზიკას ვირუსის გამო შექმნილ საფრთხესთან დაკავშირებით, რომლითაც უკვე 1,5 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ოფიციალური განცხადებით მიმართავს მსოფლიოს ოლიმპიურ კომიტეტებს და აუწყებს მათ, რომ სოკ-ი მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასა (WHO) და რიო-2016-ის საორგანიზაციო კომიტეტთან. სოკ-ი მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს ბრაზილიაში ვირუსის გავრცელების შესახებ არსებული მდგომარეობის შესასწავლად. თავის მხრივ, რიო-2016-ის საორგანიზაციო კომიტეტი მუდმივ კავშირშია ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მუნიციპალურ დეპარტამენტთან, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი ბრაზილიასა და რიოში არსებულ სიტუაციაზე.

თითოეულ შესაბამის მხარეს შემუშავებული აქვს სპეციალური გეგმა თამაშებამდე და თამაშების მსვლელობის პერიოდში, რათა ყოველდღე მოხდეს წყლის შემოწმება და კოღოების გავრცელების საწინააღმდეგო პროცედურების ჩატარება თამაშების არენებზე. რიო-2016-ის საორგანიზაციო კომიტეტი ყველა გზას მიმართავს ვირუსის გავრცელების საპრევენციო სამუშაოებისა და მასზე მკაცრი კონტროლის დასამყარებლად.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რიოში ოლიმპიური თამაშები ჩატარდება ზამთრის პერიოდში, ცივი კლიმატი კი მნიშვნელოვნად შეამცირებს კოღოების გავრცელების არეალს და, ამდენად, ინფექციის რისკსაც."

რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) გამოაცხადა, რომ ვირუსი ზიკა წარმოადგენს გლობალური მასშტაბის პრობლემას და მასთან საბრძოლველად ჩამოაყალიბა საგანგებო შენაერთი. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მარგარეტ ჩენის თქმით „ უაღრესად დამაფიქრებელია თანხვედრა კოღოების გავრცელების მასშტაბსა და სამხრეთ ამერიკაში მიკროცეფალიის შემთხვევების ზრდას შორის. ამიტომაც, ექსპერტები საჭიროდ თვლიან ამ მიმართულებით კვლევების ჩატარების მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის კოორდინაციას."

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ამ განცხადების მიუხედავად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი აქვს, რომ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეთა ჯანმთელობას საფრთხე არ დაემუქრება: „ჩვენ მივესალმებით WHO-ს გადაწყვეტილებას ახალ ვირუსთან ბრძოლის გაძლიერების თაობაზე. ჩვენ მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ დაინტერესებულ მხარეებს და რაც შეიძლება მეტი რესურსი ჩავრთოთ ამ პრობლემის მოგვარებაში." როგორც თომას ბახმა აღნიშნა, სოკ-ს მჭიდრო კონტაქტი აქვს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, ბრაზილიაში ჩასვლას კი ყველასთვის ნებადართულია.

თავის მხრივ, ბრაზილიის მთავრობა საგანგებო ზომებს მიმართავს ვირუსთან საბრძოლველად. ჯანმრთველობის დაცვის მინისტრის მარსელო კასტროს ცნობით, ამ საქმეში ჩართულია 200 ათასამდე ბრაზილიელი ჯარისკაცი, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალურ სითხეს ასხურებენ კოღოების გავრცელების შესაძლო კერებს.

ექსპერტთა ნაწილი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგაშო განცხადებას გადაჭარბებულად მიიჩნევს, თუმცა ყველანი თანხმდებიან, რომ ვირუს ზიკას ადამიანის ჯანრთელობისთვის, განსაკუთრებით კი ფეხმძიმე ქალებისთვის, სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია.

Zika

www.geonoc.org.ge

კალათბურთი, ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ